დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.10.2026
საქმის ნომერი
ას-842-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-842-2026 1 ოქტომბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. სს „ს.კ.ა–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სუბროგაციული მოთხოვნის საფუძველზე და მოითხოვა სადაზღვევო კომპანიისთვის, ა.კ–იასგან 17 397 ლარის გადახდა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით შეედავა ზიანის ოდენობას და განმარტა, რომ ზიანის ოდენობა არ შეესაბამება რეალობას. ასევე მითითებული დაზიანებებიც არ არის მოპასუხის ქმედებით გამოწვეული.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელეის სასარგებლოდ დაეკისრა 17 397 ლარის გადახდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ა.კ–იას მოსარჩელე სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 11 327 ლარის გადახდა; მოპასუხისთვის 6 070 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით და აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტს პრეტენზია არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, სადავო საკითხს წარმოადგენს მიყენებული ზიანი და მის გამოსასწორებლად აუცილებელი ხარჯის ოდენობა.

5.3. სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე განმარტა, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის, ნაცვლად პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული თანხისა უნდა დაეკისროს 11 327 ლარი.

5.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს შპს „ა.ც.თ–ის“ მიერ გაცემული ინვოისი, სადაც ჩამოთვლილია იმ მომსახურებებისა და ავტონაწილების ღირებულებები, რისგანაც შედგება მზღვეველის მიერ გადახდილი სადაზღვევო თანხა. ხსენებული მტკიცებულება წარმოადგენს მზღვეველსა და სერვისცენტრს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტს, რომელიც ასახავს მხოლოდ ჩასატარებელი სამუშაოს ღირებულებას და არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის პოზიციას ხარჯების აუცილებლობის თაობაზე. სერვის ცენტრის მიერ გაცემული ინვოისით ვერ დადასტურდება გაწეული ხარჯების აუცილებლობა, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის გასაკეთებლად პირველ რიგში საჭიროა, რომ ზიანი თვალსაჩინოდ იყოს დადასტურებული, ხოლო თუკი დაზიანება შეეხება ერთი შეხედვით უხილავ დეტალებს, მაშინ საჭიროა, რომ სპეციალური ცოდნის მქონე ობიექტურმა და მიუკერძოებელმა ექსპერტმა დაადასტუროს ხარჯების გაწევის აუცილებლობა. პალატა აქვე მიუთითებს, რომ ზემოხსენებულ ექსპერტად ვერ იქნება მიჩნეული მომსახურების გამწევი სერვისცენტრი, რომელიც თავის მხრივ სარგებელს იღებს გაწეული მომსახურებისა და რეალიზებული ავტონაწილებიდან და შესაბამისად არ წარმოადგენს მიუკერძოებელ მხარეს. იმ პირობებში როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ხარისხს, ხარჯების ოდენობას და მათ აუცილებლობას, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია დაადასტუროს, რომ სწორედ მოთხოვნილი თანხა იყო საჭირო პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად, რაც სათანადო წესით ვერ დაადასტურა.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას:

12.1. 2024 წლის 4 ივნისს სს სადაზღვევო კომპანია „ა–სა“ და შპს „ა–სს“ შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება და დამზღვევის სახელზე გაიცა დაზღვევის პოლისი #MO/S-045425/24, რომლის საფუძველზეც დაეზღვა ავტომობილი „SKODA KODLAQ“, სახელმწიფო ნომრით - „.......“. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2024 წლის 24 საათიდან 2025 წლის 4 ივნისის 24 საათამდე.

12.2. 2025 წლის 27 იანვარს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანა „SKODA KODLAQ“, სახელმწიფო ნომრით - „........“. დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა უფლებამოსილი პირი. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ა.კ–ია, რომელიც მართავდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით „.......“. ეს უკანასკნელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით. ჯარიმა მოპასუხეს არ გადაუხდია.

12.3. შპს „ა.ც.თ–ის“ მიერ შედგენილი სადაზღვევო შემთხვევის აქტით შეფასდა აღდგენითი სამუშაოების ღირებულება და ზარალის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 17 397 ლარი. 2025 წლის 31 იანვარს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა შპს „ა.ც.თ–ის“ საბანკო ანგარიშზე, რომელსაც უნდა შეეკეთებინა/აღედგინა დაზიანებული ავტომანქანა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებიდან და სსკ-ის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან „თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს“ გამომდინარეობს.

14. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809-776-2016, 04.04.2017).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური/იურიდიული და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ).

16. სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი. დაზღვევის მიზანი მიღწევადია უშუალოდ დაზღვევის სფეროში არსებული მექანიზმებით, რომელი მექანიზმებიც უშუალოდ რეაგირებენ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინაღმდეგო ქცევაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სადაზღვეო ურთიერთობებში სუბროგაციის პრინციპის არსებობას. სსკ-ის 832.1 მუხლით დადგენილია, რომ თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. მითითებული ნორმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც მზღვეველი აუნაზღაურებს დამზღვევს დამდგარ ზიანს, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გახდეს დამზღვევის უფლებამონაცვლე და მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება ზიანის მიმყენებელი პირისაგან იმ ოდენობით, რაც მან დამზღვევს გადაუხადა.

17. დაზღვევის კონტექსტში, სუბროგაციის დოქტრინა მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთობის ორ ძირითად ასპექტთან ასოცირდება: პირველ რიგში, იგი უფლებას აძლევს მზღვეველს, განახორციელოს და დაიცვას ის უფლებები, რომელიც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი მესამე პირის მიმართ აქვს; მეორე, სუბროგაციის დოქტრინა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ეს კი სრულ შესაბამისობაშია „ორმაგი კომპენსაციის აკრძალვის პრინციპთან“ (შდრ: Skiner M, Gross J., Subrogation, 7.06.2007, №ას-541-2023 05 ივლისი, 2023 წელი.).

18. აღნიშნული პრინციპი კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა, რა დროსაც მზღვეველზე იმ მოთხოვნის უფლებების გადასვლა ხდება, რაც გააჩნია დაზღვეულ (სარგებლის მიმღებ) პირს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. სუბროგაციის ერთ-ერთ უპირატესობად და დანიშნულებად მოიაზრებენ ზიანის მიყენების ფაქტის დადგომის შემდეგ სამივე მონაწილე მხარისათვის აღნიშნული პრინციპის საშუალებით პრობლემის ოპტიმალურ გადაწყვეტას.“ (შდრ: ნ. ნიავაძე, სუბროგაცია ნებაყოფლობით სადაზღვევო ურთიერთობებში, 2012, გვ.3).

19. „სუბროგაციის დროს საქმე გვაქვს დელიქტურ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლასთან, სადაც ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის გაცემა. ამდენად ზიანის დამზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოიწვია მესამე პირმა, გამოიყენება კრედიტორის ჩანაცვლების პრინციპი, რაც შესაძლოა ემსახურებოდეს როგორც დაზღვეულის, ასევე მესამე პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებას“ (შდრ: სუსგ №ას-581-549-2011, 17 თებერვალი, 2012).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ №ას-1523-2019, 24 იანვარი, 2020წელი).

21. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების საპასუხოდ განმარტავს, რომ მოპასუხე ზიანის ოდენობას ედავებოდა, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად სწორად დადგინდა სადავო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანის ის ოდენობა, რომელიც მოპასუხეს დაეკისრება.

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დააზიანა მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული ავტომობილი. ასევე დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ ავტომობილის შემკეთებელ კომპანია შპს „ა.ც.თ–სს“ გადაუხადა 17 397 ლარი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოპასუხისგან. საქმეში წარმოდგენილი შპს „ა.ც.თ–ის“ ინვოისის მიხედვით, დაზღვეული ავტომობილის აღსადგენად საჭირო გახდა შემდეგი ნაწილების გამოცვლა და სამუშაოების ჩატარება: 1) საბარგული - 4 260 ლარი; უკანა ბამპერის სპოილერი - 480 ლარი; უკანა ბამპერის ქვედა ნაწილი - 640 ლარი; საბარგულში ხელსაწყოების ქაფი - 105 ლარი; უკანა ბამპერის ქაფი 170 ლარი; უკანა ბამპერის შუა სალასკა - 120 ლარი; უკანა პარკინგის პლასტმასის ჩარჩო- 30 ლარი; უკანა პანელი შიდა - 940 ლარი; უკანა ზედა პანელი - 192 ლარი; სათადარიგო საბურავის ლითონის ვანა - 2 300 ლარი; საბარგულის წარწერები - 370 ლარი; უკანა საქარე მინის შეცვლა - 250 ლარი; სამღებრო სამუშაო - 7 540 ლარი - ჯამში 17 397 ლარი.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასებას და განმარტავს, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს „ა.ც.თ–ის“ მიერ გაცემული ინვოისი, სადაც ჩამოთვლილია იმ მომსახურებებისა და ავტონაწილების ღირებულებები, რისგანაც შედგება მზღვეველის მიერ გადახდილი სადაზღვევო თანხა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული დავის სპეციფიურობის გათვალისწინებით, ხსენებული მტკიცებულება წარმოადგენს მზღვეველსა და სერვისცენტრს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტს, რომელიც ასახავს მხოლოდ ჩასატარებელი სამუშაოს ღირებულებას და არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის პოზიციას ხარჯების აუცილებლობის თაობაზე.

24. საქმეზე, გარდა სერვის ცენტრის მიერ გაცემული ინვოისისა, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს დაზღვეული და დაზიანებული ავტომობილის ფოტო სურათები და საპატრულო პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილზე შედგენილი პატაკი. პატაკის თანახმად, შეჯახების შედეგად დაზღვეულ ავტომობილს დაუზიანდა უკანა ნაწილი, ხოლო მოპასუხის კუთვნილ ავტომობილს წინა ნაწილი. ცალსახაა, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ იძლევა ზიანის დეტალურ აღწერას და რეალურად ვერ გამოდგება ზიანის ოდენობის შეფასების მტკიცებულებად. რაც შეეხება ფოტო სურათებს, მათზე ნათლად ჩანს, რომ დაზღვეულ ავტომობილს უკნიდან შეჯახების შედეგად დაზიანებული აქვს უკანა ბამპერი და საბარგულის კარი, შესაბამისად მოპასუხის მიერ წარდგენილი ზოგადი შედავების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმ ხარჯების აუცილებლობის ნაწილში, რაც აღნიშნული დეტალების შეცვლა/აღდგენისთვისაა გაღებული.

25. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სათადარიგო საბურავის ლითონის ვანის დაზიანების თაობაზე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომლის დაზიანების დადასტურებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მასთან დაკავშირებული სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრებაც მართებულად გამოირიცხა.

26. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.კ.ა–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება N33, გადახდის თარიღი 03.07.2026) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე