დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-260-2024 18 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ვ....“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ბ.ვ–ვის უფლებამონაცვლე რ.ვ–ო, გ.მ–ი, ვ.გ–ია, თ.ჟ–ია, ი.კ–ძის უფლებამონაცვლე ს.კ–ძე, მ.ჟ–ია, მ.გ–ის უფლებამონაცვლე ქ.ქ–ია, ქ.ფ–ძე, მ.ჩ–ია, ნ.ქ–ძე (მოპასუხეები)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სს „ვ....“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ბ.ვ–ვის უფლებამონაცვლე რ.ვ–ოს, გ.მ–ის, ვ.გ–იას, თ.ჟ–იას, ი.კ–ძის უფლებამონაცვლე ს.კ–ძის, მ.ჟ–იას, მ.გ–ის უფლებამონაცვლე ქ.ქ–იას, ქ.ფ–ძის, მ.ჩ–იასა და ნ.ქ–ძის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 07 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 1326,00 კვ.მ. (თანასაკუთრება), მდებარე თბილისი, ......... ქუჩა №18-№20, ირიცხება მ.ჟ–იას - №20-ში საერთო ფართი 70,40 კვ.მ. სარდაფი 10 კვ.მ. და ავტოფარეხი 18 კვ.მ; გ.მ–ის - №20-ში საერთო ფართი 100,00 კვ.მ; მოსარჩელე კომპანიის - შენობა-ნაგებობებიდან 1141,5 კვ.მ; მ.გ–ის - №20-ში II სართულზე 105/343 ნაწილი და 52/343 ნაწილი; ი.კ–ძის - №20-ში საერთო ფართი 27,2 კვ.მ; თ.ჟ–იას - 12/343 ნაწილი; ვ.გ–იას (და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრენი) - №20-ში საერთო ფართი 70,40 კვ.მ; ქ.ფ–ძის, მ.ჩ–ას - №1ა 107,5 კვ.მ; ბ.ვ–ვის - №20-ში საერთო ფართი 43,5 კვ.მ. თანასაკუთრებაში (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-18));
2.2. 2019 წლის 11 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 1326,00 კვ.მ. (თანასაკუთრება), მდებარე თბილისი, ........ ქუჩა №18-№20, ირიცხება მ.ჟ–იას - №20-ში საერთო ფართი 70,40 კვ.მ. სარდაფი 10 კვ.მ. და ავტოფარეხი 18 კვ.მ; გ.მ–ის - №20-ში საერთო ფართი 100,00 კვ.მ. სარდაფი 5,00 კვ.მ; მოსარჩელე კომპანიის - შენობა-ნაგებობებიდან 1141,5 კვ.მ; მ.გ–ის - №20-ში შენობა-ნაგებობა 1, სართული II, ბინა №5, ფართი 185,35 კვ.მ და შენობა-ნაგებობა 1, სართული II, ბინა №4, ფართი 83,97 კვ.მ; ს.კ–ძის - №20-ში საერთო ფართი 27,2 კვ.მ; თ.ჟ–იას - 12/343 ნაწილი; ვ.გ–ია (და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრენი) - №20ში საერთო ფართი 70,40 კვ.მ; ქ.ფ–ძის, მ.ჩ–ას - №1ა 107,5 კვ.მ; რ.ვ–ოს - №20-ში საერთო ფართი 43,5 კვ.მ; ნ.ქ–ძის - I სართული (№20-ში) საერთო ფართი 119,31 კვ.მ, სარდაფი 9,00 კვ.მ, სარდაფი 5,72 კვ.მ. თანასაკუთრებაში. ბ.ვ–ვის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს რ.ვ–ო (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 442-445). განჩინება უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ (ს.ფ. 447-448)).
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მოდავე მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, მოსარჩელეს და მოპასუხეებს გააჩნიათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, კონკრეტული კვადრატულობის მითითებით.
4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, თანასაკუთრებაში არსებული 1326,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობების ნატურით გამოყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება შეუძლებელია.
5. პალატამ ყურადღება მიაქცია მოპასუხეების განმარტებას, რომ საერთო საკუთრებაში არის მხოლოდ მიწის ნაკვეთი, რაც შეეხება მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობას/საცხოვრებელ ფართს მოპასუხეთა უმრავლესობას დარეგისტრირებული აქვთ ინდივიდუალურ საკუთრებად. ამდენად, ვინაიდან მითითებულ საკადასტრო კოდზე მდებარე შენობა არ წარმოადგენს საზიარო უფლების საგანს, მოსარჩელის მიერ მითითებული სამოქალაქო კოდექსის ნორმები მოცემული დავის გადაწყვეტისათვის ვერ იქნება გამოყენებული.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სსკ-ის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება (იხ. სუსგ საქმე №ას-1080-1000-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი).
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უფლებები რომ ჩაითვალოს საზიაროდ, აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1) სამოქალაქო უფლება; 2) რამდენიმე პირი; 3) ამ სუბიექტებს უნდა ეკუთვნოდეთ ეს უფლება; 4) კანონი არ უნდა უშვებდეს მოცემული ურთიერთობის დარეგულირების სხვა წესის გამოყენების შესაძლებლობას (იხ. ბიჭია მ., კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები, მე-2 გამოცემა, თბ., 2018, 58.). თუ მოწილეები არ შეთანხმებულან საზიარო საგნის მართვასა და სარგებლობაზე, თითოეულ მოწილეს აქვს უფლება, სამართლიანი შეხედულების ფარგლებში მოითხოვოს ყველა მოწილის ინტერესის შესაბამისი მართვა-სარგებლობა. ამასთან, ამ სარგებლობამაც არ უნდა გამოიწვიოს სარგებლობის წილზე ცალკეული მოწილის უფლების შემცირება; მოწილის წილის შემცირება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში (სსკ-ის 957-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები). მაშასადამე, თანამესაკუთრეები საზიარო ნივთით სარგებლობენ თანაბრად, თუ მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს. კანონი არ იცნობს მესაკუთრის საკუთრებაში შემავალი ნივთით სარგებლობის შეზღუდვას სათანადო დასაბუთების გარეშე.
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია, რომ ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ხოლო შენობის ნაწილები მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებულია, მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს.
9. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ითხოვდა მისთვის, ინდივიდუალურ საკუთრებაში ფართის (შესასვლელი №18) გამოყოფას მიწის ნაკვეთიდან, რომელზედაც ვრცელდება მხარეების თანასაკუთრების უფლება, ხოლო გამოყოფის შედეგად დარჩენილ ფართზე (შესასვლელი №20) მოპასუხეთა თანასაკუთრების რეჟიმის შენარჩუნებას.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ 31/07/2017 წლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004412517 დასკვნაზე, რომლის თანახმად, „ქალაქ თბილისში ........ ქუჩა №18-20-ში ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1326 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების გამიჯვნა №18-ად და №20-ად ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე შესაძლებელია ისე, როგორც ეს ინვენტარიზაციის გეგმებზეა აღნიშნული (იხ. დანართი №10). ასეთი გაყოფის შემთხვევაში №18-ს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №10-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 853 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული №2/1 №4/1 და №5/1 შენობა-ნაგებობებით. ხოლო №20-ს შესაძლებელია გამოეყოს დანართ №10-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 473 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული №1/1 და №3/1 შენობა-ნაგებობებით. ასეთი გაყოფის შემთხვევაში თანამესაკუთრეებს შესაბამისად გამოეყოფათ №18-სა და №20-ში მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართები“.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცალკე შესასვლელებისა და ქუჩის განსხვავებული ნომრების (.........№18-№20) არსებობა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (რაც რეგისტრირებულია ერთი საკადასტრო კოდით), არ ცვლის თანასაკუთრების რეჟიმის ხასიათს. ამასთან, ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია ფაქტობრივად დაკავებული ფართობი თითოეული მესაკუთრის მიერ, რაც შესაბამისობაში არ არის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულ ფართებთან [მაგალითად, მოსარჩელე კომპანიის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართია 1337,93 კვ.მ. და დამატებითი ფართები, თუმცა, მისსავე საკუთრებაში ირიცხება მხოლოდ 1141,5 კვ.მ.]. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევითი ნაწილით გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური დანიშნულება და ერთგვაროვნება შეფასებული არ არის.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში არ არსებობდა ის ობიექტური გარემოება, რომელიც მოსარჩელეს მისცემდა უფლებას, ესარგებლა და გამოეყო საერთო საკუთრებაში არსებული ქონება (მიწის ნაკვეთი (ეზო), საერთო მოხმარების კიბე) არა, როგორც თანამესაკუთრეს, არამედ ინდივიდუალურად, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის, ვინაიდან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი თანასაკუთრებაში არსებული საერთო ქონების, რაც მოიცავს მიწის ნაკვეთს, ამავე ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლს, მასთან დაკავშირებულ მომსახურე საინჟინრო ქსელებს, მოწყობილობა- დანადგარებს, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში, სარგებლობა-საკუთრებაში გადაცემის განსხვავებულ წესებს ადგენს.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი კიბის უჯრედებისა და კიბეების სარგებლობაში გადაცემა. დასახელებული ნორმები ადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების არსებითი სახეცვლილების, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი კიბის უჯრედებისა და კიბეების სარგებლობაში გადაცემის შესახებაც კი გადაწყვეტილება ამხანაგობამ მიიღოს მისი ყველა წევრის თანხმობით.
14. ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნით, მართალია, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მოდავე მხარეებს გააჩნიათ საზიარო უფლება, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მიწაზე აშენებულია შენობა-ნაგებობა, რომელშიც ფართები მოპასუხეებს ინდივიდუალურ საკუთრებად აქვთ დარეგისტრირებული და წლებია გამიჯნულად ფლობენ ინდივიდუალურად, შენობის ეზო და საერთო მოხმარების საგნები, როგორიცაა კიბე, შესასვლელი, ვერ მოექცევა საზიარო უფლების გაუქმების/გაყოფის რეჟიმში და მასზე ვერ გაუქმდება მოდავე მხარეების საერთო საკუთრება, რამეთუ მათზე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვრცელდება სარგებლობისა და განკარგვის განსხვავებული წესები.
15. პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან მოსარჩელე საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გამოყოფის გზით მოითხოვდა, სწორედ მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ფაქტი, რომ საზიარო საგნის დაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, შესაძლებელი იყო, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ დადასტურდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, მოპასუხემ მხარემ კი, თავის მხრივ, უზრუნველყო სათანადო შედავება და იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ საზიარო ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია. შესაბამისად, არ არსებობდა საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების საფუძველი.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
17. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. მოსარჩელე კომპანიის კუთვნილ ფართში განთავსებულია პოლიკლინიკა, რომელიც მდებარეობს ......... ქუჩის №18-ში და აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. მოპასუხეები ცხოვრობენ ........ ქუჩის №20-ში, სადაც ასევე არსებობს დამოუკიდებელი შესასვლელი. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას. კერძოდ, როგორც წარმოდგენილი მასალით ირკვევა, №18-ზე არის ცალკე საინვენტარიზაციო გეგმა და №20-ზე - ცალკე, რაც ნიშნავს, რომ №18-ში განთავსებული უძრავი ქონება და №20-ში განთავსებული უძრავი ქონება არის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში რჩება №20-ში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლება, არ არის საზიარო უფლების გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან №18 და №20 ფაქტობრივადაც გამიჯნულები არიან ერთმანეთისაგან. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, შესაძლებელია №18 და №20 ისე გაიყოს, რომ არცერთი გაყოფილი ნაწილი არ დაკარგავს თავის ფუნქციურ ღირებულებას;
17.2. თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გამიჯვნის შესაძლებლობას, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ შეეწინააღმდეგება მას;
17.3. სასამართლომ არ გაიზიარა და არც იმსჯელა არქიტექტურის (დაგეგმარების) სამსახურის თანხმობის წერილზე, რომ .........№18 და №20-ის გამიჯვნა შესაძლებელია.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებაზე უარის თქმის კანონიერება.
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც მასსა და მოპასუხეებს შორის საზიარო უფლების გაუქმებას შეეხება, წარუმატებელია, ვინაიდან საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწაზე აშენებულ შენობა-ნაგებობაში ფართები მოპასუხეებს ინდივიდუალურ საკუთრებად აქვთ დარეგისტრირებული და წლებია გამიჯნულად ფლობენ ინდივიდუალურად.
24. დადგენილია, რომ 2019 წლის 11 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 1326,00 კვ.მ. (თანასაკუთრება), მდებარე თბილისი, .........ქუჩა №18-№20, ირიცხება მ.ჟ–იას - №20-ში საერთო ფართი 70,40 კვ.მ. სარდაფი 10 კვ.მ. და ავტოფარეხი 18 კვ.მ; გ.მ–ის - №20-ში საერთო ფართი 100,00 კვ.მ. სარდაფი 5,00 კვ.მ; მოსარჩელე კომპანიის - შენობა-ნაგებობებიდან 1141,5 კვ.მ; მ.გ–ის - №20-ში შენობა-ნაგებობა 1, სართული II, ბინა №5, ფართი 185,35 კვ.მ და შენობა-ნაგებობა 1, სართული II, ბინა №4, ფართი 83,97 კვ.მ; ს.კ–ძის - №20-ში საერთო ფართი 27,2 კვ.მ; თ.ჟ–იას - 12/343 ნაწილი; ვ.გ–ია (და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრენი) - №20ში საერთო ფართი 70,40 კვ.მ; ქ.ფ–ძის, მ.ჩ–ას - №1ა 107,5 კვ.მ; რ.ვ–ოს - №20-ში საერთო ფართი 43,5 კვ.მ; ნ.ქ–ძის - I სართული (№20-ში) საერთო ფართი 119,31 კვ.მ, სარდაფი 9,00 კვ.მ, სარდაფი 5,72 კვ.მ. თანასაკუთრებაში. ბ.ვ–ვის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს რ.ვ–ო (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება და მასზე სსკ-ის 953-968-ე მუხლები ვერ გავრცელდება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შენობის ეზო და საერთო მოხმარების საგნები ვერ მოექცევა საზიარო უფლების გაუქმების/გაყოფის რეჟიმში და მასზე ვერ გაუქმდება მოდავე მხარეების საერთო საკუთრება, რამეთუ მათზე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვრცელდება სარგებლობისა და განკარგვის განსხვავებული წესები [აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი: მრავალბინიანი სახლი არის სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან). 11.1 მუხლი: ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. 5.1 მუხლი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. 10.1 მუხლი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 6.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი შემდეგი ობიექტების სარგებლობაში გადაცემა: კიბის უჯრედები და კიბეები].
26. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ, ვინაიდან საზიარო უფლების საგანს წარმოადგენს მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ხოლო შენობის ნაწილები მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებულია, მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე [სსსკ-ის 408-ე მუხლი]. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ვ....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ვ....“-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორს სს „ვ....“-ს (ს/კ: ............) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 15 მარტს №1710492074 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე