დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.07.2026
საქმის ნომერი
ას-876-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას-876-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 სექტემბრის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ხ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) და დ.ს–ძე (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) რეგისტრირებულ ქორწინებაში 2014 წლიდან იმყოფებიან. 2022 წლამდე თერჯოლის რაიონის სოფელ ....... მხარეები ერთად ცხოვრობდნენ.

მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინათ - 2015 წლის 7 იანვარს დაბადებული გ.ს–ძე და 2016 წლის 23 იანვარს დაბადებული მ.ს–ძე.

2. მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს დაშორდნენ, ამჟამად, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. შვილებთან ერთად მოსარჩელე 2022 წლიდან ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ........... თავისი მშობლების დახმარებით ბავშვებზე დედა ზრუნავს.

3. მოსარჩელე, სს ,,ლ.ბ–ია" დასაქმებული და მისი ხელფასი თვეში 350 ლარს შეადგენდა.

4. მოპასუხე, ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია, რომელსაც ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი და თვეში 190 ლარის ოდენობით სოციალურ პაკეტს იღებს. ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა მოპასუხისთვის ზომიერად არის დასაშვები.

5. 2022 წელს მოპასუხე პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც დღემდე იმყოფება. საზღვარგარეთ წასვლამდე მოპასუხე ქ.ზესტაფონში, რესტორანში, მცხობელის პოზიციაზე იყო დასაქმებული. მოპასუხის განმარტებით, გარკვეული პერიოდის მანძილზე ის პოლონეთშიც იგივე პოზიციაზე მუშაობდა. ამჟამად, მოპასუხის დასაქმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

6. სს ,,ლ.ბ–დან“ მოპასუხეს სესხი აქვს აღებული. 2025 წლის 26 მარტის მდგომარეობით, მისი დავალიანება 763.29 ლარს შეადგენდა.

7. არასრულწლოვანი შვილები, ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი სკოლაში დადიან ზესტაფონის რაიონის სოფელ ..........., მგზავრობასა და კვებაზე, ყოველდღიურად, თითოეულს საშუალოდ 10 ლარი ესაჭიროება, მათვე სჭირდებათ სასკოლო წიგნები, რვეულები და სხვა სასკოლო ნივთები. ორივე ბავშვი დადის სწავლების გახანგრძლივებულ ჯგუფში, სადაც ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ერთ ბავშვზე - 60 ლარს შედგენს.

ბავშვები დადიან ე.წ ,,შაბათის" სკოლაშიც, სადაც თვეში გადასახდელი თანხა ერთ ბავშვზე შეადგენს - 75 ლარს, ცეკვაზე - თვეში - 40 ლარს (წლიურად 400 ლარს). გარდა ამისა, ბავშვები, დადიან სხვადასხვა აქტივობებზე, მარიამი დადის სამუსიკო სტუდიაში, ხოლო, გ. - სპორტზე, სადაც სწავლის საფასური არ არის გადასახდელი, მაგრამ ესაჭიროებათ შესაბამისი ფორმები და ინვენტარი.

8. მოსარჩელეს ორი მიმდინარე სესხი აქვს სს ,,კ.ბ–ში“, რომელთა ყოველთვიური გადასახდელი ჯამურად 460 ლარია, ასევე, იხდის სალომბარდო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროცენტს/სარგებელს, მთლიანობაში 122.5 ლარის ოდენობით თვეში.

9. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, კერძოდ, მოპასუხემ მოითხოვა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, არასრულწლოვნების სარჩენად, თითოეულ ბავშვზე მოპასუხეს 500 ლარის გადახდა დაკისრებოდა.

10. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით:

10.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

10.2. არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა, თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიურად 200 ლარის (ჯამურად 400 ლარის) ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ხოლო, მოსარჩელემ მასზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განჩინებით - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- შეგებებულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება უცლელად დარჩა.

12.1. ალიმენტის ოდენობის გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე განსაზღვრის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა შვილის რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი მოთხოვნილებები და ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა; კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვები სასკოლო ასაკის არიან, მათ სათანადო კვება, სეზონური ტანსაცმლითა და წამლებით უზრუნველყოფა, სასწავლო ნივთები, სათამაშოები სჭირდებათ. დედა, რომელიც დასაქმებულია, იძულებულია ბავშვები გახანგრძლივებულ სწავლებაზე შეიყვანოს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბავშვები დაკავებული არიან სხვადასხვა, სპორტული და სახელოვნებო აქტივობით, რაც, ასევე, დამატებით ხარჯებს საჭიროებს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, თითოეულ ბავშვზე თვეში 200 ლარის ოდენობით, აუცილებელია ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისა და მათი კეთილდღეობისთვის.

12.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის არსებული მოთხოვნების, ასევე, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით მაგისტრატმა სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხა მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 200-200 ლარით და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის მაწილობრივ (თითო ბავშვზე 100 ლარის ალიმენტის დაკისრების) დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომლითაც სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მისი შუამდგომლობა, სესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

- კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საქმეზე დართულია, არა მარტო სახსრების დაავადებაზე სოციალური მომსახურების სამსახურის ცნობა, არამედ, მოპასუხის მხედველობის დაქვეითების თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული სამედიცინო დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ მას თვალის ბადურა ჩამოშლილი აქვს და მხედველობის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხის მატარებელია, რის გამოც სამკურნალოდ პოლონეთში იმყოფება. ყველა სხვა სარჯთან ერთად კასატორს ამ დაავადების გამო მედიკამენტების შეძენისთვის საჭირო თანხები სჭირდება, რასაც მეორე ქორწინებაში მყოფი მეუღლის დახმარებით იხდის. ამდენად, მოპასუხის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სასამართლოს მითითებულ გარემოებასთან ერთობლიობაში უნდა განესაზღვრა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ

რამდენად მართლზომიერია, მოპასუხისთვის, ყოველთვიურად, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება.

18. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), და 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას) მუხლებშია წარმოდგენილი.

19. ალიმენტის დაკისრების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-1610-1511-2012, 4.02.2013).

ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ: №ას-58-49-2011, 27.06.2011; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017; №ას-1355-2019, 25.02.2020; №ას-1301-2019, 13.03.2020).

20. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები.

21. საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უპირატესია, ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ: №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019).

ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობები, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ: №ას-619-619-2018, 12.09.2018; №ას-876-2019, 26.07.2019).

22. ყურადსაღებია, რომ, როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სწავლა-განათლებისთვის გადახდილი თანხა და იგი მოიცავს ბავშვის ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (სუსგ №ას-341-2022, 14.06.2022).

23. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრება სამართლიანი და ადექვატური გადაწყვეტილებაა. კერძოდ, მხარეთა ფინასური მდგომარეობის, ასევე, არასრულწლოვნების სრულფასოვნად აღზრდისთვის საჭირო ხარჯების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე ზემომითითებული თანხების მოცულობა გონივრული და სამართლიანია. სსსკ-ის 407.2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ზემომითითებული გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა და დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით კასატორს არ გაუქარწყლებია.

24. თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შემოსავლის არქონასთან მიმართებით კასატორის პრეტენზიის უარსაყოფად გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი დასაბუთება ასევე სრულადაა გასაზიარებელი, კერძოდ: უპირველესად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნები დედასთან იზრდებიან, ამდენად უდავოა, რომ არასრულწლოვნების მამას უნდა დაეკისროს შვილების აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა.

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილები, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარეობაზე. მშობელს თუნდაც არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენის ვალდებულებისაგან (სუსგ №ას-736-20224, 23.07.2024).

ამდენად, მშობელთა ვალდებულებაა, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის სტაბილურ თანადგომას საჭიროებს.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად და საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ კასატორის არსებით არგუმენტებზე; პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ კასატორს საკუთარი სააპელაციო საჩივრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილების დამადასტურებელი მოსაზრება საკასაციო საჩივარში არ წარმოუდგენია და საკასაციო პალატაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილზე დეტალურად არ იმსჯელებს. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

28. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე) საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია