დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-4356-შ-150-2026 8 ოქტომბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.წ–ლი
განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის ოლქის, საოლქო განყოფილება-კამერონის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების (№ 2022-855) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის ოლქის, საოლქო განყოფილება-კამერონის 2023 წლის 22 მარტის (№ 2022-855) გადაწყვეტილებით განქორწინდნენ გ.თ.ბ–ი და თ.წ–ლი და განთავისუფლდნენ საქორწინო მოვალეობის შესრულებისგან.
2. თ.წ–ლმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2023 წლის 19 აპრილს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. გადაწყვეტილება, რომლის ცნობასაც მოითხოვს მხარე, შესულია კანონიერ ძალაში 2023 წლის 19 აპრილს. ამავდროულად, გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეა შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარე, შესაბამისად, ორივე მხარისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების შედეგი.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს გადაწყვეტილების პირველ პუნქტთან (განქორწინების ნაწილში) დაკავშირებით, შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია ამ ნაწილში და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.წ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის ოლქის, საოლქო განყოფილება-კამერონის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების (№ 2022-855) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს:
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის ოლქის, საოლქო განყოფილება-კამერონის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება (№ 2022-855) რომლითაც: 2023 წლის 22 მარტს დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე (გ.თ.ბ–ი) და მოპასუხე (თ.წ–ლი) განქორწინდნენ და თავისუფალნი არიან საქორწინო მოვალეობების შესრულებისგან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი