დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.06.2026
საქმის ნომერი
ას-1477-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1477-2025

30 ივნისი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს.კ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.კ–ნმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ქ–ოს“ მიმართ და მოითხოვა: 1.1 ბათილად იქნეს ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს ,,ქ–ოს’’ 2024 წლის 15 თებერვლის N15.02.2024/1 ბრძანება და ს.კ–ნი აღდგენილ იქნეს შპს "ქ–ოს" ბუღალტერის პოზიციაზე. 1.2. შპს ,,ქ–ოს’’ მოსარჩელე ს.კ–ნის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 15 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური განაცდურის - 2 000 ლარი (დაუბეგრავი). 1.3. შპს ,,ქ–ოს’’ მოსარჩელე ს.კ–ნის სასარგებლოდ დაეკისროს 12 000 ლარის კომპენსაციის გადახდა.

- სარჩელის თანახმად, 2022 წლის 23 აგვისტოს შპს ,,ქ–სა’’ და მოსარჩელეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის 23 ნოემბრამდე. მოსარჩელე დაინიშნა ბუღალტრის პოზიციაზე. 2022 წლის 23 ნოემბერს მას გაუგრძელდა შრომითი ურთიერთობა 2023 წლის 31 დეკემბრამდე ,,ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებით", თუმცა, ვინაიდან მოსარჩელეს შესთავაზეს სხვა კომპანიაში უკეთესი პირობები, მიღებულ იქნა შპს ,,ქ–ოში’’ ბუღალტერის პოზიციაზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მეტი ანაზღაურებით. 2023 წლის 31 ივლისს შრომითი ურთიერთობა შეწყდა შპს ,,ქ–სა’’ და მოსარჩელეს შორის და დასაქმებულმა დადო 5-თვიანი შრომითი ხელშეკრულება შპს ,,ქ–ის’’ პარტნიორ ბიზნესსუბიექტ შპს ,,ქ–ოსთან’’. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ორივე კომპანია წარმოადგენს ერთი პირის ორ ბიზნესორგანიზაციას, კერძოდ, შპს ,,ქ–ის’’ 100%-იანი წილის მფლობელია შპს ,,ლ.ს.ა. გ–ი’’, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელია საქ–ოს მოქალაქე ჯ.ჩ–ძე, რომელიც არის შპს ,,ქ–ოს’’ დირექტორი, ხოლო შპს "ქ–ოს" 100%-იანი წილის მფლობელია შპს ,,ქ–ი’’. შპს ,,ქ–ო’’ მისი მმართველი პირებით ყოველთვის აღიარებდა, რომ ფაქტობრივად 2023 წლის 1-ელი აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება იყო უვადოდ დადებული და 5-თვიანი ვადა ფორმალურად იყო მითითებული. 2024 წლის იანვარში, 5-თვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ს.კ–ნს ჩაერიცხა იანვრის ანაზღაურებაც, თუმცა შემდგომ, შპს ,,ქ–ომ’’ აირჩია მუქარის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გზა და დასაქმებულ პირს, ს.კ–ნს, გაუგზავნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება და გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. ვინაიდან ს.კ–ნმა მიიჩნია, რომ იყო უვადოდ დასაქმებული, მან 2023 წლის 19 სექტემბერს გააფორმა სესხის ხელშეკრულება, სს ,,თ.ბ–თან’’ საერთო გადასახდელი ვალდებულებით 28 910.99 ლარი, დღეის მდგომარეობით, მას ხელშეკრულების ფაქტობრივი შეწყვეტით ადგება ზიანი და ითხოვს 12 000 ლარს კომპენსაციას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას 2024 წლის 15 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური განაცდურის - 2 000 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ს.კ–ნი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან თავისივე მოთხოვნის შესაბამისად. მოპასუხის განმარტებით, საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მითითება, რომ შპს „ქ–ი“ და შპს „ქ–ო“ ერთი და იგივე კომპანიაა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარესთან 5 თვის ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს უვადოდ დადებულად. მოსარჩელე მხარეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უნდა განეხორციელებინა არადისტანციური ფორმით, რაც მისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ დამატებით ერთ თვეზე, რომ მოსარჩელე დაეხმარებოდა ერთი თვის განმავლობაში, სანამ ახალ თანამშრომელს აიყვანდნენ. 2024 წლის იანვრაში მოსარჩელემ თვითნებურად მიუთითა დანიშნულებაში „ხელფასი“, თუმცა რეალურად მომსახურების საფასური მიიღო. გარდა ამისა, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, დამსაქმებლის ადგილმდებარეობაზე, რამაც მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გართულება გამოიწვია, ვინაიდან თავიდანვე იცოდა სამუშაოს ადგილმდებარეობა და რისკი მუშაობასთან დაკავშირებით თავად უნდა განესაზღვრა. მხარეებს შორის გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა კონკრეტული გარემოებით, ვინაიდან იმ ეტაპზე სჭირდებოდა დამატებითი თანამშრომელი დროებითი, რაც განემარტა ს.კ–ნსაც. მოპასუხე მხარეს ჰყავდა სხვა ბუღალტერი. კომპანია ნებისმიერ დროს მზად იყო მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით. მიუხედავად მოპასუხის მხრიდან შეთავაზებისა, რომ გადაადგილებაში დაეხმარებოდა, მოსარჩელემ თანამშრომლებს განუცხადა, რომ აღარ სურდა კომპანიაში მუშაობა, თუმცა განახორციელა სახელფასო ანაზღაურება, მომსახურების საფასურის ანაზღაურების ნაცვლად, მაშინ, როდესაც თავად შესთავაზა ერთი თვით დახმარება სხვა თანამშრომლის პოვნამდე. მოგვიანებით, 2024 წლის 15 აგვისტოდან მხარეებს შორის აღდგა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, 2024 წლის 09 სექტემბრისა და 2024 წლის 02 ოქტომბრის ბრძანებებით დაედო დისციპლინური სახდელი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, ს.კ–ნის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ქ–ოს" მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ქ–ოს" მოსარჩელე ს.კ–ნის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა ორი თვის შრომის ანაზღაურების - 4 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, ს.კ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ს.კ–ნი მუშაობდა შპს „ქ–ში“ ბუღალტერის პოზიციაზე და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას 2022 წლის 23 აგვისტოდან 2022 წლის 23 ნოემბრამდე. 2022 წლის 22 ნოემბრის შეთანხმებით, მოსარჩელესა და შპს „ქ–ს“ შორის არსებული შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2023 წლის 31 ივლისის შეთანხმებით შპს „ქ–სა“ და ს.კ–ნს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან. 2023 წლის 1-ელ აგვისტოს შპს „ქ–ოსა“ და ს.კ–ნს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დაინიშნა ბუღალტერის პოზიციაზე განსაზღვრული ვადით და ხელშეკრულება მოქმედებდა 2023 წლის 01 აგვისტოდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სამუშაო დრო განისაზღვრა კვირის განმავლობაში 40 სამუშაო საათის ხანგრძლივობით, კვირაში 5 სამუშაო დღე (3 სამუშაო დღე ოფისში, 2 - დისტანციურად), დღის განმავლობაში 8 საათიანი სამუშაო საათის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა დამსაქმებლის ვალდებულება, თვის განმავლობაში დასაქმებულისთვის 40 ლიტრის ავტომობილის საწვავით უზრუნველყოფა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

6.2. ს.კ–ნმა მოპასუხე მხარეს განუცხადა პრეტენზიები, სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით (ოფისში, კვირაში 5 სამუშაო დღის განმავლობაში მუშაობა). წერილში მითითებულია, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა მისი გაშვება სამსახურიდან არაობიექტური მიზეზით და მოითხოვა 6 თვის სახელფასო ანაზღაურება.

6.3. 2024 წლის 15 თებერვლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის თაობაზე და განემარტა, სურვილის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის აღდგენა სტანდარტული, ახალი პირობებით. მოსარჩელემ უარი განაცხადა ახალ შეთავაზებაზე, ვინაიდან დისტანციურად სამუშაოს შესრულების შეზღუდვამ გამოიწვია ხელშეკრულების პირობების არსებითი გაუარესება.

6.4. 2024 წლის 27 ივლისის ბრძანებით მოსარჩელესთან გაფორმდა ახალი ხელშეკრულება ბუღალტერის პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე და ვადა განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან, 1 წლის ვადით. შრომითი ხელშეკრულება შინაგანაწესსა და თანამდებობრივი მოვალეობების აღწერასთან ერთად მოსარჩელე მხარეს გაეგზავნა მეილზე (ხელშეკრულება მოსარჩელე მხარის მიერ ხელმოწერილი არ არის). 2024 წლის 09 სექტემბრისა და 2024 წლის 02 ოქტომბრის ბრძანებით ს.კ–ნს დაედო დისციპლინური სახდელი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო.

6.5. ამჟამად მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა აღარ არსებობს.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.

8. სააპალაციო სასამართლომ მიუთითა საქ–ოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულება დაიდოს განსაზღვრული ვადით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავდა კანონით გათვალისწინებულ არცერთ დანაწესს და არც მოპასუხეს ჰქონდა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება კონკრეტული ვადითა და საფუძვლით არ იყო დადებული.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა უშუალოდ მოსარჩელის მიერ, რადგან თავად განაცხადა უარი შეცვლილი პირობების გამო მუშაობის გაგრძელებაზე. ამ კუთხით პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის არსებულ წერილობით მტკიცებულებებზე, სადაც თავად მოსარჩელე მხარე აცხადებდა უარს შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე, ვინაიდან დამსაქმებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (3 სამუშაო დღე ოფისში, 2 - დისტანციურად) შეცვლა (ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ოფისში მუშაობის პირობა). პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული პირობების შეცვლა წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლას, რაც საჭიროებდა დასაქმებულის თანხმობას და პასუხობდა საქ–ოს შრომის კოდექსის 20-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. მოსარჩელემ კი თავად განაცხადა უარი აღნიშნულ პირობებზე და შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, არ არსებობდა შპს ,,ქ–ოს’’ 2024 წლის 15 თებერვლის N15.02.2024/1 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

10. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქ–ოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, ამავე კოდექსის 58-ე მუხლზე, საქ–ოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნები, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, გამომდინარეობდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობიდან და ვინაიდან ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, არ არსებობდა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ს.კ–ნმა წარადგინა საკასაციო საჩივარი.

12. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12.1. კასატორის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს საკუთარი ნებით სამსახური არ დაუტოვებია, მას უქმნიდნენ არახელსაყრელ სამუშაო გარემოს, ხოლო 2024 წლის იანვრის ბოლოს საერთოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ცალსახაა, რომ ს.კ–ნის შრომითი გარემო გაუარესდა და ამასთანავე, მიღებული იქნა გადაწვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ შრომით კანონმდებლობას. უზენაესმა სასამართლომ, არაერთხელ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის ერთმხრივი ცვლილება ქმნის სამართლებრივ შედეგებს დამსაქმებლისათვის, ხოლო დასაქმებულის უარი ასეთ ცვლილებაზე არ შეიძლება შეფასდეს როგორც ნებაყოფლობით გათავისუფლება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მოცემული განმარტება და არსებითი პირობის შეცვლაზე, მიუხედავად დასაქმებულის უარისა, არასწორად დააკავლიფიცირეს, შრომით ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატივა მოსარჩელის მხრიდან. მიღებული განჩინება პირდაპირ ეწინააღმდეგება ,,ფარული გათავისუფლების’’ დოქტრინის შესახებ უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, თუ დამსაქმებელი ქმნის ისეთ სამუშაო პირობებს, რომლებიც ობიექტურად აიძულებს დასაქმებულს, უარი თქვას სამუშაოს გაგრძელებაზე, ურთიერთობა უნდა შეფასდეს, როგორც დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტილად. ს.კ–ნს ჯერ შეუქმნეს მძიმე სამუშაო პირობები, არასასურველი გარემო, ხოლო როდესაც გამოხატა თავისი აზრი, გაათავისუფლეს სამსახურიდან.

13. საქ–ოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით, ს.კ–ნის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულია დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლომ, საქ–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქ–ოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქ–ოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქ–ოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება და საქ–ოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული თანმდევი შედეგები.

20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გათვალისწინებით, სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის, თუ რომელი მხარის ინიციატივით შეწყდა შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელის მითითებით, მას თავისი ნებით სამსახური არ დაუტოვებია, უქმნიდნენ არახელსაყრელ სამუშაო გარემოს, მოპასუხემ შეუცვალა არსებითი პირობები (სამუშაო გრაფიკი და ტრანსპორტირების საკითხი სამსახურამდე), ხოლო 2024 წლის იანვრის ბოლოს საერთოდ გაათავისუფლა სამსახურიდან. მოპასუხის განმარტებით კი, ურთიერთობა შეწყდა ს.კ–ნის ინიციატივით და მიუხედავად მოპასუხის მხრიდან შეთავაზებისა, რომ გადაადგილებაში დაეხმარებოდა, მოსარჩელემ თანამშრომლებს კომპანიაში მუშაობის დასრულების შესახებ განუცხადა.

21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისათვის, საკასაციო პალატის ძირითადი შეფასების საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი ს.კ–ნის მხრიდან, სამუშაოს დატოვების შესახებ ნების გამოვლენას, რამეთუ კასატორის მითითებით, მოსარჩელეს საკუთარი ნებით სამსახური არ დაუტოვებია. მისი ინიციატივით არ შეწყვეტილა შრომითი ურთიერთობა შპს ,,ქ–ოსთან’’, რაც ქვემდგომი ინსტანციის სამართლოებმა არ გაიზიარეს.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქ–ოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

23. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქ–ოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).

24. საქ–ოს უზენაესმა სასამართლომ, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო უპირველესად ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

25. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია „საქ–ოს შრომის კოდექსის“ 47-48 მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქ–ოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის

თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა. სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, კი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

27. სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენა განიმარტება ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ამ ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში, გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ N ას-1220-1480-09, 25.05.2010წ.). ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება, მაგრამ, თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა, ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

28. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-425-425-2018, 18.02.2021.წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ.). ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. კერესელიძე დ. კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251- 256; სუსგ №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ნების მიმღების პოზიციიდან.

29. საქ–ოს შრომის კოდექსის მე-14.1 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ; ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის; ე) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა; ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი; ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი; ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი; კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.

30. საქ–ოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად: 1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისთვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს; 2. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით. 4. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა შემდეგი გარემოების შეცვლა: ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისასვლელად და დასაბრუნებლად საჭიროა დღეში არაუმეტეს 3 საათისა, ამასთანავე, ეს არ მოითხოვს არაპროპორციულ ხარჯებს; ბ) სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის შეცვლა არაუმეტეს 90 წუთით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორივე გარემოების ერთდროულად შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.

31. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა ბუღალტრის პოზიციაზე, განისაზღვრა სამუშაო დრო კვირის განმავლობაში 40 სამუშაო საათის ხანგრძლივობით, კვირაში 5 სამუშაო დღე (3 სამუშაო დღე ოფისში, 2 დღე - დისტანციურად) დღის განმავლობაში 8-საათიანი სამუშაო საათის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა დამსაქმებლის ვალდებულება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, თვის განმავლობაში დასაქმებულისთვის 40 ლიტრის ავტომობილის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ, შრომის ანაზღაურება განისაზღვრა - 2 000 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

32. მოპასუხის მხრიდან, კვალიფიციური შედავების და შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (რა დროსაც მოსარჩელეს ხუთი სამუშაო დღიდან ორი სამუშაო დღე უნდა ემუშავა დისტანციურად) შეცვლა წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების პირობების არსებითად შეცვლას და საჭიროებდა დასაქმებულის თანხმობას (საქ–ოს შრომის კოდექსის 20-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილები).

33. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის, შეცვლილი პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, განხორციელებულ 2024 წლის 19 იანვრის მიმოწერაზე, სადაც მოსარჩელე ს.კ–ნი აღნიშნავს, რომ აგვისტოში დადებული ხელშეკრულების პირობების გაუარესების გამო, მას აღარ უღირს მუშაობის გაგრძელება და გადაწყვიტა, წავიდეს სამსახურიდან, ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას, დახმარება გაუწიოს მოპასუხეს, ახალი კადრის მიღებამდე.

34. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა უშუალოდ მოსარჩელის მიერ და ყურადღებას მიაქცევს საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ახსნა-განმარტებებს და განმარტავს, რომ შესაძლოა, სამსახურიდან წასვლის ინტერესი კასატორს რეალურად არ გააჩნდა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნება, მის მიერ ფორმალურად იქნა გამოხატული, შეფარულად კი, დამსაქმებლის მიერ იყო ინიცირებული ზემოქმედების (არახელსაყრელი სამუშაო პირობების შექმნა, მუქარა, დაშინება) იმგვარი ხარისხით, რაც თავისუფალ ნებაზე დაუშვებელ ზემოქმედებად შეფასდება. ამდენად, კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

35. საქ–ოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.

36. ნორმის თანახმად, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, ასევე მოპასუხისთვის კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ არსებობს არც მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

37. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქ–ოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. საქ–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქ–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.კ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ს.კ–ნს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის 70% - 280 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადასახადო დავალება #8979, გადახდის თარიღი - 23/12/2025;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე