გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-715-2026
24 სექტემბერი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ვა (მოსარჩელე)
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, თ.ბ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ე.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ............., სართული 9, ბინა N94, ფართი: 68.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........) და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე თ.ბ–ვას.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ე.გ–ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ე.გ–ის სააპელაციო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი შეიტანა ე.გ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაბარდა 04.02.2026წ., რომლითაც ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 დღიანი ვადა. 09.02.2026წ. მის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივართან ერთად, ს.ფ–ის მეშვეობით, გაგზავნილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ფოსტის თანამშრომლის მიერ, შეცდომით მოხდა ადრესატის მითითება და ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოსი, ადრესატად მიეთითა თბილისის საქალაქო სასამართლო. 03.03.2026წ. დაბრუნებული წერილი, განცხადებასთან ერთად, შესაბამისი დასაბუთებით, წარდგენილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა საქმის განმხილველ მოსამართლეს, შ.წ–ძეს აღნიშნულის თაობაზე არ უმსჯელია და ისე მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8.სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
10. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, თ.ბ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ე.გ–ის უკანონო მფლობელობიდან, გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ............, ფართი: 68.50 კვ.მ. (ს/კ N..........) და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე თ.ბ–ვას.
10.1 ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ე.გ–მა. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2025 წლის 10 სექტემბერს.
10.2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს, დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მის: ....) წარედგინა დაზუსტებული (დასაბუთებული) სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
10.3 ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ი.ს–ს ჩაბარდა 2025 წლის 21 ოქტომბერს.
10.4. 2025 წლის 24 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრულ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, ი.ს–მა და იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება.
10.5 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის - ი.ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აპელანტს, გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 05 დღით.
10.6 ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ი.ს–ს ჩაბარდა 2025 წლის 26 ნოემბერს. 2025 წლის 15 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, ი.ს–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინებაზე განცხადება გამოგზავნილია ფოსტის მეშვეობით, თუმცა კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა დროულად წარმოდგენა.
10.7. 2025 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, ი.ს–მა, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. განცხადებას ერთვის ფოსტის უკუგზავნილი, რომლითაც დგინდება, რომ იგი ფოსტაში ჩაბარებულია 2025 წლის 01 დეკემბერს.
10.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, აპელანტს, კიდევ ერთხელ გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადა, 5 დღით. განჩინება მხარეს ჩაბარდა 2026 წლის, 04 თებერვალს.
10.9 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ე.გ–ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, დარჩა განუხილველი.
11.საკასაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ურთიერთშეჯერების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განხილვის საჭიროება.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
13. საკასაციო სასამართლო, საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამრიგად, საფოსტო მომსახურებით სარგებლობისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა დაცულად რომ ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია არა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სასამართლოში ფაქტობრივად მიტანის თარიღი, არამედ - მათი ფოსტაში ჩაბარების მომენტი (იხ.სუსგ. საქმე №ას-1088-2023, 17 ნოემბერი, 2023 წელი; საქმე ას-8-2026, 05.06.2026წ; ას-598-2026, 25.05.2026წ.)
14. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2026 წლის 09 თებერვალს, შპს „ს.ფ–ას“ ჩაბარდა ე.გ–ის გზავნილი, რომელზეც ადრესატის მისამართად მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისამართი: თბილისი, ............. (იხ ს.ფ. 151,150), ს.ფ. 151-ზე განთავსებული კონვერტიდან, ასევე ირკვევა, რომ არასრული მისამართის გამო, 2026 წლის 24 თებერვალს, გზავნილი დაბრუნდა ფოსტაში, ხოლო მოგვიანებით, დაუბრუნდა გამგზავნს. ს.ფ. 150-ზე განთავსებული სს "ს.ფ–ის" რეესტრით დასტურდება, რომ ს.ფ–ის მიერ, გზავნილის ადრესატად შეცდომით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, მითითებულია თბილისის საქალაქო სასამართლო.
15. აქვე, საკასაციო პალატა, ყურადღებას მიაქცევს ს.ფ.158-ზე განთავსებულ ბაჟის ქვითარზე, საიდანაც ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენლის, ი.ს–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი, 80 ლარის ოდენობით, გადახდილია სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადაში, 2026 წლის 09 თებერვალს.
16. საკასაციო სასამართლო, კვლავ მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. საკასაციო პალატა, წინამდებარე განჩინების პ. 14-ში მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელმა გზავნილი ხარვეზით დადგენილი ვადის დაცვით გააგზავნა, რაც სსსკ-ის 61.3 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია (შდრ: სუსგ-ები: №ას-645-2021, 24 სექტემბერი, 2021 წ, პ.22; №ას-139-2019, 15 მარტი, 2019 წ. პ.26. №ას-1655-2023 06 თებერვალი, 2024 წელი).
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ, შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, „ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, §57, 2010, ECHR).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე.გ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი