დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-657-2026 28 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორები – ი.მ–ვა, ა.მ–ვა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.მ–ვა, ა.მ–ვა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.მ–ვამ და ა.მ–ვამ (პირადი ნომერი: ........... (შემდეგში: მოსარჩელეები, კასატორები) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ა.მ–ვასა (პირადი ნომერი: .........) და ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
ბათილად იქნეს ცნობილი, მოპასუხეებს ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) და ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) შორის 2024 წლის 14 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..........., საკადასტრო კოდი: ........, აღდგეს მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ........) საკუთრების უფლება.
მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) დაეკისროს მოსარჩელე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ........) სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ........) დაეკისროს მოსარჩელე ი.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლებით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.მ–ვის (პირადი ნომერი: ..........) და ა.მ–ვის (პირადი ნომერი: ............) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) მოსარჩელე ი.მ–ვის (პირადი ნომერი: ..........) სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 40 000 ლარის გადახდა. მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) მოსარჩელე ა.მ–ვის (პირადი ნომერი: ..........) სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 40 000 ლარის გადახდა; ი.მ–ვის (პირადი ნომერი: .........) და ა.მ–ვის (პირადი ნომერი: ..........) სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6.1. მოსარჩელეები ა.მ–ვი (პირადი ნომერი: .........) და ი.მ–ვი (პირადი ნომერი: ..........) არიან 2010 წლის 17 ივლისს დაბადებული ტყუპი დები და 2018 წლიდან ცხოვრობენ ბავშვთა თავშესაფარში.
6.2. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თ.მ–ის 2018 წლის 3 ივლისის დადგენილებით (საქმის №0011389348) ი.მ–ვი (პირადი ნომერი: ............; დაბადებული: 17.07.2010 წელს) ცნობილ იქნა დაზარალებულად. დაზარალებულად ცნობის საფუძვლები: პ.ნ. ძე მ–მა და მისმა მეუღლემ - ა.პ. ასულმა მ–ვამ ორგანიზებულად შეიმუშავეს არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა სარგებლის მიღების მიზნით და გაინაწილეს დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად საჭირო როლები, რის შემდგომაც ექსპლუატაციის მიზნით, 2015 წლის გაზაფხულიდან გადაიბირეს მათთან ერთად მცხოვრები და მათზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, პ. მ–ვის არასრულწლოვანი შვილები - 7 წლის ა. და ი.მ–ვები, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით (მოწყალების მიღების თხოვნით) 2018 წლის 2 ივლისამდე უწევდნენ შრომითი ექსპლუატაციას, რის შედეგადაც მთლიანად ისაკუთრებდნენ არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად შეგროვებულ თანხებს. პ. მ–ვი თავის მეუღლესთან, ა.მ–ვთან ერთად არასრულწლოვნებზე - ა. და ი.მ–ვებზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მუქარას, აიძულებდა ქ. თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, მათ შორის - ........ და ......... ქუჩების კვეთის, ასევე, .......... და ......... ქუჩების კვეთის მიმდებარედ არსებულ შუქნიშნებთან, საავტომობილო გზაზე, დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, ავტომანქანების მძღოლებისაგან მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება, რასაც მიღებისთანავე სრულად გადასცემდნენ ა.მ–ვას (დაბ: 24.03.1959). აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.მ–ვი (დაბ: 17.07.2010) ცნობილ იქნა დაზარალებულად.
6.3. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თ.მ–ის 2018 წლის 3 ივლისის დადგენილებით (საქმის №0011389334) ა.მ–ვი (პირადი ნომერი: ........, დაბადებული: 17.07.2010 წელს) ცნობილ იქნა დაზარალებულად. დაზარალებულად ცნობის საფუძვლები: პ.ნ. ძე მ–მა და მისმა მეუღლემ - ა.პ. ასულმა მ–ვამ ორგანიზებულად შეიმუშავეს არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა სარგებლის მიღების მიზნით და გაინაწილეს დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად საჭირო როლები, რის შემდგომაც ექსპლუატაციის მიზნით, 2015 წლის გაზაფხულიდან გადაიბირეს მათთან ერთად მცხოვრები და მათზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, პ. მ–ვის არასრულწლოვანი შვილები - 7 წლის ა. და ი.მ–ვები, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით (მოწყალების მიღების თხოვნით) 2018 წლის 2 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, რის შედეგადაც მთლიანად ისაკუთრებდნენ არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად შეგროვებულ თანხებს. პ. მ–ვი თავის მეუღლესთან, ა.მ–ვთან ერთად არასრულწლოვნებზე - ა. და ი.მ–ვებზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მუქარას, აიძულებდა ქ. თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, მათ შორის - ....... და ........ ქუჩების კვეთის, ასევე, ........... და .......... ქუჩების კვეთის მიმდებარედ არსებულ შუქნიშნებთან, საავტომობილო გზაზე, დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, ავტომანქანების მძღოლებისაგან მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება, რასაც მიღებისთანავე სრულად გადასცემდნენ ა.მ–ვას (დაბ: 24/03/1959). აღნიშნულიდან გამომდინარე, ა.მ–ვი (დაბ: 17/07/2010) ცნობილ იქნა
დაზარალებულად.
6.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენით (საქმე №1/3797-18) დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თ.მ–ს, ბრალდებულებს - ა.მ–ვას, პ. მ–ვს და ადვოკატებს - გ.ნ–ს, გ.ბ–ძესა და მ.უ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, კერძოდ: ა.მ–ვა (პირადი ნომერი: .........) და პ. მ–ვი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 05 (ხუთი) წელი განესაზღვრათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 05 (ხუთი) წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ა.მ–ვას და პ. მ–ვს განესაზღვრათ 05 (ხუთი) წელი. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა.მ–ვს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 02 ივლისის 14 საათი და 35 წუთიდან. ა.მ–ვას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა პ. მ–ვს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 02 ივლისის 16 საათი და 10 წუთიდან. პ. მ–ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდა.
6.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი (საქმე №1/3797-18) შესულია კანონიერ ძალაში.
6.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენით (საქმე №1/3797-18) დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა.მ–ვამ ჩაიდინა არასრულწლოვნებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), კერძოდ, არასრულწლოვნების გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით. პ. მ–ვმა ჩაიდინა არასრულწლოვნებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), კერძოდ, არასრულწლოვნების გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი არასრულწლოვნის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით. ინკრიმინირებული ქმედების ბრალდებულების ა.მ–ვას და პ. მ–ვის მიერ ჩადენა, გარდა ბრალდებულების მიერ სასამართლო სხდომაზე აღიარებითი ჩვენებებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, ამასთან, ისინი აღიარებენ ჩადენილს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მომართვით სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ინფორმაციული პატაკით, მოწმეების გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და კრებსითი ამონაბეჭდით, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერისა და ფოტოგადაღების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, სოციალური სამსახურის შეფასებებით, მომართვებით ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
6.7. ა. კ–ი (პირადი ნომერი: ......., ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიკუთვნებული გვარი: მ–ვა) და პ. მ–ვი (პირადი ნომერი: ..........) რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 1982 წლის 21 მაისიდან. ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) მეუღლე პ. მ–ვი (პირადი ნომერი: ..........) გარდაიცვალა 2023 წლის 29 მარტს. ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) და პ. მ–ვის (პირადი ნომერი: ........) შვილი ვ. მ–ვი (პირადი ნომერი: ..........) გარდაიცვალა 2006 წლის 12 ივნისს. ვ. მ–ვის (პირადი ნომერი: ..........) შვილი არის მოპასუხე ა.მ–ვა (პირადი ნომერი: ..........).
6.8. მოსარჩელეები არიან მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) ძმისშვილის შვილები. მოსარჩელეები მცირეწლოვნების ასაკიდან იზრდებოდნენ მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) ოჯახში.
6.9. მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) მეუღლე არის ა.ტ–ი, მათ ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი - ვ.ტ–ი, ა.ტ–ი, ნ.ტ–ი.
6.10. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, .......... ქუჩა, №18ა, საკადასტრო კოდი: .........., თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ მეუღლეებს: ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) და პ. მ–ვს (პირადი ნომერი: ...........). 08.11.2024 წლის განცხადების საფუძველზე, უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი თბილისი, .......... ქუჩა, №18ა, საკადასტრო კოდი: ............) მესაკუთრედ, 2024 წლის 14 ნოემბერს (სამკვიდრო მოწმობის №241481557 თანახმად), საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა.მ–ვა (პირადი ნომერი: .........). 2024 წლის 14 ნოემბერს, ა.მ–ვასა (პირადი ნომერი: .........) და ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, .......... ქუჩა, №18ა, საკადასტრო კოდი: ........., აღირიცხა ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) საკუთრებად. ხელშეკრულების თანახმად, „ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 80 000 დოლარად, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი“. დადგენილია, რომ მოპასუხე ა.მ–ვა (პირადი ნომერი: .........., „მყიდველი“) არის მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ........, „გამყიდველი“) შვილიშვილი. სადავო უძრავი ქონების მისამართი შეიცვალა და განისაზღვრა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ........... ქუჩა, №18ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...........
6.11. მოპასუხე ა.მ–ვა (პირადი ნომერი: ..........) პენსიონერია და არ არის დასაქმებული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.12. სააპელაციო პალატამ პირველ რიგში შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო განკარგვითი ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერების საკითხი და მიუთითა ანალოგიურ დავებზე არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას არა გარიგების მონაწილე მხარე, არამედ მესამე პირები ითხოვენ, რომლებიც გარიგების მონაწილეთა ნების არანამდვილობაზე, მოჩვენებითობაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ რეალურად სადავო გარიგება გაფორმდა არა საკუთრების უფლების გადაცემის/მოპოვების მიზნით, არამედ იმ განზრახვით, რომ ქონება გამყიდველის (ბებიის, ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ...........)) იძულებითი სააღსრულებო წარმოების აღსრულების საგანი არ გამხდარიყო. სადავო საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) და განმარტა, რომ დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას. ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნებაა, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება უნდა ემსახურებოდეს სხვა, მათ შორის, მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-296-283-2015, 2015 წლის 4 ივნისი).
6.13. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზებისა და სადავო განკარგვითი ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევის მიზნებისათვის, მიუთითებდნენ იმ გარემოებებზე, რომ მყიდველი - მეორე მოპასუხე გამყიდველის - პირველი მოპასუხის შვილიშვილია. ასევე მიუთითებდნენ, რომ შეუსაბამოა, არარეალურად დაბალია ნასყიდობის საგნის საფასური/ღირებულება - 80 000 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა მოვლენათა განვითარების იმგვარ ჯაჭვს, რომელთა ერთობლივი ანალიზი სადავო გარიგების ნამდვილობას საეჭვოს გახდიდა და სასამართლოს მისცემდა იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ საკუთრების განკარგვისას, მხარეთა ნება არ იყო მიმართული საკუთრების უფლების რეალურად გადაცემისაკენ.
6.14. გამყიდველსა და მყიდველს შორის არსებული ნათესაური კავშირის პარალელურად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უძრავი ქონება გამსხვისებელს, ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) ეკუთვნოდა, შესაბამისად, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა კუთვნილი ქონება. სააპელაციო. პალატა არ იზიარებს აპელანტების მითითება იმ გარემოების შესახებ, რომ ა.მ–ვამ (პირადი ნომერი: .........) ფიქტიურად, მის წინააღმდეგ არასრულწლოვნების ქონებრივი დავის შედეგების თავიდან ასარიდებლად გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ქონება. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია სარჩელის აღძვრამდე, კერძოდ, 2024 წლის 14 ნოემბერს, ი.მ–ვისა (პირადი ნომერი: ..........) და ა.მ–ვის (პირადი ნომერი: ........) სარჩელი კი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 14 აპრილს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმგვარი სამართლებრივი მდგომარეობის შექმნა, რაც კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვალის ქონებაზე აღსრულების რისკს უკავშირდება, საჭიროებს არა მხოლოდ სარჩელის აღძვრას, არამედ ამ სარჩელის დაკმაყოფილებას და მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს ვერ ექნებოდათ ინფორმაცია თუ როდის აპირებდნენ/ან ნამდვილად აპირებდნენ თუ არა არასრულწლოვნები ქონებრივი დავის წარმართვას სასამართლოში, რა იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნები და როგორი იქნებოდა ამგვარი სარჩელის პერსპექტიულობა; სასარჩელო მოთხოვნ(ებ)ის თუნდაც სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში როდის შევიდოდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში. ამდენად, აპელანტთა (მოსარჩელეთა) სასარგებლოდ მიღებული, ჰიპოთეტური გადაწყვეტილების აღსრულების რისკი სადავო უძრავი ქონების შემძენის პასუხისმგებლობის საგანი ვერ გახდებოდა, გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას ვერ შეარყევდა და ვერ შექმნიდა შინაგან რწმენას იმისას, რომ ხელშემკვრელი მხარეები, თუნდაც ნათესაური კავშირის მქონენი, მოქმედებდნენ მოჩვენებითად (იხ. სუსგ №ას-117-2024, 14 ნოემბერი, 2024 წ). სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ უძრავი ქონება გასხვისებულია საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელეთა სუბიექტურ შეფასებას და იგი არ არის გამყარებული რაიმე სახის ობიექტური მტკიცებულებით (მაგ. უძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნით).
6.15. სადავო ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის დასადასტურებლად, მოსარჩელეები იმ გარემოებაზეც მიუთითებენ, რომ შემძენს - შვილიშვილს, ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) ნასყიდობის ღირებულება არ გადაუხდია, თუმცა, მოსარჩელეების მოსაზრების საპირისპიროდ, მოპასუხეებმა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დათქმა მასზედ, რომ მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური - 80 000 აშშ დოლარი, ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადასტურებულ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ა.მ–ვა (პირადი ნომერი: ........) ჩართულია სუროგატი დედობის პროგრამაში. მოპასუხის განმარტებით ეს მეოთხე შემთხვევაა მისი სუროგატი დედობის. პირველად სუროგატი დედა 19 წლის ასაკში გახდა. შესაბამისად, აღნიშნული შემთხვევის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, მას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები შენახული. მოპასუხის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა ორი სუროგაციისა და დონაციის ხელშეკრულება, რომლებიც დადებულია 2022 და 2023 წლებში. მოპასუხის თქმით, მას ორივე ხელშეკრულებიდან ჯამურად მიღებული აქვს 34 000 აშშ დოლარი. სუროგაციის ანაზღაურების ფარგლებში, ბავშვის ბიოლოგიური მშობლები ყოველთვიურად უხდიდნენ 300 (სამას) აშშ დოლარს, ხოლო მშობიარობის შემდგომ დარჩენილი თანხას სრულად, გარდა ამისა, სუროგატი ორსულობის პერიოდში ბავშვის ბიოლოგიური მშობლები პერიოდულად ჩუქნიდნენ თანხებს. მოპასუხე ა.მ–ვა (პირადი ნომერი: .........) ასევე მიუთითებს, რომ ის და მისი მეუღლე გეგმავდნენ საცხოვრებელი ბინის შეძენას, იგი გარკვეული დროით გერმანიაშიც იმყოფებოდა სამუშაოდ და იქედანაც ჩამოიტანა კონკრეტული თანხა. მოპასუხის თქმით, მისი მეუღლე საქმიანობს გარე მოვაჭრის სტატუსით და დამატებით იღებს შემოსავალს მოწყალების გზით. მოპასუხის მითითებით, აღნიშნული წყაროებიდან მიღებული შემოსავლების, ასევე, მეუღლეთა მიერ ერთობლივად შეგროვებული თანხების შედეგად განხორციელდა სადავო უძრავი ქონების შეძენა. სააპელაციო პალატისათვის საგულისხმოა ის გარემოება, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის თანხის გადახდის ფაქტი დადასტურებულ იქნა საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა: დ.შ–ის (მეზობელი), ი. მ–ვას (ნათესავი), ვ.კ–ის (ბებიის, ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) მოვალის რძალი), თ.შ–ას ,განმარტებებით. ვ.კ–მა სასამართლოს წინაშე განმარტა, რომ ა.მ–ვას (ბებია, პირადი ნომერი: ...........) გააჩნდა ვალდებულება მისი მამამთილის - ვ.შ–ის მიმართ, 16 300 (თექვსმეტი ათას სამასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოვალის მიერ სრულად იქნა დაფარული. აღნიშნული დაბრუნებული თანხით მოეწყო ვ.შ–ის საფლავი.
6.16. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეძენილი უძრავი ნივთის სარგებლობა/განკარგვა სრულად მესაკუთრის ნებაზეა დამოკიდებული და ის თავად წყვეტს, თუ ვის მისცეს მის საკუთრებაში ცხოვრების უფლებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტთა მიერ მითითებული გარემოებები არ იყო საკმარისი სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის. რის გამოც არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი
6.17. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე განაპირობებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც უდავოდ დასტურდება ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........), მიერ მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნის საფუძველს ამ შემთხვევაში, სსკ-ის 413-ე მუხლთან ერთად სსკ-ის 992-ე მუხლი [დელიქტით მიყენებული ზიანი] წარმოადგენდა.
6.18. პალატამ განმარტა, რომ მორალური ზიანი არსებობს, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილება, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა.შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: .........) მიერ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შედეგად მოსარჩელეებს, როგორც დაზარალებულებს, მიადგათ მორალური ზიანი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო; შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ არაქონებრივ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის სრულფასოვანი ანაზღაურებისთვის შესაფერისი კომპენსაცია არ არსებობს. ფულადი ანაზღაურება მხოლოდ სუროგატია და არა პირდაპირი სარეპარაციო საშუალება. უკეთესი სანქციის უქონლობის გამო, სამართალი ფულადი თანხის გადახდევინებით იცავს იმ უფლებებს, რომელთა შელახვასაც მოსდევს მორალური ზიანი. მორალური ზიანის ანაზღაურებას არ აქვს ტრადიციული საკომპენსაციო ხასიათი, პასუხისმგებლობის ზომა ამ შემთხვევაში ვერ იქნება ზიანის პროპორციული. ამდენად, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების (მოსარჩელეების) სააპელაციო პრეტენზიებს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორები აღნიშნავენ, რომ საქმეში წარმოდგენილი სუროგაციის ხელშეკრულებები გაფორმებულია 2022 და 2023 წლებში, იმ პერიოდში, როდესაც, ბებია ა.მ–ვა საერთოდ არ ფიქრობდა სადავო ქონების გაყიდვას. მოპასუხე შვილიშვილი კი ისედაც ცხცოვრობდა თავის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად სადავო ქონებაში. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ამ ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხა მიმართული იყო სადავო სახლის შესაძენად. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეებს და მათი ოჯახის წევრებს არ აქვთ შემოსავალი, სუროგაციის მიღებული თანხაც მიიღეს ნაწილ-ნაწილ და ვერ შეძლებდნენ მოგროვებას, მითმეტეს, რომ მიზანიც კი არ ჰქონდათ იმ სახლის ყიდვის, სადაც ისედაც ცხოვრობდნენ.
8.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე ბებია დღემდე ცხოვრობს სადავო ბინაში. ასევე, დეტალურად არ იქნა გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მხარესთან შეთანხმებული შაბლონური ფრაზებით შემოიფარგლებოდა. მოწმეთა ნაწილი კი, შეუსაბამო ფაქტებზე საუბრობდა.
8.3. კასატორების მოსაზრებით, სანდო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხე შვილიშვილის მიერ 80000 აშშ დოლარის მოძიების გზებს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოპასუხეებისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეები აპირებდნენ დავის დაწყებას, რამაც განაპირობა მოჩვენებითი ხელშეკრულების გაფორმება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმეზე Nას-251-2018, 08.02.2022 წ.).
16. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ-ები საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიზანია მიყენებული მორალური ზიანია ანაზღაურება და სადავო უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასების საგანს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, პირველი მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობა და სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, სადავოა მოპასუხეებს ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ...........) და ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ........) შორის 2024 წლის 14 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა, რამეთუ, მოსარჩელეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე ითხოვენ დასახელებული გარიგების ბათილად ცნობასა და სადავო უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენას.
18. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავო გახადეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის ასებობა. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა მათი მათი მტკიცება ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის შესახებ.
20. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით ხასიათს არ ატარებდა.
21. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას. მოჩვენებითი გარიგების ცნების განსაზღვრისას კანონი აქცენტს აკეთებს მხარეთა განზრახვაზე, მათ მიზანზე, რომლითაც ისინი მოქმედებდნენ და რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა მათი ნების გამოვლენა. მოჩვენებითი გარიგების დადებისას, მხარეებს არ გააჩნიათ ამ გარიგების დადების მიზანი, უფრო ზუსტად, მათ არ სურთ „შესაბამისი“ იურიდიული შედეგის დადგომა, ანუ იმ შედეგისა, რომელსაც დადებული გარიგება თავისი შინაარსის მიხედვით ითვალისწინებს.
22. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-976-908-2017, 22 იანვარი 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).
23. მოჩვენებითი გარიგების დადებისას, მართალია, მხარეებს არ აქვთ გამიზნული გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა, მაგრამ მათ გარკვეული მოტივი ამოძრავებთ, გარკვეული მიზნების მიღწევა სურთ და სწორედ ამიტომ, წინასწარ გამიზნულად დებენ მოჩვენებით გარიგებას. როდესაც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ გარიგება დაიდო მოჩვენებით, მან უნდა მიუთითოს ის მიზანი, რასაც სინამდვილეში ისახავდა ამ გარიგების დადება. კონკრეტულად რა მოტივით, ვისთვის „მოსაჩვენებლად“ გადაწყვიტეს მხარეებმა მათი ნამდვილი ნების შენიღბვა და ამ სახით გამოვლენა. იმისათვის, რომ გამოირიცხოს მხარეთა ნების ნამდვილობა, უნდა დადგინდეს, რეალურად რისი მიღწევა სურდათ მხარეებს, თუ არა - გარიგებით გათვალისწინებული შედეგისა. მხარეთა რეალური განზრახვის დადგენისას უნდა შეფასდეს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-438-2022 29.01.2024 წ).
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით, ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება.
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მოპასუხეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შეფასების მიზნით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია სარჩელის აღძვრამდე, კერძოდ, 2024 წლის 14 ნოემბერს. სარჩელი კი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა 2025 წლის 14 აპრილს. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის სადავო უძრავ ქონებაზე აღსრულების მიმართვის არანაირი რეალური რისკი არ არსებობდა. საქმის მასალებით ისიც კი არ დასტურდება, რომ მოპასუხეს ინფორმაცია ჰქონდა მის წინააღმდეგ მომავალში წარსადგენი მოთხოვნის შესახებ. ასეთ პირობებში კი, პირველ მოპასუხეს შეეძლო თავისუფლად განეკარგა კუთვნილი ქონება. მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში პალატას უქმნის რწმენას, რომ პირველი მოპასუხის მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ განაპირობა მისი უძრავი ქონების გასხვისება და მიღებული თანხების ნაწილი მოხმარდა სწორედ ვალების გასტუმრებას. რაც შეეხება მოსარჩელეების მითითებას შეუსაბამოდ დაბალ ფასზე, აღნიშნულს ვერც საკასაციო პალატა გაითვალისწინებს. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება რაც ამ კუთხით შეფასებასა და შედარებას დაექვემდებარებოდა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი, რომელიც ყველაზე ნათლად სწორედ ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. იგი გულისხმობს როგორც ხელშეკრულების დადების, ისე მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებას [სსკ-ის 319.1 მუხლის პირველი წინადადება: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი]. გამომდინარე აქედან, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ დაბალ ფასად გასხვისება (კონკრეტულ შემთხვევაში, ვერც სხვა პრეტენზიებთან ერთობლივად შეფასებით), ასეთი ფასის არსებობა რომც დასტურდებოდეს, ვერ გახდება ხელშეკრულების მოჩვენებითად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან, მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ ბებია და შვილიშვილი, დასტურდება, რომ ბებია ცხოვრობს იმავე სახლში და აპირებს შემდგომშიც ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი იყო უძრავი ქონების გასხვისებს შვილიშვილზე. მოცემული ფაქტებისა და განმარტებების ლოგიკური ბმა პალატას უქმნის რწმენას, რომ მოპასუხე მხარეები შეთანხმდნენ უძრავი ქონების სწორედ 80000 აშშ დოლარად გაყიდიდვაზე/ყიდვაზე და ნასყიდობის საგნის დაბალ ფასზე აპელირებით მოსარჩელეების მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნია. მოწმეთა ჩვენებების ადასტურებს პირველი მოპასუხის ვალდებულებების არსებობას და მის მიერ უძრავი ქონების გაყიდვის შემდგომ ამ ვალდებულებების შესრულებას.
26. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფიქტიური გარიგების დადების მოტივი იმთავითვე არ ივარაუდება და მაღალი ალბათობით, არ ქმნის ვარაუდს მოჩვენებითი ნების გამოვლენის თაობაზე, ასეთ ვითარებაში კი, მოსარჩელეების ვალდებულება იყო, სათანადო მითითებით ან მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, დაესაბუთებინათ მოვლენათა ამგვარი ქრონოლოგიური განვითარების ლოგიკურობა, რაც მათ არ განუხორციელებიათ. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ნების ნამდვილობა სახეზეა არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვითაც და ეს ორი ემთხვეა ერთმანეთს, ანუ მოპასუხეები გარეგნულადაც აფიქსირებენ იმ ნებას, რისი მიღწევაც გარიგების დადებით სურდათ.
27. რაც შეეხება პირველი მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით დაკისრებული თანხის ოდენობას, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. დავის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, მორალური ზიანის ანაზღაურების კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმატიულ აღწერილობაზე, კერძოდ, სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ ყველა სამართლებრივ წანამძღვართან შემოწმების მიზნით, რომ სსკ-ის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, როდესაც ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია.
29. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი -დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის მიიჩნევს საკმარის რესტიტუციად და მისი დარღვეული უფლების საპირწონედ, თუმცა ეს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ამ ანაზღაურების მოცულობის და თანხის ოდენობის განსაზღვრაში სასამართლოს შეხედულებაა გადამწყვეტი.
30. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხე ა.მ–ვას (პირადი ნომერი: ..........) ქმედება ზიანის მომტანი იყო არასრულწლოვანი მოსარჩელეებისათვის. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გონივრულ ოდენობად მიიჩნია მოპასუხე ა.მ–ვასათვის (პირადი ნომერი: ..........) არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით თითოეული მოსარჩელისათვის 40 000 ლარის, ჯამში 80 000 ლარის დაკისრება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ამ მოთხოვნის ნაწილშიც და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
31. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობისა და ზიანის ოდენობის უცვლელად დატოვების შესახებ. კასატორებს კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ–ვასა და ა.მ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი