დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-307-2026 25 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ვ.რ.გ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 დეკემბრის განჩინებით ნ.ა–ძისა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) და შპს „ვ.რ.გ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის 2024 წლის 18 ნოემბრის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; მოპასუხე კომპანიას შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო დაეკისრა კომპენსაცია 4250 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2125 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით 2024 წლის 19 ნოემბრიდან არაუმეტეს 2026 წლის 12 თებერვლისა (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი); მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების 62.5 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2024 წლის 12 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დასაქმდა მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 18 თვე, აქედან პირველი 6 თვე წარმოადგენდა გამოსაცდელ ვადას. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იქნა 2125 ლარით (დასაბეგრი ოდენობა);
2.2. 2024 წლის 12 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულების 6.2.1. ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებულმა აიღო ვალდებულება პირადად, კეთილსინდისიერად, ცოდნისა და გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევების საუკეთესო გამოვლინებით, შეესრულებინა დასაქმებულის თანამდებობისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, მათ შორის, დასაქმებულის ზემდგომი პირების სამუშაოსთან დაკავშირებული მითითებები და დავალებები; ასევე დროულად, სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა ყველა ისეთი ვალდებულება, რაც დამკვიდრებული პრაქტიკით, შესატყვისია ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანამდებობასთან, მიუხედავად იმისა, ასეთი ვალდებულება ზუსტად და კონკრეტულად მითითებული იყო თუ არა ხელშეკრულებაში, მის დანართებში ან/და შრომის შინაგანაწესში. ამავე ხელშეკრულების 6.2.2. ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებულმა აიღო ვალდებულება გაფრთხილებოდა დამსაქმებლისა და დამსაქმებელთან დასაქმებული სხვა პირების ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებს, შესაძლებლობის ფარგლებში, მიეღო ყველა ზომა, რათა დამსაქმებლისა და დამსაქმებელთან დასაქმებული სხვა პირების ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები დაცული ყოფილიყო ნებისმიერი ხელყოფისაგან; დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინა დამსაქმებლისათვის ისეთი გარემოებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეექმნა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, დამსაქმებელთან დასაქმებული სხვა პირების ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესებისათვის. 6.2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულს ეკისრება ვალდებულება აუნაზღაუროს 6.2.2. პუნქტში ხსენებულ პირებს ნებისმიერი სახის ზიანი/ზარალი. 10.3. ქვეპუნქტის მიხედვით კი, დისციპლინური პასუხისმგებლობის არამატერიალური ზომებია: გაფრთხილება, საყვედური, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური პასუხისმგებლობის მატერიალური ზომებია: ფულადი ჯარიმა, რომელსაც დამსაქმებელი აკავებს/ქვითავს დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან;
2.3. მოპასუხე კომპანიის 2024 წლის 20 სექტემბრის ბრძანების თანახმად, სავაჭრო ობიექტში (მდებარე ..........) 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო თვეში, ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ნაშთების გამოვლენის მიზნით, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, საოპერაციო მენეჯერის ლაშა სტურუას მიერ. ინვენტარიზაციის შედეგები შედარდა საწარმოს ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივ ნაშთებთან და გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. დანაკლისის ოდენობა განისაზღვრა წინამდებარე ბრძანების №1 დანართით; ობიექტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრა დანართი №2-ით. დანართი №1-ის თანახმად, დანაკლისი განსაზღვრული იქნა 49,57 ლარით, ხოლო დანართი №2-ით, მაღაზია ............ N16-ში გამოვლენილი დანაკლისის გამო, დასაქმებულისათვის/ მენეჯერისთვის განისაზღვრა ფულადი ჯარიმა შრომითი ხელშეკრულების 10.3 პუნქტის შესაბამისად. დამსაქმებლის შესაბამის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი თანხის დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვა;
2.4. სოციალური პლატფორმის „Whatsapp“-ის მიმოწერის თანახმად, დასაქმებული არ იყო 2024 წლის 18 ნოემბერს შეხვედრაზე მიწვეული მენეჯერების სიაში, თუმცა მან ნ.ს–ას მისწერა, რომ მაინც აპირებდა შეხვედრაზე მისვლას. აღნიშნულის პასუხად დასაქმებულს განემარტა, რომ მას შეეძლო მისულიყო სამშაბათს, თუ დიდი ხნის თანამშრომლების პასუხი არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი. ასევე არ შეიქმნებოდა ქაოსი, რადგან ისედაც არ იყო ადგილი ოფისში. ამავე მიმოწერის თანახმად, დასაქმებულმა მოითხოვა საბუთი, თუ რის საფუძველზე ჩამოაჭრეს თანხა მისი თანხმობის გარეშე. დამსაქმებლის პასუხის თანახმად, გაამზადებდნენ და სამშაბათს გადასცემდნენ, ასევე აცნობეს, რომ დასაქმებულის ფილიალში სხვა რაღაცეებიც ირკვეოდა. აღნიშნულის საპასუხოდ დასაქმებულმა მიუთითა: „სანამ ჩამომაჭრიდით უკვე გამზადებული უნდა გქონოდათ, თქვენ თუ ვის ეგ არ ვიცი“;
2.5. 2024 წლის 18 ნოემბერს დასაქმებულებმა საჩივარი დაწერეს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის სახელზე. 2024 წლის 19 ნოემბერს, 10:54 საათზე დასაქმებულმა სსიპ შრომის ინსპექციის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა ხსენებული კოლექტიური საჩივარი;
2.6. მოპასუხე კომპანიის 2024 წლის 18 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბრიდან. საფუძველი: 1. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები ჯეროვნად, მაღალპროფესიონალურ დონეზე და დათქმულ ვადებში. 2024 წლის 18 ნოემბერს დასაქმებული არ გამოცხადდა სამსახურში; დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. წინამდებარე ბრძანება დასაქმებულს გადაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე 2024 წლის 19 ნოემბერს, 15:01 საათზე;
2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის 15 თებერვლის სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2024 წლის 19 ნოემბერს განხორციელდა მოპასუხე კომპანიის ინსპექტირება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რა დროსაც დადგინდა, რომ დარღვეული იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში - „სშკ“) 44-ე მუხლი. დარღვევის გამოსასწორებლად კომპანიას მიეცა გაფრთხილება და განესაზღვრა 30-დღიანი ვადა. დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია;
2.8. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აკრძალვის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა 2024 წლის 19 დეკემბერს განახორციელდა მოპასუხე კომპანიის ინსპექტირება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რა დროსაც დადგინდა, რომ დარღვეული იქნა სშკ-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი. მოპასუხეს დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 30 დღის ვადა, ამასთან, სახდელის სახით გამოყენებული იქნა ჯარიმა - 2400 ლარის ოდენობით. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის მითითების თანახმად, დადგენილ იქნა დასაქმებულის მიმართ პირდაპირი დისკრიმინაცია სამართლებრივი საშუალების გამოყენების ნიშნით (ვიქტიმიზაცია), კერძოდ, შრომის ინსპექციისადმი მიმართვის გამო საჩივრის ავტორის მიმართ განსხვავებული მოპყრობა. სამართალდარღვევის ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სშკ-ის 4.7 მუხლით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა არა გამოსაცდელ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არამედ დისკრიმინაციული მოტივი.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით და საქმის მასალებით დგინდება, რომ კომპანიამ მაღაზიის ფილიალების მენეჯერებს ფიქსირებული ხელფასებიდან დაუქვითა თანხები, რომელიც დამსაქმებლის ბრძანებების შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური დანაკლისის შესაბამის თანხებს წარმოადგენდა. აღნიშნულმა გამოიწვია თანამშრომელთა უკმაყოფილება და დაინიშნა შეხვედრა 2024 წლის 18 ნოემბრისთვის 5 მენეჯერთან, რომლებიც დამსაქმებლის განმარტებით ყველაზე გამოცდილი თანამშრომლები იყვნენ. დასაქმებული არ იყო მიწვეული შეხვედრაზე, თუმცა მან მენეჯერებისთვის განკუთვნილ ჯგუფში დააფიქსირა პოზიცია, რომ აპირებდა შეხვედრაზე გამოცხადებას. შეხვედრაზე შეთანხმება დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ვერ შედგა. ასევე, შეხვედრის დასრულების შემდგომ, მაღაზიის მენეჯერებმა განცხადებებით მიმართეს დამსაქმებელს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. განცხადება არ დაუწერია დასაქმებულს. ხსენებულ შეხვედრაზე დასაქმებულებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ შრომის ინსპექციისადმი მიმართვას. აღნიშნული ასევე ასახულია შრომის ინსპექციის 2025 წლის 19 თებერვლის მითითებაში, სადაც აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის წარმომადგენელი შეხვდა კომპანიის დირექტორის მიერ გამოყოფილ HR მენეჯერს, რომელმაც განაცხადა, რომ დასაქმებული თვითნებურად ესწრებოდა 2024 წლის 18 ნოემბრის თათბირს, ამასთან, მის მიერ გამოხატული პოზიცია შეფასებული იქნა მწვავედ, რადგან გააჟღერა მუქარა, რომ სამართლებრივად გააგრძელებდა დავას, მათ შორის, საჩივარს წარადგენდა შრომის ინსპექციაში. კომპანიის განმარტებით, იგი სხვა თანამშრომლებსაც მოუწოდებდა ერთად წასულიყვნენ საჩივრის დასაწერად. 2024 წლის 19 ნოემბერს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, დილით იქნა გადაგზავნილი 2024 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული კოლექტიური საჩივარი სსიპ შრომის ინსპექციის ელექტრონულ ფოსტაზე.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციის შეფასებისას უნდა დადგინდეს შემდეგი ელემენტების ერთობლიობა: მოხდა თუ არა დასაქმებულის შრომით უფლებაში ჩარევა უფლების დაცვის საშუალებით სარგებლობისას; დაექვემდებარა თუ არა იგი განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ პირებთან მიმართებით; ჰქონდა თუ არა განსხვავებულ მოპყრობას ობიექტური საფუძველი და იყო თუ არა იგი დასახული მიზნის თანაზომიერი. სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის 2025 წლის 19 თებერვლის მითითების თანახმად, 2024 წლის 18 ნოემბრის შეხვედრას სხვა მაღაზიის ფილიალების მენეჯერებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დასაქმებულის მსგავსად არ იმყოფებოდნენ სამსახურში, თუმცა დამსაქმებელს მათ წინააღმდეგ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები არ გამოუყენებია, მხოლოდ დასაქმებული დაექვემდებარა სამსახურიდან გათავისუფლებას.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2024 წლის 18 ნოემბრის საღამოს კვლავ დაიგეგმა შეხვედრა თბილისის 5 ფილიალის მენეჯერთან. ხუთივე მიწვეული მენეჯერი ამავდროულად, დასაქმებულთან ერთად შრომის ინსპექციაში წარდგენილი საჩივრის ავტორს წარმოადგენდა. კომპანიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საოპერაციო დირექტორი, რეგიონული მენეჯერი და HR მენეჯერი. დამსაქმებელმა შრომის ინსპექციას დაუდასტურა, რომ შეხვედრის მიზანს მათთან მოლაპარაკება წარმოადგენდა, ვინაიდან ხუთივე მენეჯერი კომპანიაში გახსნის დღიდან მუშაობდა. დამსაქმებელს არ სურდა მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. შეხვედრის მიმდინარეობისას კომპანიისთვის დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ შრომის ინსპექციაში შეტანილი იყო კოლექტიური საჩივარი და საჩივრის ავტორთა ვინაობაც, რაზეც დამსაქმებლის წარმომადგენლებს მწვავე რეაქცია ჰქონდათ. საბოლოოდ, საკითხის მოსაგვარებლად, შრომის ინსპექციიდან საჩივრის გამოხმობის სანაცვლოდ, მენეჯერებს დაქვითული თანხების ჩარიცხვის პირობა მისცეს, რასაც ისინი დათანხმდნენ და საჩივარი გაიხმეს. პალატის დასკვნით, აღნიშნული გარემოება ადასტურებდა, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნება სწორედ იმ დღეს გამოხატა, როცა მისთვის დადასტურებულად გახდა ცნობილი მოსარჩელის მიერ საჩივრის შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულით დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი უფლებაში ჩარევას და დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშანს შორის.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა და მოვლენათა განვითარების ჯაჭვმა შექმნა პრეზუმფცია, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან, დამსაქმებელმა კი ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაარწმუნა სასამართლო, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა ან განსხვავებულ მოპყრობას გააჩნდა ობიექტური საფუძველი და შეეცადა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება სშკ-ის მე-17 მუხლზე მითითებით გაემართლებინა.
8. რაც შეეხება გამოსაცდელ ვადაში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას, პალატა დაეთანხა მოპასუხის მსჯელობას, რომ სშკ-ის მე-17 მუხლზე არ ვრცელდება ამავე კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, თუმცა გამოსაცდელ ვადაში პირის სამსახურიდან გათავისუფლება ყველა შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს დისკრიმინაციულ მოპყრობას. შესაბამისად, არ ათავისუფლებს დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ვინაიდან გამოსაცდელ ვადაში პირის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლოა მიზნად ისახავდეს დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვისა და რეალური მიზნის გადაფარვის მცდელობას, რაც, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ იყოს მიმართული. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსაცდელ ვადაზე მითითებით, დამსაქმებელი შეეცადა დაეფარა მოსარჩელის გათავისუფლების დისკრიმინაციული საფუძველი. პალატის დასკვნით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა დისკრიმინაციის საფუძველზე, ამიტომ, მისი შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 4250 ლარის ოდენობით, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2125 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით 2024 წლის 19 ნოემბრიდან არაუმეტეს 2026 წლის 12 თებერვლისა (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი). პალატის შეფასებით, დათხოვნილი პირის ასაკის, დასაქმების პერსპექტივის, სოციალური მდგომარეობის, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის, ანაზღაურების ოდენობის გათვალისწინებით დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა გონივრული იყო და არ არსებობდა მისი ოდენობის გაზრდის საფუძველი. დასაქმებულს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, რაც ასევე კანონიერი იყო. შესაბამისად, არ არსებობდა გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
10. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, 62.5 ლარის (დასაბეგრი), ხელზე მისაღები 49 ლარის ოდენობით, პალატამ მიუთითა, რომ დასაქმებულს ზემოაღნიშნული თანხა დაექვითა მოპასუხე კომპანიის 2024 წლის 20 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, ხოლო, ვინაიდან დასაქმებულს ბრძანება არ გაუსაჩივრებია, არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების და აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე კომპანიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
11.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნება სწორედ იმ დღეს გამოხატა, როცა მისთვის დადასტურებულად გახდა ცნობილი მოსარჩელის მიერ საჩივრის შეტანის თაობაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან გათავისუფლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, კერძოდ, მენეჯერმა უყურადღებოდ დატოვა აქტიური სავაჭრო ობიექტი, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დასაქმებულს არც დაუტოვებია შემცვლელი ობიექტის მართვისთვის და არ მიუმართავს აღნიშნულზე ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის;
11.2. მოსარჩელე მალევე დასაქმდა ტოლფას სამუშაო ადგილზე სხვა კომპანიაში, რითაც ის დისბალანსი, რის კომპენსირებასაც ისახავს კომპენსაცია მიზნად, არ დამდგარა. საქალაქო სასამართლოს მისი შემოსავლის არსებობა არ გამოუკვლევია და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას არ გაუთვალისწინებია. სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა კომპენსაციის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნული დავის ფარგლებში, კერძოდ, დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ.; ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას. არც პირველ და არც მეორე ინსტანციის სასამართლოებს არ დაუსაბუთებიათ კომპენსაციის ოდენობის მიზანშეწონილობა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, არ განხილულა არცერთი კრიტერიუმი დამოუკიდებლად ფაქტობრივ გარემოებებთან სუბსუმციის გზით;
11.3. სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა იძულებითი განაცდურის ოდენობის მართებულობაც ისე, რომ არ უმსჯელია და არ დაუსაბუთებია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის არაკლასიკური შემთხვევა, კერძოდ ის, რომ ხელშეკრულების ვადა დამოკიდებული იყო პირველი ეტაპის, გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლაზე. აღნიშნული მიდგომითა და ლოგიკით, ნებისმიერი ავტომატურად გაგრძელებადი ხელშეკრულება შეიძლება ჩაითვალოს უვადო ხელშეკრულებად, თუ ამგვარი ჩანაწერი არსებობს ხელშეკრულებაში. სააპელაციო სასამართლომ არასამართლიანად დააკისრა კასატორს განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება, იგი ხელშეკრულების საერთო ვადას [18 თვეს] დაუკავშირა და ყურადღება არ მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების პირველი 6 თვე წარმოადგენდა გამოსაცდელ ვადას, ხოლო მისი წარმატებით დასრულებისა და ერთი წლის ვადით ხელშეკრულების დადების პრეზუმირება სასამართლოს მხრიდან მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო დასაბუთებისას იძულებით განაცდურს, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ანგარიშობს 2024 წლის 19 ნოემბრიდან არაუმეტეს 2026 წლის 12 თებერვლის პერიოდით, რასაც აკვალიფიცირებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდად, აღნიშნული კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ტექსტის სიტყვასიტყვით განმარტებას;
11.4. აუცილებელია გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების კონტექსტის გააზრება იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება საცალო-სავაჭრო ობიექტის მენეჯერულ პოზიციას. გამოსაცდელი ვადა ემსახურება დასაქმებულის უნარ-ჩვევების შეფასებასა და სამუშაო გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ამ პერიოდის განმავლობაში დამსაქმებელს მეტი თავისუფლება აქვს შეაფასოს, კონკრეტული დასაქმებულის კვალიფიკაცია და სხვა უნარ-ჩვევები შესაბამისი არის თუ არა აღნიშნული პოზიციისთვის და რამდენად შეძლებს დასაქმებული მენეჯერისთვის განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად და პროფესიონალურ დონეზე შესრულებას;
11.5. 2024 წლის 18 ნოემბერს, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, ჩაინიშნა და გაიმართა შეხვედრა კომპანიის დასაქმებულთა (მენეჯერები) და ადამიანური რესურსების მენეჯერს შორის. შეხვედრის ეფექტურობისთვის, რათა იგი არ ყოფილიყო ზედმეტად ხალხმრავალი და ასევე, გათვალისწინებული ყოფილიყო კომპანიის კომერციული ინტერესები, რომ ერთდროულად ყველა მენეჯერს არ გაეცდინა სამუშაო, ადამიანური რესურსების მენეჯერმა შეხვედრის დრო და ადგილი წინასწარ გააცნო ყველა იმ მენეჯერს, რომელიც უნდა დასწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას. შეხვედრაზე დამსწრე მენეჯერებს უნდა წარმოედგინათ საერთო პოზიცია;
11.6. დასაქმებულს პირდაპირ განემარტა, რომ იგი არ იყო მიწვეული შეხვედრაზე და მისი პოზიცია შეეძლო გაეზიარებინა მიწვეული მენეჯერებისთვის, აღნიშნული მითითება გაიცა შიდა პროცედურების შესაბამისად და ადამიანური რესურსების მენეჯერის უფლებამოსილების ფარგლებში. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ უგულებელყო აღნიშნული მითითება, მივიდა შეხვედრაზე მიწვევის გარეშე, რის გამოც დატოვა თავისი სამუშაო ადგილი და დამსწრეთა შორის გამოირჩეოდა პოზიციის აგრესიულად და უარყოფითად გამოხატვით. შედეგად, თვითნებურად გააცდინა სამუშაო და ხელი შეუშალა შეხვედრის საბოლოო მიზნის მიღწევას, კერძოდ, წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტას. კომპანიისთვის ცნობილი იყო და არის, რომ დასაქმებულის მიერ შესაბამისი ორგანოსათვის დისკრიმინაციისაგან დასაცავად საჩივრით ან განცხადებით მიმართვა არ შეიძლება გახდეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ან/და რაიმე სხვა უარყოფითი მოპყრობის საფუძველი დამსაქმებლის მხრიდან. დასაქმებულისათვის ხელფასიდან თანხის დაკავება არ იყო გამოწვეული დისკრიმინაციული საფუძვლით. იმის მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ წარადგინა რაიმე სახის სასარჩელო ან მასთან გათანაბრებული მოთხოვნა არსებულ უთანასწორო მოპყრობაზე ან დააფიქსირა პრეტენზია უთანასწორო მოპყრობის ფაქტის თაობაზე, წარდგენილი არ ყოფილა შრომის ინსპექციაში. სასამართლო გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ მოხდა ვიქტიმიზაციის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის ფართო განმარტება და განზოგადდა ნებისმიერ მოთხოვნამდე. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებული იყო არა დისკრიმინაციული საფუძვლით, არამედ დასაქმებულის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შეუთავსებლობის საფუძვლით, რაც გამოიხატა მისი მხრიდან დამსაქმებლის მითითებების დაუმორჩილებლობით. ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება უკავშირდებოდა დასაქმებულის ქცევას, მის აგრესიულობასა და, რაც მთავარია, საპატიო მიზეზის გარეშე დამსაქმებლის პირდაპირი მითითების უგულებელყოფით, სამუშაო ადგილის დატოვებას. მოწინააღმდეგე მხარის ამგვარი ქცევა, პირველ რიგში, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი სუბორდინაციის უგულებელყოფასა და არაპროფესიონალურ ქმედებას, რაც გახდა დისციპლინური პასუხისმგებლობის, კერძოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი;
11.7. უდავოა, რომ ურთიერთობა არ წარმოადგენს კლასიკურ შრომით ურთიერთობას, არამედ გამოსაცდელი ვადით დადებულ შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებას. თავის მხრივ, თუ დამსაქმებელს დაეკისრება სშკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთი დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ შრომითი ხელშეკრულების არდადების შემთხვევაშიც, მაშინ გამოსაცდელი ვადა საერთოდ დაკარგავდა თავის დანიშნულებას. დისკრიმინაციაზე უსაფუძვლო მითითებით, სწორედ აღნიშნული მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების ამგვარი გამოკვლევის პირობებში, ყოველთვის იქნება საშიშროება იმისა, რომ გამოსაცდელმა ვადამ დაკარგოს თავისი მიზანი და მნიშვნელობა, რადგან დისკრიმინაციის უარყოფის მტკიცების ტვირთი სრულად დამსაქმებელს ეკისრება;
11.8. დასაქმებულის ქცევის სიმძიმიდან და აგრესიულობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეხვედრის დღესვე, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო სწორედ თანამშრომლის ქმედებაზე და არ უკავშირდებოდა შრომის ინსპექციაში შეტანილ საჩივარს. გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული იყო კონკრეტული მენეჯერების მონაწილეობით, რომლებიც შეძლებდნენ სრულყოფილად წარმოედგინათ ყველა მენეჯერის მიერ დასმული საკითხები. მოწინააღმდეგე მხარის არყოფნა არ წარმოადგენს უთანასწორო მოპყრობას, არამედ ორგანიზაციული გადაწყვეტილების ნაწილია. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრაზე თანამშრომლის აგრესიული ქცევა ადამიანური რესურსების მენეჯერის მიმართ ამყარებს დამსაქმებლის პოზიციას ხელშეკრულების დაუყოვნებელი შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე. ამგვარი ქცევა შეუთავსებელია ნებისმიერ სამუშაო ადგილზე პროფესიულ სტანდარტებთან და ხელს უშლის ორგანიზაციული სტაბილურობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც მენეჯერს დაკისრებული აქვს სავაჭრო ობიექტის კონტროლი. ამასთან, დოკუმენტაციის (ბრძანების) ფორმალიზების დრო და მეთოდი პროცედურული საკითხებია და იგი არ ცვლის შეწყვეტის არსებით საფუძველს. ამრიგად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის ნაკარნახები დისკრიმინაციული მოტივებით, კერძოდ, მოსარჩელის მიმართ არ განხორციელებულა ვიქტიმიზაცია, რადგან, პირველ რიგში, დამსაქმებლის მხრიდან სახეზე არ გვაქვს უთანასწორო მოპყრობა ან არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულმა თავისი უფლების დასაცავად პრეტენზიითა და საჩივრით მიმართა შრომის ინსპექციას. ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება წარმოადგენს დამსაქმებლის უფლებამოსილების კანონიერ გამოყენებას და ეფუძნება დასაქმებულის კონკრეტულ ქცევებს, რაც მოიცავდა მითითებების უგულებელყოფას და აგრესიულ დამოკიდებულებას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მენეჯერული პოზიციისადმი მის შესაბამისობას;
11.9. სააპელაციო სასამართლომ გამოსაცდელი ვადის არსს მაშინაც არ მიაპყრო ყურადღება, როდესაც გადაწყვიტა, რომ იძულებითი განაცდურის ოდენობა განესაზღვრა ხელშეკრულების სრულ, მაგრამ ჰიპოთეტურ ვადაზე, კერძოდ, 2024 წლის 19 ნოემბრიდან 2026 წლის 12 თებერვლამდე, ეს უკანასკნელი თარიღი სასამართლომ განმარტა, როგორც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი, ე.ი სასამართლო ეყრდნობა პრეზუმფციას, რომ დასაქმებული აუცილებლად წარმატებით დაასრულებდა გამოსაცდელ ვადას და ხელშეკრულება განმარტა იმგვარად, რომ შრომითი ურთიერთობა უპირობოდ 18-თვიანი იყო, რაც სამართლებრივად და პრაქტიკული თვალსაზრისითაც, არასწორია. თუნდაც ჩათვალოს სასამართლომ, რომ დასაქმებულის გათავისუფლება იყო უკანონო, დასაქმებულს წარმოეშვა ხელფასის იმ ოდენობის ანაზღაურების უფლება, რასაც დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედების არარსებობისას მიიღებდა (სუსგ ას-159-2025), აღნიშნული კი უნდა განიმარტოს გამოსაცდელი ვადის პერიოდით და არა ხელშეკრულების საერთო ვადით, რადგან 1-წლიანი შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს პირობადებულ გარიგებას, რომლის ძალაში შესვლაც დამოკიდებულია კონკრეტული პირობის დადგომაზე, კერძოდ, გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულებაზე. აღნიშნულს კი ამძაფრებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დასაქმებულის გათავისუფლება არ იყო უკანონო, დისკრიმინაციულ საფუძველზე. უდავოა, რომ იძულებითი განაცდური ითვლება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე, ამასთან, სადავო ურთიერთობა არ წარმოადგენს კლასიკურ შრომით ურთიერთობას, არამედ გამოსაცდელი ვადით დადებულ შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებას;
11.10. განაცდურის ოდენობის დაკავშირება ხელშეკრულების საერთო ვადაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან თავისი შინაარსით იგი წარმოადგენს კომპენსაციას იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე შეუძლებელია (სუსგ №ას-1145-2024). თუნდაც გათავისუფლების ბრძანების ბათილობის პირობებში, განაცდურის ოდენობა უნდა დათვლილიყო გამოსაცდელი ვადის დასრულების თარიღის შესაბამისად, კერძოდ, 2025 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.
12. საკასაციო საჩივარზე თანდართული, 2025 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (გრაფა „რეორგანიზაციის ისტორია“) ირკვევა, რომ 2025 წლის 31 ივლისს მოპასუხე კომპანიის სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია დამსაქმებლის მიერ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხე კომპანიისაგან განხორციელებულ დისკრიმინაციაზე, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულება შეწყდა გამოსაცდელ ვადაში.
18. სშკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. გამოსაცდელ ვადაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად.
19. გამოსაცდელი ვადა ევროკავშირის კანონმდებლობაში გამოიყენება, როგორც შრომითი ხელშეკრულების ინტეგრირებული ნაწილი და საწყისი ფაზა. გამოსაცდელი ვადა ჩართულია შრომით ხელშეკრულებაში და მისი წარმატებით გავლის შემდეგ (შესაბამისობის დადგენის საფუძველზე), შრომითი ურთიერთობები გრძელდება (ეკატერინე ქარდავა, გამოსაცდელი ვადის განმარტება საქართველოს სამოსამართლეო სამართალსა და ევროკავშირის 2019/1152 დირექტივაში, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, პირველი გამოცემა, რედ: ვ. ზაალიშვილი, თბილისი, 2021, გვ. 34) (იხ. სუსგ საქმე №ას-1110-2020, 23 დეკემბერი, 2022 წელი). გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენაა. გამოსაცდელი ვადა, ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც უნდა შეფასდეს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია, სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია, პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისათვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა მოიპოვოს დასაქმებულის, ანუ შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი. ამდენად, გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა (იხ. სუსგ საქმე №ას-17-2021, 20 მაისი, 2021 წელი). გამოსაცდელი ვადა ის ერთადერთი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც კანონმდებელმა დამსაქმებელს თავისუფლება მიანიჭა, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, თუ მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შეუსაბამობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მტკიცების ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია სშკ-ის 47-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. სწორედ ამიტომ, სშკ-ის 17.4 მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე ასევე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, რაც მოიცავს წინასწარი გაფრთხილების, კომპენსაციისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-142-134-2017, 18 აპრილი, 2018 წელი; საქმე №ას-1162-2023, 19 მარტი, 2024 წელი).
20. აღნიშნული თვალსაზრისით საყურადღებოა ასევე, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის №158-ე კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, რომელიც საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული, მაგრამ ხშირად გამოიყენება საქართველოს სასამართლოების მიერ შრომის კოდექსის ნორმების განმარტების პროცესში, როგორც არაპირდაპირი წყარო, სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს კონვენციის მოქმედების სფეროდან გამორიცხონ გამოსაცდელი ვადით დასაქმებულთა შრომით ურთიერთობაში ყოფნის პერიოდი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ პერიოდში კონვენციით გათვალისწინებული გარანტიები (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება) არ მოქმედებს (იხ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, მუხლი 2.2.ბ) (იხ. სუსგ საქმე №ას-142-134-2017, 18 აპრილი, 2018 წელი).
21. წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობიდან გამონაკლისია გამოსაცდელი ვადით დასაქმებული პირის მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევა. დისკრიმინაციის აკრძალვა ვრცელდება გამოსაცდელ ვადაზეც. ამიტომ თუ პირი უთითებს, რომ მასთან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ან მისი გასვლის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება არ დაიდო რომელიმე ნიშნით მისი დისკრიმინაციის გამო, სასამართლოს დანიშნულებაა შეამოწმოს, ჰქონდა თუ არა ადგილი დისკრიმინაციულ მოპყრობას (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-142-134-2017, 18 აპრილი, 2018 წელი).
22. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით [საქართველოს კონსტიტუციის 11.1. მუხლი]. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე №ას-344-322-2017, 11 ოქტომბერი, 2017 წელი). „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. მუხლით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია [იხ. 2.2. მუხლი: პირდაპირი დისკრიმინაცია; 2.3. მუხლი: ირიბი დისკრიმინაცია]. პირდაპირ დისკრიმინაციას მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ პირებს. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები, რაც გულისხმობს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
23. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ ასევე აკრძალულია შრომით ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია [2.3 მუხლი: შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით]. მე-4 მუხლით განსაზღვრულია შრომითი დისკრიმინაციის ცნება. კერძოდ, დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 4.2. მუხლის თანახმად, პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი.
24. სშკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.
25. დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
26. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, #20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05).
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რამეთუ ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო _ უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი _ ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა (იხ. სუსგ საქმე №ას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).
28. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
29. სსსკ-ის 3633 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).
30. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტების დასახელებისა და იმ მასშტაბით მტკიცების ვალდებულება, რომ „prima facie“ დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მოვალეობას წარმოადგენს. სწორედ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაძლევს „ერთი შეხედვით“ დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების ვალდებულებას, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხის მხარეს, რათა მან დაადასტუროს, რომ განსხვავებულ მოპყრობას მოსარჩელის მიერ მითითებული ნიშნით ადგილი არ ჰქონია, ან განსხვავება გამართლებული იყო ობიექტური და აუცილებელი ფაქტორებით (იხ. სუსგ საქმე №ას-344-2022, 29 სექტემბერი, 2022 წელი).
31. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა არა გამოსაცდელ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არამედ დისკრიმინაციული მოტივი.
32. სშკ-ის 4.7 მუხლით, აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და დასაქმებულის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან. სშკ-ის 47.5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.
33. სშკ-ის 4.7 მუხლი ითვალისწინებს დასაქმებულის დაცვას „ვიქტიმიზაციისაგან“. ვიქტიმიზაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც სახეზეა უთანასწორო მოპყრობა ან არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება ინდივიდის მიერ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრეტენზიისა თუ საჩივარის წარდგენის გამო. ევროპული კავშირის დირექტივებით, ვიქტიმიზაციისგან დაცვა ეხება პირის მიერ დამსაქმებლის/ორგანიზაციის შიგნით პრეტენზიის გაცხადების გამო საპასუხო უკანონო ქმედებისგან დაცვას. სშკ-ის მე-2 VII მუხლი კრძალავს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების მოშლას ან მისი უფლების სხვაგვარ შეზღუდვას იმის საპასუხოდ, რომ პირმა დისკრიმინაციისაგან დასაცავად სარჩელით მიმართა სასამართლოს. თუმცა შრომითი დისკრიმინაციის სამართლით აკრძალულია პირის ვიქტიმიზაცია, პირის მიერ კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენების გამო. უფრო რომ განზოგადდეს, აკრძალულია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის უთანასწორო მოპყრობა დასაქმებულის მიერ უფლების დაცვის საშუალების მიმართვის გამო. ვიქტიმიზაციის, ისევე, როგორც დისკრიმინაციის თუ კონკრეტულად შევიწროების შედეგად, დასაქმებულს წარმოეშობა ხელყოფილი უფლების აღდგენის სამოქალაქო მოთხოვნა (იხ. ზაქარია შველიძის დისერტაცია „სამოქალაქო მოთხოვნათა ფარგლები შრომითი დისკრიმინაციის დავისას“, თბილისი, 2019 წ., გვ. 52-53). როგორც იურიდიული დოქტრინა, ისე სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ვიქტიმიზაციის შემთხვევაში სამართლებრივი შეფასებისთვის უფრო ფართო ფარგლებია მოთხოვნილი და არა მხოლოდ ე.წ. “ვიწრო“ გაგებით კვალიფიკაცია მოქმედი სშკ-ის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილით. დასაქმებული (ასევე მისი დისკრიმინაციის თვითმხილველი პირი, შესაძლო ე.წ. „მოწმე“) ვიქტიმიზაციისაგან დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციისგან თავის/ სხვების დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართავს შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლებს მასთან, არამედ „დაცვა ეხება პირის მიერ დამსაქმებლის/ორგანიზაციის შიგნით პრეტენზიის გაცხადების გამო საპასუხო უკანონო ქმედებისაგან დაცვას“ (იხ. ზაქარია შველიძის დისერტაცია „სამოქალაქო მოთხოვნათა ფარგლები შრომითი დისკრიმინაციის დროს“, 2019 წ; გვ. 51-53; საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, რედაქტორები: დ.კერესელიძე, ს. ჩაჩავა, ვ. ზაალიშვილი, ზ. შველიძე. ქ. მესხიშვილი; ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია; 2023წ.; მე-4 მუხლის კომენტარის ავტორი ზ. შველიძე; გვ. 38-38; შეად. სუსგ-ას: Nას-877-2023, 13.10.2023წ.) (იხ. სუსგ საქმე №ას-1179-2024, 14 თებერვალი, 2025 წელი).
34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა და მოვლენათა განვითარების ჯაჭვმა (იხ. წინამდებარე განჩინების 4-6 პუნქტები) შექმნა პრეზუმფცია, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან, დამსაქმებელმა კი ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაარწმუნა სასამართლო, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა ან განსხვავებულ მოპყრობას გააჩნდა ობიექტური საფუძველი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებული იყო არა დისკრიმინაციული საფუძვლით, არამედ დასაქმებულის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შეუთავსებლობის გამო, გაზიარებული ვერ იქნება. დადგენილია, რომ 2024 წლის 18 ნოემბერს დასაქმებულებმა საჩივარი დაწერეს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის სახელზე. 2024 წლის 19 ნოემბერს, 10:54 საათზე დასაქმებულმა სსიპ შრომის ინსპექციის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა ხსენებული კოლექტიური საჩივარი. მოპასუხე კომპანიის 2024 წლის 18 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბრიდან. წინამდებარე ბრძანება დასაქმებულს გადაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე 2024 წლის 19 ნოემბერს, 15:01 საათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5-2.6 ქვეპუნქტები). მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნება მოპასუხე კომპანიამ სწორედ იმ დღეს გამოხატა, როდესაც მისთვის დადასტურებულად გახდა ცნობილი მოსარჩელის მიერ საჩივრის შეტანის თაობაზე. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა უფლებაში ჩარევასა და დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის თაობაზე. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებული არამართლზომიერად გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.
35. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აკრძალვის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა 2024 წლის 19 დეკემბერს განახორციელდა მოპასუხე კომპანიის ინსპექტირება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რა დროსაც დადგინდა, რომ დარღვეული იქნა სშკ-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი. მოპასუხეს დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 30 დღის ვადა, ამასთან, სახდელის სახით გამოყენებული იქნა ჯარიმა - 2400 ლარის ოდენობით. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის მითითების თანახმად, დადგენილ იქნა დასაქმებულის მიმართ პირდაპირი დისკრიმინაცია სამართლებრივი საშუალების გამოყენების ნიშნით (ვიქტიმიზაცია), კერძოდ, შრომის ინსპექციისადმი მიმართვის გამო საჩივრის ავტორის მიმართ განსხვავებული მოპყრობა. სამართალდარღვევის ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია.
36. კასატორის ერთ-ერთი ძირითადი შედავება მიემართება სასამართლოს მიერ განსაზღვრული იძულებითი განაცდურის ოდენობას, კერძოდ, მოპასუხე კომპანია აღნიშნავს, რომ სასამართლომ იძულებითი განაცდურის ოდენობა განსაზღვრა ხელშეკრულების სრულ, მაგრამ ჰიპოთეტურ ვადაზე, კერძოდ, 2024 წლის 19 ნოემბრიდან 2026 წლის 12 თებერვლამდე, ეს უკანასკნელი თარიღი სასამართლომ განმარტა, როგორც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი, ე.ი სასამართლო ეყრდნობა პრეზუმფციას, რომ დასაქმებული აუცილებლად წარმატებით დაასრულებდა გამოსაცდელ ვადას და ხელშეკრულება განმარტა იმგვარად, რომ შრომითი ურთიერთობა უპირობოდ 18-თვიანი იყო, რაც სამართლებრივად და პრაქტიკული თვალსაზრისითაც, არასწორია. შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს პირობადებულ გარიგებას, რომლის ძალაში შესვლაც დამოკიდებულია კონკრეტული პირობის დადგომაზე, კერძოდ, გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულებაზე. სადავო ურთიერთობა არ წარმოადგენს კლასიკურ შრომით ურთიერთობას, არამედ გამოსაცდელი ვადით დადებულ შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებას. თუნდაც გათავისუფლების ბრძანების ბათილობის პირობებში, განაცდურის ოდენობა უნდა დათვლილიყო გამოსაცდელი ვადის დასრულების თარიღის შესაბამისად, კერძოდ, 2025 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.
37. საკასაციო პალატის განმარტებით, გამოსაცდელ ვადას (საპრობაციო პერიოდს) დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ერთგვარ ექსპერიმენტსაც უწოდებენ. სშკ-ის 17.3 მუხლი დამსაქმებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან, რაც გამოიწვევს გამოსაცდელი ვადით დასაქმების მოდიფიცირებას ვადიან ან უვადო შრომით ურთიერთობად. აღნიშნული მუხლის შინაარსი ნათლად მიუთითებს, რომ კანონმდებელი გულისხმობს არა ვადიანი ან უვადო შრომის ხელშეკრულების თავიდანვე არსებობას, არამედ მის წარმოშობას მხოლოდ გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ, საიდანაც პირდაპირ გამომდინარეობს დასკვნა, რომ გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება არ გულისხმობს დასაქმებულთან თავიდანვე უვადო შრომით ურთიერთობაში შესვლას. ყოველგვარი სხვა განმარტება პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-142-134-2017, 18 აპრილი, 2018 წელი). კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ პირის გამოსაცდელი ვადით დასაქმებისას, მხარეები წერილობით ავლენენ ნებას, კანონით დადგენილი ზღვრული ვადის ფარგლებში წარიმართოს მხარეთა შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შემდგომი ტრანსფორმაცია ვადიან თუ უვადო ურთიერთობაში დამოკიდებულია იმაზე, თუ საპრობაციო პერიოდში რამდენად გამოავლინა პირმა (დასაქმებულმა) შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა, რაც უთუოდ გულისხმობს ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე, მის პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დამსაქმებლის შესწავლა-დაკვირვებას და მისი დასკვნის (მოსაზრების) მნიშვნელობას შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესატყვისობის თაობაზე. საპრობაციო პერიოდში დასაქმებული პირის დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ დამსაქმებლის დადებითი მოსაზრება, შესაძლოა საფუძვლად დაედოს ამ უკანასკნელის მხრიდან დროებით (გამოსაცდელი ვადით) დასაქმებული პირისადმი შეთავაზებას შემდგომ ვადიან/უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაზე. „გამოსაცდელი ვადა არ არის დამოუკიდებელი შრომითი ხელშეკრულება, იგი უფრო გამოცალკევებული სახელშეკრულებო დებულებაა. გამოსაცდელი ვადის თაობაზე სახელშეკრულებო პირობა განისაზღვრება, როგორც ნებაზე დამოკიდებული პირობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს პირობა წარმოშობს მხარეთა საზიარო მოლოდინს მომდევნო შეფასებით პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც მათ შორის ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა გაანალიზდეს“ (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი - ანდრეა ბორონის რედაქტორობით, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“ - გვ. 99) (იხ. სუსგ საქმე №ას-227-216-2017, 13 ოქტომბერი, 2017 წელი). გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება არც ვადიან და არც უვადო შრომით ურთიერთობად არ კვალიფიცირდება, თუკი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მხარეებმა შრომითი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი არ გამოთქვეს (იხ. სუსგ საქმე №ას-877-2023, 20 ოქტომბერი, 2023 წელი).
38. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ განაცდურის ოდენობა უნდა დათვლილიყო გამოსაცდელი ვადის დასრულების თარიღის შესაბამისად, კერძოდ, 2025 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.
39. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირველ რიგში, განმარტოს, რომ თავისი არსით, მოთხოვნა იძულებით განაცდურზე, ზოგადად, ზიანის ანაზღაურების მეორეული მოთხოვნის ჭრილში განიხილება. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარება, იურიდიული თვალსაზრისით, იწვევს შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერ შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და მოვალეს აკისრებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა (იხ. სუსგ საქმე №ას-1545-2024, 7 მარტი, 2025 წელი).
40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა გამოსაცდელი ვადის პერიოდში გამოწვეულია მოპასუხე კომპანიის მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებით. მოპასუხე კომპანია გამოსაცდელ ვადაზე მითითებით შეეცადა გადაეფარა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დისკრიმინაციული მოტივი. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს დამსაქმებლის მიერ კანონით და დადგენილი სასამართლო პრაქტიკით გამოსაცდელი ვადის პერიოდში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით/პრივილეგიით სარგებლობის შემთხვევა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2024 წლის 12 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დასაქმდა მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 18 თვე, აქედან პირველი 6 თვე წარმოადგენდა გამოსაცდელ ვადას [3.1 პუნქტი]. ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მხარეები არ შეწყვეტენ ხელშეკრულებას, გამოსაცდელი ვადის გასვლის თარიღიდან, ხელშეკრულება განიხილება, როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, დადებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტით დადგენილი ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელმა დასაქმებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის შემდეგ, დისკრიმინაციული საფუძვლით, არამართლზომიერად გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან, რის გამოც დასაქმებულს არ მიეცა ამ ვადის დასრულების, მისი პროფესიული შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება, მას ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ პერიოდზე შრომის ანაზღაურება, როგორც იძულებითი განაცდური, მართებულად მიეკუთვნა, იგივე მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული, თუ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ დასაქმებულს დისკრიმინაციული მოტივით არ მიეცემა ხელშეკრულების გაგრძელების საშუალება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ განაცდურის ოდენობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გამოსაცდელი ვადის პერიოდით.
41. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნას ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; საქმე №ას-512-2020, 18 თებერვალი, 2021 წელი).
42. კასატორი სადავოდ ხდის ასევე დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. (იხ. „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 272). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ. სუსგ საქმე №ას-787-736-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი; №ას-1163-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი; №ას-523-2023, 06 ივლისი, 2023 წელი). ამ მოცემულობაში კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება.
43. წინამდებარე საქმეში დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს კომპენსაციის გადახდა 4250 ლარის ოდენობით, რაც საკასაციო პალატას დასაქმებულის ასაკის, ხელფასის ოდენობის (2125 ლარი), სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობის და უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპების გათვალისწინებით, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია და ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
44. საკასაციო პალატა იმსჯელებს ასევე კასატორის შუამდგომლობაზე, რომლითაც იგი შუამდგომლობს 2024 წლის 20 ნოემბრიდან 2025 წლის 24 ივნისამდე მოსარჩელის შემოსავლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის/ცნობის გამოთხოვის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითებისა და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. სსსკ-ის 407.1. მუხლი [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების მიღება/გამოთხოვა არ დაიშვება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოითხოვოს ახალი მტკიცებულება. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის/ცნობის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1700 ლარის 70% – 1190 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ვ.რ.გ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ვ.რ.გ.ჯ–იას“ შუამდგომლობა 2024 წლის 20 ნოემბრიდან 2025 წლის 24 ივნისამდე მოსარჩელის შემოსავლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის/ცნობის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორს სს „ვ.რ.გ.ჯ–იას“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 21 იანვარს №24797 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარისა და 2026 წლის 25 მარტს №28536 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1400 ლარის, ჯამში 1700 ლარის 70% – 1190 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე