დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.06.2026
საქმის ნომერი
ას-303-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-303-2026

30 ივნისი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „შ.ც.ე–ნი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „გ–ა“ (მოპასუხე)

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „შ.ც.ე–ნის“ წარმომადგენელმა მოპასუხე სს „გ–ას“ მიმართ და მოითხოვა: 1.1. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება, რომელთა საკადასტრო კოდებია: ........... და .........6; 1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 112 058.40 ლარი; 1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2024 წლის 1-ლი ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

- სარჩელის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 3 იანვარს, დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გადაეცა კომერციული ფართი ს/კ ........ და ს/კ .......... საიჯარო ფართის ყოველთვიური თანხა განისაზღვრა 3 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. იჯარის ვადა - 2023 წლის 25 დეკემბრამდე. 2023 წლის 4 დეკემბერს, მოპასუხეს ეცნობა, რომ 2023 წლის 25 დეკემბრიდან ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრებოდა 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. 2023 წლის 4 დეკემბრის წერილზე მოპასუხის მიერ რეაგირების არარსებობის პირობებში, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ წინადადება მოპასუხისთვის მისაღები იყო და მოსარჩელემ დამატებით მიმართა მოპასუხეს ახალი იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. 2024 წლის 15 იანვარს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს, რომლითაც ირკვევა, რომ მოპასუხე არ დაეთანხმა საიჯარო ქირის გაზრდის პირობას, არ ათავისუფლებს საიჯარო ფართს და აგრძელებს სარგებლობას, ხოლო თანხას იხდის ვადაგასული ხელშეკრულების პირობით. 2023 წლის 25 დეკემბრიდან მოპასუხეს არ გადაუხდია 04.12.2023 წერილით განსაზღვრული საიჯარო ქირა, ჯამში 112 058.40 ლარი.

2. მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო. მოპასუხის აფთიაქი ფუნქციონირებს 2007 წლიდან და იჯარის საგანი განთავსებულია ორი პირის საკუთრებაში არსებულ ფართობზე. მიუხედავად იმისა, რომ იჯარის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია საკადასტრო კოდი, იჯარის საგნის ფართობი, შეუძლებელია იმის გარკვევა, აფთიაქის რომელი ნაწილი ეკუთვნის მოსარჩელეს და რომელი - მესამე პირს. მოსარჩელეს დღემდე არ უცნობებია მოპასუხისთვის აფთიაქის რომელი ნაწილია მიის საკუთრება. როდესაც აშკარა გახდა, რომ მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევდნენ, მოპასუხემ გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა იჯარის საგანი, რომლის თაობაზე წერილი მისწერა მოსარჩელეს და მოითხოვა უძრავი ნივთის იდენტიფიცირება. ინფორმაცია მოსარჩელეს არ წარუდგენია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „შ.ც.ე–ნის“ სარჩელი მოპასუხე სს „გ–ას“ წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, რომელთა საკადასტრო კოდებია: .......... და .......... მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ყოველთვიურად დაეკისრა 3 500 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელე მხარემ მიუთითა მესაკუთრის მხრიდან შეთავაზებულ გაზრდილ საიჯარო ქირაზე და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოთხოვნილი თანხების გათვალისწინებით. ხოლო მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოითხოვა შპს „შ.ც.ე–ნის’’ სარჩელის სრულად უარყოფა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით, შპს „შ.ც.ე–ნისა“ და სს „გ–ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

6. პალატამ სადავო საკითხის შეფასებისას, ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ:

6.1. შპს „შ.ც.ე–სა“ და სს ,,გ–ას’’ შორის, 2019 წლის 3 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც სს ,,გ–ას’’ გადაეცა N.......... და N......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული კომერციული ფართი. საიჯარო ფართის ყოველთვიური თანხა განისაზღვრა 3 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო 2023 წლის 25 დეკემბრამდე ვადით;

6.2. 2023 წლის 4 დეკემბერს მოპასუხე სს ,,გ–ას’’ ეცნობა, რომ 2023 წლის 25 დეკემბრიდან ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრებოდა 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით;

6.3. აღნიშნულის პასუხად, 2024 წლის 15 იანვარს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და განუმარტა, რომ არ დაეთანხმა საიჯარო ქირის გაზრდის პირობას.

6.4. მოპასუხე სს ,,გ–ა’’ არ ათავისუფლებს საიჯარო ფართს და დღემდე აგრძელებს ფართით სარგებლობას, ხოლო თანხას იხდის ვადაგასული ხელშეკრულების პირობით.

7. პალატამ, უპირველესად იმსჯელა მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის წინაპირობებზე, მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებზე, შეაფასა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებები, მათ შორის სადავო უძრავი ნივთების შპს „შ.ც.ე–ნისადმი’’ კუთვნილება, იჯარის ხელშეკრულების 2023 წლის 25 დეკემბრამდე ვადით დადება, მხარეთა შეუთანხმებლობა გაზრდილ საიჯარო ქირასთან მიმართებით, მოპასუხის მხრიდან ფართის მფლობელობის გაგრძელება და გამართლებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა სს ,,გ–ას’’ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინდიკაციური სარჩელის წარმატებისათვის დადგენილი სამი წინაპირობა, განსახილველ შემთხვევაში, რეალიზებულია, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, იმის თაობაზე, რომ ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის არ მოითხოვება სასამართლოში დავის განხილვის ეტაპზე ფართის მდებარეობის ზუსტად დადგენა და მიიჩნია, რომ შპს „შ.ც.ე–ნის’’ სარჩელი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან მიმართებით, მართებულად დაკმაყოფილდა და აღნიშნულ ნაწილში არ ვლინდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა.

8. პალატის განსჯით, სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მართებულად არ დააკმაყოფილა მოპასუხისთვის 112 058.40 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე, 327.1-ე, 581.1-ე და განმარტა, ვინაიდან საიჯარო ქირის გაზრდასთან მიმართებით არ არსებობდა მხარეთა ორმხრივი შეთანხმება, მოთხოვნა გაზრდილი საიჯარო ქირიდან გამომდინარე, თანხის დაკისრებასთან მიმართებით, იყო უსაფუძვლოა.

9. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

10. პალატის მითითებით, მოსარჩელე მხარე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს გარკვეული შემოსავლის მიღების მიზნით იყენებს და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხემ არ გაათავისუფლა სადავო ფართი, რითაც ზიანი ადგება მოსარჩელეს, რადგან ფართის გათავისუფლების შემთხვევაში, მას მიეცემოდა შესაძლებლობა, ხელახლა შესულიყო სხვადასხვა სუბიექტთან სამართლებრივ ურთიერთობაში და მიეღო შემოსავალი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობა და განმარტა, რომ უძრავი ნივთის შემოსავლის გამომუშავების პოტენციალი, ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულებით შემოიფარგლება, საწინააღმდეგო ფაქტები საქმეში წარმოდგენილი არაა, რომლის თანახმადაც გაზრდილი ღირებულების მიღების შესაძლებლობა დადგინდებოდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა უძრავი ქონების ფასების ცვალებადობაზე და გონივრულობის და მხარეთა დაბალანსებული ინტერესების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს ყოველთვიურად 3 500 აშშ დოლარის ანაზღაურება.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

12. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12.1. კასატორის განმარტებით, შპს „შ.ც.ე–ნს“ უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაზრდილი საიჯარო ქირის ნაწილში, სააპელაციო სასამართლო, ისევე როგორც საქალაქო სასამართლო, ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის შემდგომ უძრავი ქონების ფასების ცვალებადობაზე და დიდი ალბათობით ასკვნის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 3500 აშშ დოლარის ანაზღაურება. სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლს, მიუთითებს, რომ მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით დადგენილი რისკის ფარგლებში, ამასთან უთითებს, რომ გაზრდილ საიჯარო ქირაზე შეთანხმება მხარეთა შორის არ მომხდარა და ვარაუდსა თუ ალბათობაზე დაყრდნობით თავად ადგენს უძრავი ქონების საიჯარო ღირებულებას. მოპასუხისთვის ზუსტად იყო ცნობილი ყოველთვიურად რა თანხის მიღების მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს მისგან და შესაბამისად, ფართის უკანონო სარგებლობის გაგრძელებით ზუსტად იცოდა, რა ოდენობის ზიანს აყენებდა მას.

12.2. კასატორის პრეტენზია შეეხება იმას, თუ რატომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს პოზიცია უძრავი ნივთის შემოსავლის გამომუშავების პოტენციალის თაობაზე, ვარაუდზე დაყრდნობით, როცა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ დაეცალა საიჯარო ფართი ან გაეგრძელებინა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობით. ფართის უკანონო მფლობელობის გაგრძელებით კი, მან დაზოგა თანხები მოსარჩელის ხარჯზე, რამაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია, რომლის ოდენობაც უნდა შეფასდეს არათუ სასამართლოს ვარაუდით, არამედ მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ საიჯარო თანხასა და რეალურად განხორციელებულ გადახდებს შორის სხვაობით, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

12.3. კასატორი უთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს რომ საიჯარო ხელშეკრულება (რომლითაც განსაზღვრული იყო საიჯარო ქირის ოდენობა) შეწყვეტილია ვადის გასვლით, რის შემდგომაც მოპასუხეს მიეცა შეთავაზება, იჯარის ხელშეკრულების დადებაზე ახალი პირობებით, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა, თუმცა უკანონოდ გააგრძელა ფართით სარგებლობა, მაშინ როცა ხელშეკრულებითვე იყო განსაზღვრული მოიჯარის ვალდებულება „საიჯარო ფართის“ დაცლის თაობაზე. ამ პირობებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოიჯარის მიერ გაზრდილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება ექცევა ზიანის ანაზღაურების ფარგლებში. დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ფართის გამოთავისუფლებამდე ნივთის სარგებლობისთვის გაზრდილი საიჯარო ქირის გადახდის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 991-ე მუხლიდან (პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა რაც გათვალისწინებულია ამ თავში მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ შესრულებულია ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა და სახეზე არ არის მოთხოვნის გამომრიცხველი ან შემწყვეტი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და არამართებულად განსაზღვრა მოპასუხის ფინანსური ვალდებულებები.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით, შპს „შ.ც.ე–ნის“ საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის გაზრდილი საიჯარო ქირის დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

20. მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდაა (სსკ-ის 581-ე მუხლი) (სუსგ №ას-294-294-2018, 08.05.2018წ; №ას-1153-2023, 20.12.2023წ; №ას-1229-2022, 23.12.2022წ.).

21. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

22. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საიჯარო ქირა იჯარის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. მისი ოდენობა დგინდება მხარეთა შეთანხმებით (ჭეჭელაშვილი ზ., საქართველოს ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი", მუხ. 581, ველი 26, https://gccc.tsu.ge).

23. მხარეთა შორის 2019 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ეს პირობა მხარეებმა შეათანხმეს (იხ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტი, ტ.1, ს.ფ.22-27). ამავე ხელშეკრულების 11.4. პუნქტის თანახმად, ნებისმიერ ცვლილებას ან დამატებას ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შედგენილია წერილობით და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) მასზე, რომ მხარეები არ შეთანხმებულან საიჯარო ქირის გაზრდაზე, საქმეში არ არის წარმოდგენილი 2019 წლის 3 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეთა შორის ხელმოწერილი შეთანხმება, ანუ არ არსებობს საიჯარო ქირის გაზრდასთან მიმართებით მხარეთა ორმხრივი შეთანხმება. რის გამოც, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა გაზრდილი საიჯარო ქირიდან გამომდინარე თანხის დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

24. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მიუღებელ შემოსავალის ოდენობასთან დაკავშირებითაც.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღსადგენია ის ვითარება, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (იხ: სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016წ.; №ას-1843-2018, 05.03.2019წ.; №ას-32-2021, 23.04.2021წ).

26. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აზუსტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, ითვალისწინებს მხოლოდ იმ რისკის აღებას, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. იმავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ.: სუსგ №ას-630-593-2012, 11.06.2012წ.; №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.; №ას-344-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი).

27. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: ,,სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ.: სუსგ №ას-945-895-2015, 14. 03. 2016წ.; №ას-307-291-2011, 24.10.2011წ.; №ას-899-845-2012, 22.11.2012წ.).

28. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. დავის შემთხვევაში კი, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებებზე, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება, შეეძლო თუ არა მოვალეს გონივრულობის ფარგლებში მისი გათვალისწინება და არის თუ არა ზიანის ოდენობა რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამის ადეკვატური.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე - მათი დამტკიცების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). განსახილველ შემთხვევაშიც, ზიანის მიყენების ფაქტისა და განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს.

30. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მას იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება, რომელიც შექმნის ობიექტურ, რეალურ სურათს მითითებული ოდნოებით შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახები და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა რელევანტური მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო მოთხოვნის ამ ნაწილშიც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ გონივრულობისა და მხარეთა დაბალანსებული ინტერესების გათვალისწინებით, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ყოველთვიურად 3 500 აშშ დოლარის ანაზღაურება.

31. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „შ.ც.ე–ნი“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „შ.ც.ე–ნს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადასახადო დავალება N1772113567, წარდგენის თარიღი - 26/02/2026, ბანკში საგადახდო დავალების მიღების/შესრულების თარიღი - 27/02/2026;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე