დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 28.09.2026
საქმის ნომერი
ას-596-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-596-2026 28 სექტემბერი, 2026 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ა.ი–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში - სააგენტო ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ჯ.ა.ი–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, საიჯარო ქირის დავალიანების - 16 186.10 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3 533.6 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი დავალიანების ნაწილში ნაწილობრივ ცნო, თუმცა პირგასამტეხლოს დაკისრებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის გათვალისწინებული 2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, რა დროსაც, მის მიმართ არ განხორციელდა მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის დახმარების რაიმე ღონისძიება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით:

3.1.საგენტოს სარჩელი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

3.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების - 16 186.10 ლარის გადახდა დაეკისრა;

3.3.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შემცირებული პირგასამტეხლოს - 353.36 ლარის გადახდა დაეკისრა;

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მხოლოდ მოსარჩელემ გაასაჩივრა და სადავოდ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება გახადა. სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1.2017 წლის 24 ივლისს სააგენტოს და პ.ს–ს (შემდეგში - მოიჯარე) შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო (შემდეგში - იჯარის ხელშეკრულება) ქ.თბილისში, ......... მდებარე 176 367 კვმ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ;

5.2.ქონების სარგებლობისთვის ყოველწლიური საიჯარო ქირა 13 583 ლარით განისაზღვრა, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად, წლიური საიჯარო ქირის 1/12 ნაწილის ოდენობით, ყოველი თვის 5 რიცხვამდე;

5.3. იჯარის ხელშეკრულების 6.2. მუხლით საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

5.4.იჯარის ხელშეკრულების 6.8. მუხლით მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხევაში, მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მოიჯარეს მის მიერ გაწეული დანახარჯები არ აუნაზღაურდება;

5.5.იჯარის ხელშეკრულების 7.1. მუხლით ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულების 6.8. მუხლით განსაზღვრული მოშლის უფლების განხორციელება;

5.6.მოიჯარის თხოვნის დაკმაყოფილების შედეგად 2017 წლის 02 ოქტომბრიდან მოიჯარე შპს „ჯ.ა.ი–ით“ შეიცვალა -წინამდებარე დავაში მოპასუხე;

5.7. 2020 წლის 21 დეკემბრის წერილით მოპასუხე კომპანიის დირექტორმა განცხადებით მიმართა მოსარჩელეს, რომელშიც აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის საწარმო ვეღარ ახერხებდა იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის დამუშავებას, ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრება საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;

5.8.სააგენტოს 2021 წლის 02 თებერვლის ბრძანებით იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. მეიჯარის გადაწყვეტილებით მოიჯარეს არ უნდა ანაზღაურებოდა მის მიერ გაწეული დანახარჯები და გადახდილი თანხა;

5.9.იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელის 2021 წლის 10 მარტის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მისი 2020 წლის 21 დეკემბრის წერილის საფუძველზე, სააგენტოს 2021 წლის 02 თებერვლის ბრძანებით ხელშეკრულება შეწყდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა გადახდილი საიჯარო ქირა 2019 წლის დეკემბრიდან, ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან (05.12.2019წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის ჩათვლით (02.02.2021წ.), რაც ჯამში 3 533.6 ლარს შეადგენს.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 417-ე და 420-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა რომ მოპასუხის მიერ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოშობდა, თუმცა, პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი შემცირებას დაუქვემდებარა.

7. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ დავალიანების ძირითადი ნაწილი წარმოშობილია 2019-2020 წლებში. მოპასუხე დავალიანების არსებობას უკავშირებს პანდემიას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კორონა ვირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული პანდემიის ვითარებაში, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობის რიგი მიმართულებები, რამაც, შეაფერხა იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.

8. სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტის პრეტენზია, რომ პირგასამტეხლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ საფუძველზე ნორმატიულად განისაზღვრა, რაც მისი შემცირების შესაძლებლობას არ იძლეოდა.

9. პალატამ აღნიშნა, იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ნორმატიულად ადგენს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, კერძოდ: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: (ა). სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“

10. წინამდებარე საქმეში კი, სასარჩელო მოთხოვნის უფლების წარმოშობა განაპირობა მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობამ. ამდენად, იგი განიხილება არა ნორმატიულ, არამედ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ზომად, რომელზედაც სრულად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის მოქმედება, მათ შორის, ოდენობის გონივრულობის სასამართლო კონტროლისა და შემცირების შესაძლებლობა (სუსგ.: Nას-842-2022, 15.02.2023წ.).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც აპელანტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება - მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს სრული ოდენობით დაკისრება.

12. კასატორი აღნიშნავს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო 3 533.6 ლარიდან 353.36 ლარამდე არასწორად შეამცირეს. პირგასამტეხლო ნორმატიული აქტით განისაზღვრა, რაც მისი შემცირების შესაძლებლობას არ იძლევა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გაადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ნორმატიულად ადგენს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, კერძოდ, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი იღებს გაფრთხილებას რომელშიც მიეთითება გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლო ეკისრება. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით (ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს ნორმატიული აქტით დადგენილი ეს წესი, აღნიშნული სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ შეფასდა. კასატორს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო ბრძანებით განისაზღვრა, რასაც ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ ეს საკითხი ხელშეკრულებაში აისახა.

13. პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირობად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, კასატორს არასწორად მიაჩნია მისი შემცირება და აცხადებს, მოცემული დავის მხარეები იურიდიული პირები არიან, სუსტ მხარეს არცერთი მათგანი არ წარმოადგენს, პირგასამტეხლოს არაგონივრულობასა და შეუსაბამობაზე დასკვნა არამართლზომიერია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, მხარეები მიზნად ისახავდნენ სამეურნეო დანიშნულებით, სარგებლის მიღების მიზნით, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების დადებას. ამდენად, მხარეებს შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება, კერძოდ, სსკ-ის 581–ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება, განისაზღვროს, როგორც ფულით, ისე, ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებაზეც, შესაბამისად, მხარეთა ურთიერთობაზე ვრცელდება საიჯარო ხელშეკრულების ინსტიტუტი, ასევე ქირავნობის სახელშეკრულებო წესები ზემომითითებული მუხლის მე–2 ნაწილის კონტექსტის გათვალისწინებით.

18. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ქონების სარგებლობისთვის ყოველწლიური საიჯარო ქირა 13 583 ლარს შეადგენდა.

19. ხელშეკრულების 6.2. მუხლით განისაზღვრა შემდეგი წესი: საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების 6.8. მუხლით მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხევაში, მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მოიჯარეს მის მიერ გაწეული დანახარჯები არ აუნაზღაურდება.

20. დადგენილია, რომ სააგენტოს 2021 წლის 02 თებერვლის ბრძანებით ხელშეკრულება შეწყდა და 2021 წლის 10 მარტის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ არ ჰქონდა რა გადახდილი საიჯარო ქირა 2019 წლის დეკემბრიდან, ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან (05.12.2019წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის ჩათვლით (02.02.2021წ.), რაც ჯამში 3 533.6 ლარს შეადგენს.

21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მოიჯარე მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა წინამდებარე დავაზე არ ვრცელდება, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობაში პირგასამტეხლო ნორმატიულად განისაზღვრა.

22. კასატორის პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). შესაბამისად, კანონისმიერად ითვლება პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი.

23. კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. ყოველი ასეთი კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ.

24. მეორე განმასხვავებელ ნიშნად, პირგასამტეხლოს განსაზღვრულობა გვევლინება - კანონმდებელი ყოვეთვის ადგენს მის ან კონკრეტულ ოდენობას, ანდა წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს განსაზღვრული კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა. კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია, მაგალითად, საქართვლოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. სასამართლოს არ შეუძლია შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, შესაბამისად იგი მის კონტრაჰენტთან, თუ მოდავე მხარესთან გათანაბრებულ სიბრტყეში აღიქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთი მხარის მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, თუნდაც მინისტრის ბრძანების სახით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში ვერ გახდება სასამართლოსთვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების და გარკვეულ შემთხვევაში, „ვალდებულებისაც“ კი, განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად. კასატორის მიერ მითითებული მინისტრის ბრძანება წარმოადგენს ქვემდებარე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესასრულებელ აქტს, თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში აღმოჩნდება, აღნიშნული ბრძანება გავლენას ვერ იქონიებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნიოს და შეამციროს იგი (იხ., სუსგ №ას-279-2024, 23 იანვარი, 2025 წელი, პ.30).

26. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულების 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ იჯარის ხელშეკრულების 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს და გამომდინარეობს მათგან, რის გამოც, მისი შემცირების შესაძლებლობა სასამართლოებს არ გააჩნიათ (იხ., სუსგ №ას-862-828-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი).

28. რაც შეეხება 3 533.6 ლარიდან 353.36 ლარამდე პირგასამტეხლოს შემცირების გონივრულობის წინააღმდეგ წარმოდგენილ კასატორის პრეტენზიას, აღნიშნულს საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს.

29. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. “pacta sunt servanda“-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

30. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ., ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017წ., 103).

31. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ.

32. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო პირგასამტეხლოს „სამართლიან“ ოდენობამდე შეამცირებს. ამ გზით, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი; დამატებით იხ., ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17 <http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf>

33. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ., ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

34. კანონმდებელმა დააწესა სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

35. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

36. გამომდინარე იქედან, რომ თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, უშუალოდ ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ.: გაგუა ი., ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2017წ. 47).

37. შესაბამისად, სამართლებრივად ნაწილობრივ დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას კანონის ფარგლებში განსაზღვრეს ხელშეკრულების შინაარსი და შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა პირობაზე, მათ შორის, პირგასამტეხლოს ოდენობაზე. ამრიგად, მხარეთა შორის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო – საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1%, სასამართლომ არასწორად შეამცირა, როგორც მისი შეხედულებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუმცა, საკასაციო პალატას მააჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უგულებელყო მხარეთა მიერ გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების მოცულობა იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დგინდება მოიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების წინააღმდეგ კასატორმა ნაწილობრივ დასაბუთებული (დასაშვები) შედავება წარმოადგინა.

38. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 3 533.6 ლარის ნახევარი - 1,766.8 ლარი, რაც სრულად უზრუნველყოფს კასატორის (მოსარჩელე, მეიჯარე) მოთხოვნას პირგასამტეხლოს, როგორც ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების თაობაზე.

39. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი აღემატება პირგასამტეხლოთი უზრუნველყოფილ ე.წ. „მინიმალურ ზიანს“, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. პირგასამტეხლოს ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება.

40. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ის ნაწილი გასაზიარებელია, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები, რომ დავალიანების ძირითადი ნაწილი წარმოშობილია 2019-2020 წლებში, რასაც მოპასუხე ძირითადად უკავშირებს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მნიშვნელოვან შეფერხებას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კორონა ვირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული პანდემიის ვითარებაში, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობის რიგი მიმართულებები, რამაც, შეაფერხა იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური და შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.

42. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

43. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

44. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1,766.8 ლარის გადახდა.

45. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 29 ივლისს წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

46. სსსკ-ის 408.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.

47. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408.3 მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (საქმე №2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება; აგრეთვე იხ., სუსგ-ები №ას-807-2020, 12.11.2020წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

48. ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (იხ., სუსგ -ები №ას-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

49. საქმეზე „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECTHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48).

50. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა, შესაბამისად, არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

51. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებს, სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ შესაბამისად უნდა განაწილდეს სასამართლო ხარჯებიც. ამასთან, ვინაიდან სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე, ამიტომ სარჩელის, სააპელაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 529.86 ლარის გადახდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანება 16 186.10 ლარის ოდენობით დაეკისრა, საიდანაც ზეპირ მოსმენაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 11 181 ლარის ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი განახევრდება სსსკ-ის 49.1 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით იჯარის თანხის დაკისრების ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში 317.85 ლარს შეადგენს. პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის დაკისრებული 1766.8 ლარის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამივე ინსტანციის სასამართლოში 212.16 ლარს შეადგენს. საბოლოოდ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 529.86 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები და მითითებულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ჯ.ა.ი–ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1,766.8 ლარი;

4. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინება დარჩეს ძალაში;

5. შპს „ჯ.ა.ი–ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 529.86 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე