დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-230-2026 16 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ლ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ი.ლ–ძე, ვ.ლ–ძე (აპელანტები, მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამკვიდრებელი - 1973 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი ლ.ლ–ძე ქორწინებაში იმყოფებოდა 1941 წლის 21 აპრილს გარდაცვლილ ი.ლ–სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი: დ.ლ–ძე, ვ.ლ–ძე და ვ.ლ–ძე. დ.ლ–ძე გარდაიცვალა 1983 წლის 3 ივნისს. ვ.ლ–ძე გარდაიცვალა 1979 წლის 9 მარტს. ვ.ლ–ძე გარდაიცვალა 1971 წლის 29 მარტს;
2. 1970 წლის 29 ივნისს ქ. თბილისის 1-ლი სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა ლ.ლ–ძის სახელზე (წარმომადგენელი თ.ლ–ძე),რომლის მიხედვით, ლ.ლ–ძის მეუღლის ი.ლ–ძის გარდაცვალების შემდეგ, სახლის - მის.: ქ. თბილისი, ........., №3 ნახევარი ნაწილი საკუთრების წესით ეკუთვნის ლ.ლ–ძეს, ხოლო მეორე ნახევარზე კი, ამავე სახლის მემკვიდრედ ცნობილი იქნა იგივე - ლ.ლ–ძე. ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება - მის.: ქ. თბილისი, .........
3. დ.ლ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო თ.ჩ–ძესთან. მათ შეეძინათ სამი შვილი: თ.ლ–ძე, დ.ლ–ძე და ვ.ლ–ძე. თ.ჩ–ძე გარდაიცვალა 2009 წლის 24 ივნისს.თ.ლ–ძე გარდაიცვალა 2021 წლის 8 დეკემბერს. დ.ლ–ძე გარდაიცვალა 2022 წლის 19 მარტს. ის რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, ასევე არ ჰყოლია შვილი.
4. თ.ლ–ძეს ა.ქ–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინა ორი შვილი: თ.ლ–ძე და დ.ლ–ძე.
5. 2022 წლის 2 თებერვალს ნოტარიუსს 1983 წლის 30 მაისს გარდაცვლილი დ.ი. ძე ლ–ძის სამკვიდროს მიღების/ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ მიმართეს ა.ქ–მა და შვილებმა, დ.ლ–ძემ და თ.ლ–ძემ, ხოლო ვ.ლ–ძემ 2024 წლის 6 თებერვალს დაადასტურა სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი და თანხმობა განაცხადა დ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებაში შემავალი მისი გარდაცვლილი დედის - ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაიცეს თ.ლ–ძის მემკვიდრეების, მეუღლის - ა.ქ–ის და შვილების, დ.ლ–ძის და თ.ლ–ძის სახელზე. ანდერძების ერთიან ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი დ.ი. ძე ლ–ძის და თ. დ. ძე ლ–ძის სახელით შესრულებული ანდერძის თაობაზე არ არსებობს;
6. 2023 წლის 8 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა თ.ლ–ძის სამკვიდროს ა.ქ–ის, დ.ლ–ძისა და თ.ლ–ძის, როგორც 2021 წლის 7 დეკემბერს გარდაცვლილი თ.ლ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ.
7. 1979 წელს გარდაცვლილი ვ.ლ–ძე ქორწინებაში იმყოფებოდა 21.06.1993წ. გარდაცვლილ ბ.ხ–თან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - მ.ლ–ძე. მ.ლ–ძემ მიიღო მამის - ვ.ლ–ძის სამკვიდრო. ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ იძებნება ჩანაწერი ვ.ლ–ძის სახელით შესრულებული ანდერძის თაობაზე. 1979 წლის 14 სექტემბერს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მის სამკვიდროზე.
8. ვ.ლ–ძე ქორწინებაში იმყოფებოდა ზ.გ–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: თ.ლ–ძე და ც. ლ–ძე. ც. ლ–ძე გარდაიცვალა 2021 წელს. თ.ლ–ძე გარდაიცვალა 1996 წელს. თ.ლ–ძე ქორწინებაში იმყოფებოდა ს. შ–თან. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი ი.ლ–ძე და ვ.ლ–ძე. ს. შ. გარდაიცვალა 2016 წლის 11 სექტემბერს.
9. ლ.ლ–ძემ შვილიშვილს - ვ.ლ–ძის შვილს - თ.ლ–ძეს უანდერძა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, ........... ........., 1/3 ნაწილი.1982 წლის 1 დეკემბერს თ.ლ–ძის სახელზე გაიცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზე 2007 წლის 3 აგვისტოს უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, ........, ს/კ №.........., 1/3 ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა თ.ლ–ძეზე.
10. 2007 წლის 21 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით, ს. შ–ამ, ი. და ვ.ლ–ძეებმა მიიღეს მამკვიდრებლის - 1996 წლის 23 მაისს გარდაცვლილი თ.ლ–ძის სამკვიდრო - მის.: ქ. თბილისი, ........... 1/3 წილი თავისი წილი კუთვნილი მიწის ნაკვეთით. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მითითებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა ვ.ლ–ძის, ი.ლ–ძისა და ს.შ–ას სახელზე.
11. 2016 წლის 28 აპრილს ვ.ლ–ძემ (როგორც მჩუქებელმა) ი.ლ–ძეს (როგორც დასაჩუქრებულს) აჩუქა უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, ......... 1/3 წილიდან მის საკუთრებაში არსებული წილი და მითითებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი.ლ–ძის სახელზე. 2018 წლის 8 ივნისის სამკვიდრო მოწმობით ს.შ–ას სამკვიდრო ქონება - მის.: ქ. თბილისი, ........ 1/3 წილიდან 1/9 წილი სრულად მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა ი.ლ–ძემ. მეორე პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა ვ.ლ–ძემ ძმის სასარგებლოდ უარი განაცხადა დედის სამკვიდროს მიღებაზე. საბოლოოდ ი.ლ–ძე საჯარო რეესტრში აღირიცხა მთლიანი უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ;
12. ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ვ.ლ–ძემ, ხოლო მისი სამკვიდრო - თ.ლ–ძემ. 2021 წლის 26 მაისის სამკვიდრო მოწმობებით, ვ.ლ–ძემ და ი.ლ–ძემ მიიღეს 1996 წლის 23 მაისს გარდაცვლილი მამის თ.ლ–ძის სამკვიდრო ქონება, რომელიც შეადგენდა გარდაცვლილი ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონების, კერძოდ, უძრავი ქონების მის.: ქ. თბილისი, .........., დარჩენილი 2/3 წილიდან ½ ნაწილის 1/3 ნაწილს თითოეულის შემთხვევაში.
13. 2021 წლის 26 მაისის სამკვიდრო მოწმობით, ი.ლ–ძემ მიიღო 2016 წლის 11 სექტემბერს გარდაცვლილი დედის - ს.შ–ას სამკვიდრო ქონება, რომელიც შეადგენდა გარდაცვლილი მეუღლის თ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებაში შემავალი, გარდაცვლილი ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონების კერძოდ, უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, ........., დარჩენილი 2/3 წილიდან ½ ნაწილის 1/3 ნაწილს. ლ.ლ–ძის დარჩენილ სამკვიდროზე - უძრავი ქონების მის.: ქ. თბილისი, .........., დარჩენილი 2/3 წილიდან ½ ნაწილის 1/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.
14. მითითებული სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, საბოლოოდ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, ............, ს/კ №..........-ის 5/9 ნაწილის მესაკუთრედ აღირიცხა ი.ლ–ძე, ხოლო 1/9 ნაწილის მესაკუთრედ - ვ.ლ–ძე
15. დ.ლ–ძემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის - ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონება, ხოლო დ.ლ–ძის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო თ.ლ–ძემ.
16. ვ.ლ–ძემ დამსაქმებელი ორგანიზაციისგან მიიღო საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ........., და ოჯახთან ერთად გადავიდა იქ საცხოვრებლად.
17. ვ.ლ–ძე დედის ლ.ლ–ძის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.
18. სასარჩელო მოთხოვნა
18.1. მ.ლ–ძემ, ა.ქ–მა, თ.ლ–ძემ და დ.ლ–ძემ (შემდეგში მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი.ლ–ძისა და ვ.ლ–ძის (შემდეგში მოპასუხეები, აპელანტები) მიმართ და მოითხოვეს: 2021 წლის 26 მაისს მოპასუხეების სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობების: ინდ. ნომერი №21051802, რეგ. ნომერი №09480498640521, ინდ. ნომერი №210...., რეგ. ნომერი №32050286034421, და ინდ. ნომერი №210...., რეგის. №157274973991921, ბათილად ცნობა ჯამში 1/9 ნაწილში; ა.ქ–ის, თ.ლ–ძის და დ.ლ–ძის ცნობა უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, .........., ს/კ .........., 2/9 წილის თანამესაკუთრეებად; მ.ლ–ძის ცნობა უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, ........ (სკ ..........), 2/9 წილის მესაკუთრედ. სარჩელის მიხედვით, 2021 წლის 26 მაისს ნოტარიუსის მიერ გასცა სამი სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონების, კერძოდ, კანონისმიერი მემკვიდრეობისთვის დატოვებული წილიდან 1/2 (6/9-იდან 3/9) ნაწილში, რომელიც შემდეგი საფუძვლებით მიიღეს ვ. და ი.ლ–ძეებმა: 1) ვ.ლ–ძემ მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამის თ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებაში შემავალი გარდაცვლილი ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონების წილიდან 1/2 ნაწილის 1/3 ნაწილზე (მთლიანი ქონების 1/9); 2) ი.ლ–ძემ მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამის თ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებაში შემავალი გარდაცვლილი ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონების წილიდან, კერძოდ, ქონების 2/3 ნაწილიდან 1/2 ნაწილის 1/3 ნაწილზე (მთლიანი ქონების 1/9); 3) ი.ლ–ძემ მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა დედის ს.შ–ას სამკვიდრო ქონებაში შემავალი მისი გარდაცვლილი მეუღლის თ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებაში შემავალი გარდაცვლილი ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონების, კერძოდ, უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ........., ს/კ ........, 2/3 ნაწილიდან 1/2 ნაწილის 1/3 ნაწილზე (მთლიანი ქონების 1/9).
18.2. მოპასუხეებმა ნოტარიუსი შეცდომაში შეიყვანეს და კანონისმიერი მემკვიდრეობისთვის განკუთვნილი 2/3 წილიდან 1/3 წილის ნაცვლად მიიღეს უფრო მეტი - 2/3 წილის 1/2, ნაცვლად 2/3 წილის 1/3-ისა. შესაბამისად, 2021 წლის 26 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას წილთა გადანაწილების ნაწილში. ამგვარი სამკვიდრო მოწმობის პირობებში, მემკვიდრეობის უფლება წაერთვა ლ.ლ–ძის შვილებიდან ვ.ლ–ძის შვილს - მ.ლ–ძეს და მისი წილი უკანონოდ იქნა მითვისებული მოპასუხეების მიერ. 2021 წლის 26 მაისს გახსნილი სამკვიდრო მოწმობების პირობებში, მოსარჩელეებს არ ეძლევათ მემკვიდრეობის უფლების რეალიზებისა და წილის სამართლიანი ოდენობით მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელეებმა გამოთქვეს სამკვიდროს მიღების სურვილი, რაც გამოიხატება როგორც სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენით სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, ასევე სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით. ა.ქ–მა და მისმა შვილებმა თ.ლ–ძის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართეს ნოტარიუსს, ხოლო თავის მხრივ თ–მა მამის - დ.ლ–ძის სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების გზით, ხოლო ამ უკანასკნელმა დედის - ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონება მიიღო ასევე ფაქტობრივი დაუფლებით. ამდენად, არსებობს უწყვეტი ჯაჭვი მემკვიდრეთა მიერ, რომლებმაც ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს სამკვიდრო ქონება მამკვიდრებლის - ლ.ლ–ძისაგან. ხოლო მ.ლ–ძემ სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების წესით მამის ვარლამის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო ამ უკანასკნელმა კი, დედის - ლ–ის გარდაცვალებიდან მიიღო ფაქტობრივი დაუფლების გზით კანონით დადგენილ ვადაში. ამდენად, ანდერძის მიღმა დარჩენილი მთელი სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილი უნდა გადანაწილდეს კანონისმიერ მემკვიდრეთა შორის შემდეგნაირად: 1/3 ნაწილი თანაბრად მოპასუხეების ი. და ვ.ლ–ძის სასარგებლოდ, 1/3 ნაწილი მოსარჩელეების ა.ქ–ისა და მის შვილების თ. და დ.ლ–ძეების სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი 1/3 ნაწილი მ.ლ–ძის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოსარჩელეები ა.ქ–ი, თ.ლ–ძე და დ.ლ–ძე ითხოვენ კანონისმიერი მემკვიდრეობის 2/3 წილიდან 1/3 ნაწილს, რომელიც გულისხმობს სრული ქონების 2/9 ნაწილზე მესაკუთრეებად ცნობას, ხოლო მ.ლ–ძე ითხოვს დარჩენილი 2/3 ნაწილის, 1/3 ნაწილს, რას გულისხმობს მთელი ქონების 2/9 ნაწილზე მესაკუთრეებად ცნობას. ერთობლიობაში მოსარჩელეებს ეკუთვნით მთელი ქონების 4/9 ნაწილი, ხოლო მოპასუხეებს 5/9 ნაწილი (3/9 ანდერძისმიერი მემკვიდრეობიდან, ხოლო კანონისმიერიდან - 2/9). მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ვ.ლ–ძემ კანონით დადგენილი წესით მიიღო დედის დანატოვარი სამკვიდრო ქონება, კერძოდ, მან მონაწილეობა მიიღო დედის დაკრძალვაში და გაიღო როგორც დაკრძალვის, ასევე გარდაცვალებიდან 40 დღის გადახდის ხარჯები. მართალია, მან მიიღო საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ........., თუმცა დედის სიცოცხლეში მის სახელზე გამოყოფილი იყო საძინებელი ოთახი, სადაც მისი შეძენილი ავეჯი დღემდე განთავსებულია.
19. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, დ.ლ–ძის შვილის თ.ლ–ძის მემკვიდრეების: თ.ლ–ძის, დ.ლ–ძის და ა.ქ–ის მოთხოვნის ნაწილში და მიუთითეს, რომ ვ–ის შვილმა თ–მა მიიღო ანდერძისმიერი მემკვიდრეობა ბებიის დანაშთ ქონებაზე, ხოლო რაც შეეხება დ–სა და ვ–ს, დ. შეუდგა სადავო ქონების ფლობას და მისი მემკვიდრეები დღემდე ფლობენ ქონებას. ხოლო ვ.ლ–ძემ 1964 წელს დატოვა თავის ოჯახთან ერთად აღნიშნული სადავო საცხოვრებელი სახლი და გადავიდა მოსკოვის გამზირზე, სადაც გარდაცვალებამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ვ.ლ–ძე გარდაიცვალა 1979 წელს. ვ–ს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია სადავო ქონების წილზე და ფაქტობრივი ფლობაც არ უდასტურდებოდა, იმიტომ, რომ აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. მოპასუხეების განმარტებით, მათი მამა წლების განმავლობაში მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და შემდგომაც, სიცოცხლის პერიოდში იხდიდა სადავო ქონების მიწის ნაკვეთის გადასახადს და ამავე დროს დაზღვევის თანხასაც. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს რომ აქ ძმებს შორის დავა არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადებს მხოლოდ მოპასუხეების მამა არ გადაიხდიდა.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. 2021 წლის 26 მაისს მოპასუხეთა სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობები: 1) ინდ. ნომერი №21051.., რეგ. ნომერი №09480498640521, 2) ინდ. ნომერი №210515..., რეგ. ნომერი №32050286034421, და 3) ინდ. ნომერი №210515..., რეგის. №157274973991921, ბათილად იქნა ცნობილი ჯამში 1/9 ნაწილში. ა.ქ–ი, თ.ლ–ძე და დ.ლ–ძე ცნობილ იქნენ უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, ......... (სკ ........), 2/9 წილის თანამესაკუთრეებად. მ.ლ–ძე ცნობილ იქნა უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, .......... (სკ ........), 2/9 წილის მესაკუთრედ.
21. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 გადაწყვეტილებით, ვ.ლ–ძისა და ი.ლ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ლ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას, კერძოდ, აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება. ამრიგად, მოსარჩელეთა მოთხოვნა წარმატებული იქნება, თუ ისინი სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს დაადასტურებენ. ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა)
22.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მის ბატონობას დაადასტურებდა. ასევე, არ დასტურდება არც ვ.ლ–ძის მიერ შეძენილი ავეჯის მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში განთავსების ფაქტი. საქმეზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს არ მიუთითებია, რომ მოძრავი ნივთები ამჟამადაც სადავო უძრავ ქონებაში მდებარეობას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ.ლ–ძის სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითებს საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებებიც: სადავო არაა, რომ მოსარჩელის მამა ვ.ლ–ძე 1964 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა სხვა მისამართზე (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირზე). მას მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1973 წლიდან 6 თვის განმავლობაში სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების შესახებ გაცხადება არ შეუტანია; ვ.ლ–ძე 1973 წლამდე და მას შემდეგაც არ იხდიდა სადავო ქონებასთან დაკავშირებულ გადასახადებს. ამ სახის გადასახადებს იხდიდა თ.ლ–ძე, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით; 1979 წლის 14 სექტემბრის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მოსკოვის გამზირზე მდებარე ქონება გადაეცა მის მემკვიდრეს მ.ლ–ძეს, რაც მიუთითებს, რომ დედის გარდაცვალების დროს და მას შემდეგაც ვ.ლ–ძემ სხვა მისამართზე ცხოვრობდა.
23. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
23.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
23.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ შერჩევითად შეაფასა სადავო საკითხები. ლერაბ ლობჟანიძემ სადავო სამკვიდრო ქონება მიიღო ტრანსმისიით, მამის - ვ.ლ–ძის მეშვეობით. ამიტომ, სადავო საკითხია ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონება მიიღო თუ არა ამ უკანასკნელის გარდაცვალებიდან 6 თვეში ვ.ლ–ძემ. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ვ.ლ–ძის მიერ. სასამართლომ ასევე დაკითხა ზ.უ–ი და ნ.ლ–ძე და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რაც დაუსაბუთებელია.
23.3. ვ.ლ–ძე არის ლ.ლ–ძის შვილიშვილი, ხოლო დ.ლ–ძის შვილი. ვ.ლ–ნე ლ.ლ–ძის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, ამდენად, მოწმისთვის კარგადაა ცნობილი სადავო პერიოდში დაეუფლა თუ არა ფაქტობრივად მ.ლ–ძე და მამა - ვ.ლ–ძე სადავო ქონებას.
23.4. ასევე, მოწმემ დაადასტურა რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებას ესწრებოდნენ ვ.ლ–ძეც და მ.ლ–ძეც. დაკრძალვის ხარჯები გაიღო ვ.ლ–ძემ ძმასთან, დ.ლ–ძესთან ერთად. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში, მ.ლ–ძე და ვ.ლ–ძე სადავო სახლში რჩებოდნენ. ვ.ლ–ძის შეძენილი ავეჯი დღემდეა სადავო სახლში, რომლითაც სარგებლობს ა.ქ–ი შვილებთან ერთად.
23.5. საქმეში არ წარმოდგენილა რამე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ვ.ლ–ძემ უარი თქვა დედის სამკვიდრო ქონების მიღებაზე. თუნდაც ვ–ს დ–თვის დაეთმო წილი, გაუგებარია, რა საფუძვლით უნდა მიიღოს 2/3 წილიდან ½ და 1/3 ნაცვლად. თუ კი სასამართლო დაუშვებს, რომ ვ–მმა წილი დათმო ძმის სასარგებლოდ, მაშინ ა.ქ–ს, თ. და დ.ლ–ძეებს უნდა გაეზარდოთ წილი.
23.6. კასატორებისთვის არადამაჯერებელია ზ.უ–ის ჩვენება, რამდენადაც ის ფაქტებს მიუთითებს, როდესაც იყო 5 წლის, რაც რეალობის აღქმას ვერ გახდის ავთენტურს. მანვე ვერ გაიხსენა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მ. და ვ.ლ–ძეები რჩებოდნენ თუ არა სადავო სახლში. მოწმის განმარტებით, თ.ლ–ძე (ი. და ვ.ლ–ძეების მამა) იხდიდა უძრავი ქონების სავალდებულო დაზღვევას და გადასახადებს. კასატორის მითითებით, რთული დასაჯერებელია 50 წლის წინანდელი ინფორმაცია დაემახსოვრებინა იმ დროისთვის 5 წლის ასაკის ზ. უ–ს.
23.7. რაც შეეხება მოწმე ნ. ლ–ძეს, ის მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს 16 წლის იყო. მან ვერ გაიხსენა ესწრებოდა თუ არა ბებიის დაკრძალვას და იმყოფებოდა თუ არა იქ მ.ლ–ძე ან მამამისი. ასევე, არაფერი იცის ვ.ლ–ძის მიერ სამკვიდრო ქონებიდან წილის დათმობის შესახებ. მას ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია მამკვიდრებელსა და მის შვილებთან, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ ის დაკრძალვას არ დასწრებია.
23.8. აღნიშნული მოწმეების ჩვენებების მიხედვით უნდა ითქვას, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია სადავო ფაქტების შესახებ, არასდროს უცხოვრიათ სამკვიდრო სახლში და იშვიათად სტუმრობდნენ მას. ამის ფონზე, სააპელაციო პალატის დასაბუთება გაუგებარია, რამდენადაც მოწმეებმა ვერ გაიხსენეს სადავო პერიოდის მოვლენები.
23.9. რაც შეეხება ვ.ლ–ძის განმარტებას, მან თავისი წილი დათმო ძმის თეიმურაზის მემკვიდრეების სასარგებლოდ, ხოლო აღნიშნულმა მემკვიდრეებმა (ა.ქ–ი, თამარ და დ.ლ–ძეები) საკუთარი წილის შემცირების გათვალისწინებით, დაადასტურეს ვ.ლ–ძის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი.
23.10. პალატა მიუთითებს, რომ ვ. და ი.ლ–ძეებმა განზრახ არ მიაწოდეს ინფორმაცია ნოტარიუსს მესამე მემკვიდრის არსებობის შესახებ. ამდენად, ნოტარიუსმა არასწორად გადაანაწილა ანდერძის მიღმა დარჩენილი 2/3 წილი დავითისა და ვლადიმერის მემკვიდრეებზე. შესაბამისად, მ.ლ–ძის ხარჯზე გაიზარდა წილი მოწინააღმდეგე მხარეებმა მიიღეს არასწორად 2/3 დან 1/3 ნაცვლად ½-ისა. ნოტარიუსისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების პირობებში, მ.ლ–ძისათვის ანდერძის მიღება დარჩენილი 2/3 დან 1.3 წილი ღია უნდა დაეტოვებინა ნოტარიუსს. ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში მ.ლ–ძე ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს დაადგენდა ან სხვა მემკვიდრეები დაუდასტურებდნენ ფაქტობრივი დაუფლების გზით მემკვიდრეობის მიღებას და მათი თანხმობით გაიცემოდა სამკვიდრო მოწმობა.
23.11. სააპელაციო პალატამ მსჯელობის მიღმა დატოვა მოწინააღმდეგე მხარის ქცევა - ნოტარიუსის განზრახ შეცდომაში შეყვანა, სხვა მემკვიდრის არსებობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა და შემდგომ მისი წილის მითვისება. ნოტარიუსს 2/3 დან 1/3 წილი ღია უნდა დაეტოვებინა. თუ მ.ლ–ძე ვერ დაადასტურებდა ნოტარიუსთან ფაქტობრივი დაუფლების გზით ვ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებაში შემავალი, დედის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტს, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაენაწილებინა 1/3 წილი თანაბრად სხვა მემკვიდრეებზე.
23.12. პალატა მიუთითებს, რომ ვ.ლ–ძე დედის გარდაცვალების შემდეგ სხვა მისამართზე ცხოვრობდა, რაც დაუსაბუთებელია. ამ კუთხით საქმეში მტკიცებულება არ მოიპოვება. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა, სადაც მითითებულია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ვ.ლ–ძის სამკვიდრო ქონებაზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს, რომ სამკვიდრო მოწმობა მ.ლ–ძის სასარგებლოდ იყოს გაცემული. ასევე, 1964 წლის სამოქალაქო კოდექსი არ ზღუდავს სხვა ქონების საკუთრებას, ამიტომ სხვა მისამართზე ცხოვრება უსაფუძვლო არგუმენტია. მ.ლ–ძის მამას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, თუმცა, ეს არ გამორიცხავს დედის სამკვიდრო ქონების მიტოვებას. ამასთან, მ.ლ–ძის გაზრდაში ეხმარებოდა ვ.ლ–ძის ძმა - დ.ლ–ძე და სკოლაში სწორედ სადავო სახლიდან დადიოდა. ამასთან, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებისთვის არ არის აუცილებელი მუდმივად აღნიშნულ სახლში ცხოვრება.
23.13. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული დასახელებული მტკიცებულებები არ გამორიცხავს, რომ თ.ლ–ძის გარდა ლ.ლ–ძის სხვა მემკვიდრეებმა არ მიიღეს სამკვიდრო. ქონების გადასახადის ქვითრები შეიძლება თ.ლ–ძის მიერ სამკვიდრო ქონების მიღების სამტკიცებლად გამოდგეს, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ასევე, ქონების გადასახადთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ რამდენადაც ქონება არ იყო დაყოფილი, მასზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი ქვითარი თ.ლ–ძის სახელით, შესაბამისად, მხოლოდ თ.ლ–ძე იღებდა ქვითარს.
23.14. მოპასუხეებმა ასევე საპროცესო ნორმების დარღვევით წარადგინეს დაზუსტებული შესაგებელი, რომლის უფლებაც მათ ამ მოცემულობაში არ ჰქონდათ.
24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მთავარი კვლევის საგანია შეფასდეს სადავო უძრავ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის კანონიერება და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობის მართლზომიერება სამკვიდრო ქონების 2/9 წილზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ აღიარების კუთხით.
20. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განსაზღვრავს სადავო შემთხვევის საკანონმდებლო რეგულირების საკითხს, კერძოდ, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1973 წლის 31 იანვარს, შესაბამისად, ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული ამჟამინდელი სამოქალაქო კოდექსი (ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბერს). ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმეში არ მოიპოვება რამე სახის შეთანხმება/დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეების მიერ ამჟამად მოქმედი რეგულირებით საკითხის მოწესრიგება. ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიმთითებლური ხასიათიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევის მოსაწესრიგებლად უნდა იქნეს გამოყენებული სსსრ-ის 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმები. კერძოდ, კანონის 556-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ასევე, 558-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრედ მოწოდებული პირი გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ და ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში, სამკვიდროს იმ წილის მიღების უფლება, რაც გარდაცვლილს ერგებოდა, მის მემკვიდრეებზე გადადის.
21. ზემოაღნიშნული ნორმების სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებულია ორ უმთავრეს წინაპირობასთან: სამკვიდრო მასის გახსნის მომენტთან და მის მიღებასთან. სამკვიდროს გახსნის მომენტი ავტომატურად არ ნიშნავს მის მიღებას, არამედ ეს ორი კრიტერიუმი კუმულაციურად უნდა დაკმაყოფილდეს საკუთრების უფლების წარმოშობისთვის. თავის მხრივ, სამკვიდროს გახსნა მემკვიდრის მოქმედებაზე არ არის დამოკიდებული, ის თავისთავად განხორციელებადი ფაქტია, ხოლო რაც შეეხება სამკვიდროს მიღების ფაქტს, ეს მოითხოვს მემკვიდრის აქტიურ იურიდიულ მოქმედებას, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც ფაქტობრივი დაუფლების, ან ნოტარიუსის მეშვეობით ფორმალური გაფორმების გზით.
22. დასახელებული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების ნებას, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით: სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, გაქირავებით, სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებითა და სარგებლობით (სუსგ. №ას-844-794-2015, 02 დეკემბერი, 2015 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში, მოწმეების ჩვენებებით არ დადგინდა, რომ მოსარჩელემ სამკვდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო. მოწმეები უთითებენ, რომ მოსარჩლეები დადიოდნენ სადავო ქონებაში, მაგრამ მათი მიზანი იყო არა ოჯახის წევრების მონახულება, არამედ სწორედ სადავო სახლის, როგორც მათ მიერ მიჩნეული მათივე ქონების გამოყენება და მოვლა.
24. მოწმე ვ.ლ–ძე მიუთითებს, რომ მან მამისგან და ძმისგან (დ. და თ.ლ–ძეებისგან) იცის, რომ ვ.ლ–ძემ მისი წილი მამამისს (დ.ლ–ძეს) დაუტოვა. ამასთან, ვ.ლ–ძეს სამკვიდროს წილი აღარ მოუთხოვია. მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებისას 15 წლის იყო და 1973 წლიდან 6 თვის განმავლობაში ის მამკვიდრებლის სახლში არ ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენებით არ დგინდება ვ.ლ–ძის მიერ 6 თვის ვადაში სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი, რამდენადაც თავად მოწმე ამ პერიოდში სადავო სახლში არ იმყოფებოდა.
25. მოწმე ზ.უ–ის ჩვენებით დადგინდა, რომ სამკვიდროს გახსნის მომენტში 5 წლის იყო და ვერ ადასტურებს დაკრძალვაზე ვ.ლ–ძის ყოფნას, ან დაკრძალვის ხარჯების მის მიერ გადახდის ფაქტს. ზოგადად იცის, რომ მოსარჩელის მამას არ ჰქონდა პრეტენზია სამკვიდრო ქონებაზე, ასევე არ ფლობს ინფორმაციას იყო თუ არა ვ.ლ–ძის ქონება სადავო სახლში.
26. მოწმე ნ.ლ–ძის ჩვენებით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში 16 წლის იყო და მამკვიდრებელთან სტუმრად დადიოდა, რა პერიოდშიც თ. და თ.ლ–ძეების ოჯახის წევრების გარდა არავინ უნახავს იქ. ასევე, ვერ ადასტურებს მოსარჩელის ყოფნას სახლში მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში.
27. მოწმე ვ.ლ–ძის ჩვენება, რომ მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები ნაწილობრივ დაფარა ვ. ლ–ძემ - ემთხვევა მოსარჩელის პოზიციასაც, თუმცა, ამის მიუხედავად, თუნდაც დასტურდებოდეს აღნიშნული ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტი (გარდაცვალების ხარჯების დაფარვა) არ წარმოადგენს სამართლებრივად რელევანტურ ფაქტს იმისთვის, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი გზით მიღება დადასტურდეს.
28. ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებები როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში არ იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობის გზით მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის მანძილზე მიიღო სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში შეაფასა როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ისე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი რელევანტურობის საკითხი. ამავდროულად, თავად მოსარჩელის მიერაც არ ყოფილა სხვა სახის ისეთი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომლებიც სასამართლოს მისცემდა მათი გამოკვლევის შედეგად სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღების დადგენის შესაძლებლობას.
29. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა მიუთითებს სხვა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზეც, რომ მხარეთა შორის არ არის სადავო ვ.ლ–ძის 1964 წელს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის ფაქტი, სანოტარო ბიუროში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარუდგენლობა, სადავო ქონებაზე არსებული გადასახადების გადაუხდელობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, დადგინდა, რომ თ.ლ–ძე იხდიდა შესაბამის გადასახადებს, ასევე, 1979 წლის 14 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მოსკოვის გამზირზე მდებარე ქონება გადაეცა მის მემკვიდრეს მ.ლ–ძეს, რაც მიუთითებს, რომ დედის გარდაცვალების დროს და შემდეგ, ვ.ლ–ძე სხვა მისამართზე ცხოვრობდა.
30. საკასაციო პალატა სადავო სამკვიდრო მოწმობებთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ ლ.ლ–ძის სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილი მის სამ პირველ რიგის მემკვიდრეზე თანაბრად უნდა განაწილებულიყო. შესაბამისად, დ., ვ–და ვ.ლ–ძეების თითოეული წილი შეადგენდა მთლიანი უძრავი ქონების 2/9-ს, ვინაიდან 2/3-ის (6/9-ის) თითოეულ მემკვიდრეზე 1/3-ის ოდენობით განაწილების შედეგად თითოეულს 2/9 წილი ეკუთვნოდა. დ.ლ–ძის კუთვნილი 2/9 წილი თავდაპირველად თ.ლ–ძეზე გადავიდა, ხოლო ამ უკანასკნელის სამკვიდრო კი მოსარჩელეებზე, თ.ლ–ძეზე, დ.ლ–ძესა და ა.ქ–ზე. შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაში მოსარჩელეთა კუთვნილი წილი 2/9-ით განისაზღვრება. ვ.ლ–ძის კუთვნილი 2/9 წილი კი მის შვილს, მოსარჩელე მ.ლ–ძეს უნდა გადაეცეს, ხოლო დარჩენილი 2/9 წილი თ.ლ–ძის მემკვიდრეებს მოპასუხეებს, ი. და ვ.ლ–ძეებს უნდა დარჩეთ. ამასთანვე, 2021 წლის 26 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, სამკვიდრო ქონება, რომელიც ანდერძის გარეთ დარჩა მთლიანი უძრავი ქონების 2/3 ნაწილიდან, 1/2 წილი სამკვიდრო მოწმობით გაუფორმებელი, ღია სახით არის დარჩენილი, ხოლო მეორე 1/2 წილზე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია ვ.ლ–ძის შვილის, თ.ლ–ძის მემკვიდრეების, ი.ლ–ძის, ვ.ლ–ძისა და ს.შ–ას მემკვიდრის, ი.ლ–ძის სახელზე. შესაბამისად, მოსარჩელეთა კუთვნილი წილის შევსება უნდა მოხდეს, პირველ რიგში, ანდერძსგარეთ დარჩენილი სამკვიდრო ქონების იმ 1/2 წილიდან, რომელიც დაუფარავი დარჩა, ხოლო დარჩენილი ნაწილის შემთხვევაში მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებული წილიდან.
31. ვინაიდან მ.ლ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სადავო სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის საფუძველი, ჯამში, 1/9 ნაწილის ოდენობით, არ არსებობს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც სწორად განსაზღვრა სამკვიდრო ქონების გადანაწილების წესი.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ.ლ–ძეს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N45542176070; გადახდის თარიღი: 23.03.2026) 1524 ლარის 70% - 1066.8 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი