დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 29.07.2026
საქმის ნომერი
ას-532-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

29 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას-532 -2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.რ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ბ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ბავშვების მამა) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით, თ.რ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვების დედა) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მთლიანობაში ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 1200 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2024 წლის 8 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

კასატორი მიიჩნევდა, რომ განჩინება არ იყო სრულყოფილად დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, სახელდობრ:

კასატორის მითითებით, გაუგებარია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ვარაუდი მოსარჩელის შესაძლო საბანკო ვალდებულებებთან მიმართებით, მაშინ როცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება თავად მხარეს არ წარუდგენია. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი მხოლოდ 1000 ლარია და აქედან გამომდინარე ალიმენტის სახით დასაკისრებელი თანხაც არასწორად განისაზღვრა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2019 წლის 17 სექტემბრამდე მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები, იხ. განქორწინების მოწმობა).

4.4. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 2009 წლის 4 ოქტომბერს დაბადებული ზ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი), 2010 წლის 13 დეკემბერს დაბადებული ბ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი) და 2017 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი), (იხ. დაბადების მოწმობები).

4.5. არასრულწლოვნები დედასთან, მისი მშობლების სახლში ცხოვრობენ.

4.6. მოპასუხე ფაქტობრივ ქორწინებაშია და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

4.7. არასრულწლოვნები თბილისის #192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

4.8. პირველი და მეორე არასრულწლოვნის ქორეოგრაფიულ ანსამბლში სწავლის ყოველთვიური საფასური -120 ლარია.

4.9. 2024 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, პირველ შვილს მიოპიის დიაგნოზი დაუდგინდა, შეეზღუდა მხედველობითი და ფიზიკური დატვირთვა, რეკომენდირებულია - ოფთალმოლოგის კონსულტაცია კვირაში 3-ჯერ, ორთ-პლეოპტიკური ვარჯიშის კურსი წელიწადში 3-ჯერ და სათვალის გამოყენება/კონტროლი.

4.10. თელავში, სოფელ ....... მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 2442 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოპასუხის საკუთრებაა, მას ასევე თანასაკუთრებაში (1/5 ნაწილი) აქვს თელავში, სოფელი ....... მდებარე - 1502 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (გაშენების ფართი N1-26 კვ.მ), N2 (სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე) და N3 (სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე).

4.11. არასრულწლოვნების სასარგებლოდ მოპასუხე ყოველთვიურად რიცხავდა თანხებს როგორც მოსარჩელის, ასევე შვილების ანგარიშებზე. შვილიშვილებისთვის თანხას მოპასუხის დედაც რიცხავდა.

4.12. მოპასუხის მიერ დარიცხული თანხა ჯამურად (2023 ოქტომბერი 2024 წლის ოქტომბერი) თვეში საშუალოდ - 1000 ლარია (იხ. საბანკო გადარიცხვები).

4.13. მოპასუხის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან სს „თ.ბ–ში“ - 130 00 ლარის, სასესხო ვალდებულების დასაფარად, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 1600 ლარია (იხ. 29.11.2024 წლის სესხის გადახდის გრაფიკი), სესხის დაფარვის ვადა - 2040 წლის 1 სექტემბერი.

4.13.1. მოპასუხის მიერ 2024 წლის 15 ნოემბრიდან სს „თ.ბ–ში“ - 53 906 ლარის, სასესხო ვალდებულების დასაფარად, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 1500 ლარია (იხ. (იხ. 29.11.2024 სესხის გადახდის გრაფიკი), სესხის დაფარვის ვადა - 2028 წლის 15 ოქტომბერი.

4.13.2. 2024 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ სს „ლ.ბ–ში“ სესხი - 7 000 ლარი აიღო. 2027 წლის 23 დეკემბრამდე ყოველთვიური შენატანი - 304 ლარია.

4.13.3. 2024 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ სს „ლ.ბ–ში“ სესხი - 8600 ლარი აიღო. 2027 წლის 23 დეკემბრამდე ყოველთვიური შენატანი - 372.79 ლარია.

4.14. მოპასუხეს სს „თ.ბ–ში“ 2025 წლის 4 მარტს მამამ, ზ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის მამა) - 34640 ლარი ჩაურიცხა.

4.14.1. მოპასუხის მამამ 2025 წლის 4 მარტს სს „ბ.ბ–ში“ 35 000 ლარის სესხი აიღო.

4.15. მოპასუხის საკუთრებაშია ავტომობილი - FORD FIESTA, გამოშვებული 2011წ.

4.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განჩინებით (საქმე N2/30944-24), მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, მოპასუხეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი კალენდარული კვირის პარასკევის 19:00 საათიდან - ორშაბათის დილის 09:00 საათამდე პერიოდი, ბავშვების ღამე სახლში დატოვების უფლებით. ამავდროულად არადადეგების პერიოდში მამისა და შვილების ურთიერთობის წესი და პირობებიც დადგინდა.

4.17. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (05.03.2025 წლის მონაცემებით), მოსარჩელეს 2023 წლის ნოემბრიდან 2025 იანვრის ჩათვლით, სს „გ–დან“ ხელფასის სახით - 21 223.57 (დაუბეგრავი) ლარი, ჩაერიცხა. რაც საშუალოდ ყოველთვიურად - 1414 (დაუბეგრავი) ლარია.

4.18. მოპასუხეს 2023 წლის ნოემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, ხელფასის, იჯარის მომსახურების ანაზღაურებისა და სხვა შემოსავლის სახით, შპს „თ.ე–დან“, შპს „დ.დ–დან“ და შპს „ტ.გ–დან“ ჯამურად - 151 218.5 (დაუბეგრავი) ლარი, ჩაერიცხა. რაც საშუალოდ ყოველთვიურად - 9 451 (დაუბეგრავი) ლარია.

4.19. 2024 წლის დეკემბრიდან კი, მოპასუხეს ხელფასი მხოლოდ შპს „თ.ე–დან“, ერიცხება ყოველთვიურად - 6489 ლარი.

4.20. .2024 წლის 27 ნოემბრის N252 ბრძანებით, მოპასუხე შპს „ტ.გ–ში“ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

4.21. 2024 წლის 1 დეკემბრის N198 ბრძანებით კი, მოპასუხე შპს „დ.დ–ში“ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

4.22. მოპასუხე 02/05/2019 წლიდან 01/01/2026 წლამდე სს „ს.კ.ი...-ის“ დაზღვევის საოჯახო პაკეტით სარგებლობს.

4.23. მხარეთა კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. მოპასუხეს დამატებითი ხარჯი, ჯანმრთელობის პრობლემის ან სხვა გარემოებიდან გამომდინარე არ აქვს.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

6. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებას - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252; Corden A., Meyer D.R., Child Support Policy Regimes in the United States, United KLingdom, and other Countrises: Similar issues, Different approaches, University of Wisconsin-Madison Institute for Research on Poverty, Focus, Volume 21, Number 1, 2000, Spring, 75.). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999).

7. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ დანაწესებზე, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა.

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება.

8. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იხ. ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).

9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაცის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან დაკავშირებით. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 31-ე მუხლის თანახმად, ბავშვის მოთხოვნები მოიცავს ფართო დიაპაზონს, ესენია: განათლების, კულტურული და სოციალური მოთხოვნები.

10. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10 ოქტომბერი, 2017 წ.; №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ( შდრ: სუსგ-ები: №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ., პ.24-26; №ას-1284-2020, 25 ნოემბერი, 2022 წ, პ.16.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ, პ.28.).

12. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

13. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.).

14. ალიმენტის გადახდის დაკისრების კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში (შდრ: სუსგ-ები: №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ, პ.128; №ას-541-509-2012, 30 აპრილი, 2021 წ.; №ას-1122-1069-2013, 10 თებერვალი, 2014 წ.; №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წ.; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1173-1128-2016, 30 ივნისი, 2017 წ.; №ას-861-2019, 03 დეკემბერი, 2019 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.).

სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27 ივნისი, 2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ).

15. სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთის მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორეს მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში“ (იხ. სუსგ -ები: №ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წ; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წ.).

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14 ივნისი, 2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წ.).

ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან აქვს, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც.

ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს გონივრული და სამართლიანი ოდენობით, ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წ.; № ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ.; №ას-1128-1075-2013, 10 თებერვალი 2014 წ.; №ას-675-641-2013, 10 თებერვალი, 2015 წ.; №ას-298-283-2016, 26 სექტემბერი 2016 წ.; №ას-1194-1154-2016, 31 მარტი, 2017 წ.; № ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-332-2019, 02 აგვისტო, 2019 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.; №ას-46-2023, 29 მარტი, 2023 წ., №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

17. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას, იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში და 1214-ე მუხლით, რომელიც შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ-ები: №ას-50-2121, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-177-2019, 23 მაისი, 2019 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).№ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი).

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან. ამრიგად, უდავოა, რომ მოპასუხეს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილები არ ცხოვრობენ, უნდა დაეკისროს მათ აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა.

19. რაც შეეხება დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას, რასაც სადავოდ ხდიდა კასატორი/მოპასუხე და უთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადასახდელად საკმარისი შემოსავალი არ გააჩნდა, გასათვალისწინებელია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვით, 2024 წლის დეკემბრიდან მოპასუხეს ხელფასი შპს „თ.ე–დან“, ყოველთვიურად - 6489 ლარის მოცულობით, ერიცხება. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან, მოპასუხეს დამატაებით ხარჯის გაწევა ჯანმრთელობის პრობლემების ან სხვა აუცილებელი გადასახდელების სახით უწევს და ამ ვითარებაში საკასაციო პალატის დასკვნით დაკისრებული ალიმენტის რაოდენობა მოპასუხის შემოსავლის გათვალისწინებით გონივრული და ადექვატურია, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია.

20. საკასაციო სასამართლო დამატებით, ალიმენტვალდებული პირის საკრედიტო ვალდებულებების შესახებ არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე მიუთითებს, კერძოდ - სადავო ალიმენტის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს მამის მიერ ყოველთვიურად კრედიტის დასაფარად დადგენილი გადასახადის გადახდა (შდრ. სუსგ №ას-1299-1226-2012). მოპასუხის საკრედიტო ვალდებულებას, არასრულწლოვანი შვილების მიმართ არსებულ საალიმენტო ვალდებულებებთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს და მოპასუხის საკრედიტო ვალდებულებები, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს (შდრ. სუსგ 04.03.2011 წ. საქმე №ას-1356-1194-2010).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და მოპასუხის შემოსავლის გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1214 -ე მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა, რომლის არგუმენტაციის წინააღმდეგაც, როგორც აღინიშნა, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის, თითოეულ ბავშვზე 400 ლარის სახით მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს კასატორის მხოლოდ ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ. ა–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 720 ლარის (საგადასახადო დავალება #1781790178 გადახდის თარიღი 18.06.2026წ), 70% - 504 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ბ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს ნ. ა–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 720 ლარის (საგადასახადო დავალება #1781790178 გადახდის თარიღი 18.06.2026წ), 70% - 504 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია