დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
22 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას- 605-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ.ხ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ნ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თ.ხ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ს.წ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორეე მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამთხოვის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ თბილისში, .......... მდებარე #22 ბინა, ს/კ-ით #............ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება) მისი საკუთრებაა, რომელსაც მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
2.1. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებს ჩაბარდათ 2025 წლის 16 ივნისს.
2.2. მოპასუხეებს შესაგებელი უნდა წარედგინათ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოუმართავთ სასამართლოსთვის.
2.3. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსათვის, არსებობდა მათ წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
2.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 170-ე-172-ე მუხლების საფუძვლებიდან, სარჩელში მითითებული გარემოებები კი, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
3. მოპასუხეებმა საჩივარი წარადგინეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
3.1. საჩივრის ავტორის/მიპასუხეების მითითებით, შესაგებელი ბავშვის ჯანმრთელობის გამო ვერ წარადგინეს. თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, მეორე მოპასუხის საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კი, მეორე მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 მარტის განჩინებით, 1-ლი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე დარჩა განუხილველი; მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ; საქმისწარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა ასევე უარყოფილ იქნა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, კერძო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების შეჩერების მოთხოვნით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
11. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გასაჩივრებული განჩინებით, 1-ლი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებების სამართლებრივად შეფასება უნდა განხორციელდეს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის შეუტყობინებლად. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს. სასამართლოს ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება. ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საჩივრის მიღება სასამართლოს არ მიაჩნია დასაშვებად, მას გამოაქვს ამის შესახებ განჩინება, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
13. სსსკ-ის 240.3 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.
14. კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ მოსამართლეს საჩივარი არ მიაჩნია დასაშვებად იმის დამო, რომ გაშვებულია გასაჩივრების ვადა ან საჩივარი არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა.... სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს საკითხი საჩივრის მიღების შესახებ.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის მიღების განჩინებით სასამართლომ განსახილველად მიიღო მხოლოდ სეგო წ–ვას საჩივარი და 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებაც ამავე მოპასუხის საჩივრის განხილვის შედეგადაა მიღებული. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა თ.ხ–ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონშესაბამისია ვინაიდან ამ მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება პირადად ჩაბარდა 2025 წლის 08 ივლისს ხოლო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ თ.ხ–ძის სახელით 2025 წლის 08 ოქტომბერს, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ათ დღიანი (სსსკ-ის 237-ე მუხლი) ვადის დარღვევით წარედგინა და გამოკვეთილია სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე საჩივრის დაუშვებლად ცნობის კანონისმიერი წინაპირობები.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ასევე წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოუყენებლობის მართებულობა.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩერს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.
17. საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.
18. დადგენილია, რომ ნ.წ–ვამ სარჩელი აღძრა მოცემულ დავაში მოსარჩელის წინააღმდეგ სადავო ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საკუთრებაში აღრიცხვა მოთხოვნით.
19. ასევე დადგენილია, რომ ნ.წ–ვა მიმდინარე სამართალწარმოებაში არ მონაწილეობს და მისი სარჩელის გამო საქმისწარმოების შეჩერება დაუშვებელია.
20. გასათვალისწინებელია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას ეს უკანასკნელი აღიდგენს და არა მოპასუხე. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილება, დამოუკიდებლად მოპასუხის მფლობელობის საფუძველი ვერ გახდება.
21. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობის საგანი სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა იყო, ამ საკითხთან კი, ნ.წ–ვას სარჩელი დაკავშირებული არ არის, მით უფრო იმ მოცემულობაში, როცა პირველ მოპასუხეს გასაჩივრების უფლებამოსილებაც არ გააჩნია (იხ. განჩინების 12 მუნქტი).
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივრებს ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ხ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია