დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-848-2026 13 ოქტომბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა „დ–ა“ (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მეიჯარე ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ამხანაგობა ,,დ–ას'' (შემდეგში - მოიჯარე ან ამხანაგობა ან მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მხარეთა შორის 2022 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შემცირდა და 200 ლარით განისაზღვრა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2022 წლის 12 დეკემბერს მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, მეიჯარემ მოიჯარეს სამი წლის ვადით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გადასცა (შემდეგში - იჯარის ხელშეკრულება);
2.2. იჯარის ხელშეკრულებით ყოველწლიური გადასახადი 335 ლარით განისაზღვრა, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადი - 1308 ლარით;
2.3. იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოში წარედგინოს ინფორმაცია, იჯარით აღებულ საძოვარზე განსათავსებელი ან განთავსებული პირუტყვის რაოდენობის შესახებ, საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით;
2.4. იჯარის ხელშეკრულების 6.3 მუხლით განისაზღვრა მოიჯარის პასუხისმგებლობა, სახელდობრ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2, 3.1.3 და 3.1.5 მუხლებით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ყოველ შემთხვევაში, მოიჯარეს 5000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო ეკისრება (იხ., ტ.1.ს.ფ 26 და 28);
2.5. იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლით (იხ., ტ.1.ს.ფ 26) გათვალისწინებული ინფორმაცია იჯარით აღებულ საძოვარზე გათავსებული პირუტყვის რაოდენობის შესახებ, სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს, 2023 წლის 12 იანვარს, ერთდღიანი ვადის დარღვევით წარედგინა;
2.6. მეიჯარემ მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლო - 5000 ლარი დაარიცხა.
3. მოიჯარის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 200 ლარამდე შეამცირა.
4. პირგასამტეხლოს შემცირების წინააღმდეგ წარდგენილ მოპასუხის პრეტენზიაზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და ყურადღება იმ გარემოებას მიაქცია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი ვალდებულება მოიჯარემ შეასრულა - ინფორმაცია, იჯარით აღებულ საძოვარზე განთავსებული პირუტყვის რაოდენობის შესახებ, წარადგინა, თუმცა ერთდღიანი ვადის გადაცილებით. გარდა ამისა, სააგენტოს 2023 წლის 12 იანვარს წარედგინა ინფორმაცია ამხანაგობის წევრის მიერ, თუმცა, არ დგინდებოდა, რომ წევრი ამხანაგობის სახელით მოქმედებდა, თუმცა, საგულისხმოა, რომ ამხანაგობის წევრი ამავე ამხანაგობის თავმჯდომარისაგან მინიჭებული და შემდგომ მოწონებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
3. პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერების შეფასების კუთხით ის გარემოებაც იქნა გათვალისწინებული, რომ იჯარის ხელშეკრულების ყოველწლიური გადასახადი 335 ლარს შეადგენდა.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართლზომიერად მიიჩნია ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მოიჯარისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს 200 ლარამდე შემცირება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა აპელანტის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
6. კასატორის პრეტენზია იჯარის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას მიემართება. იგი აცხადებს, რომ რომ მოიჯარე უმიზეზოდ არღვევდა იჯარის ხელშეკრულებას, რისთვისაც ხელშეკრულების 6.3 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2, 3.1.3 და 3.1.5 მუხლებით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ყოველ შემთხვევაში მას ეკისრება პირგასამტეხლო 5000 ლარი. სწორად ასეთი სახის დარღვევების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, რომელიც წარმოადგენს დისციპლინურ და პრევენციულ ღონისძიებას, ხოლო მისი შემცირებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს ის გარანტია, რომელსაც კრედიტორი, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, იღებდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2026 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ასევე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
9. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით [სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები] (სუსგ №ას-955-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).
10. მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
11. განსახილველ საქმეში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით მოსარჩელე ამხანაგობას დაეკისრა სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 200 ლარის გადახდა, თუმცა, მოპასუხეს მსგავსი მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, ხოლო სარჩელით კი მოსარჩელე ითხოვდა, შემცირდეს სააგენტოს მიერ მოსარჩელე ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 5000 ლარი და განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია მოსარჩელის ვალდებულების განსაზღვრა/აღიარება 100 ლარის ოდენობით.
7. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს]. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. მზია თოდუა, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 643).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
9. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, ასევე, დოკუმენტების ნამდვილობის ან მათი სიყალბის დადგენის მოთხოვნა (აღიარებითი სარჩელი) დასაშვებია თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ (იხ. სუსგ საქმე №ას-937-887-2015, 10 ნოემბერი, 2015 წელი).
10. მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში.
11. საგულისხმოა, რომ მხოლოდ აღიარება არ შეიძლება მოსარჩელეთა ინტერესის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი იყოს, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მიკუთვნებითი სარჩელის (მაგალითად, ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია, თანხის დაკისრება და ა.შ.) არარსებობის პირობებში მოსარჩელეთა უფლებების ეფექტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანი თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ამ უკანასკნელი კრიტერიუმის არსებობა პროცესუალური ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებითაა განპირობებეული, რაც შესაძლებელს ხდის ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა თავიდან იქნეს აცილებული (იხ., ილონა გაგუა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის პრობლემა, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“ N1 2019, 2020 წელი, გვ: 309, 311).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის აღიარებითი მოთხოვნაა - განისაზღვროს პირგასამტეხლოს ოდენობა 100 ლარის ოდენობით, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს სურს რომ მიიღოს, უნდა არსებობდეს დავა პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, მოპასუხე სააგენტოს კი მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდებოდა როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერების, ასევე მოპასუხის კვალიფიციური შედავების პირობებში მისი შემცირების საკითხზე მსჯელობა [სსკ-ის 420-ე მუხლი].
13. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებაზე, რომლის მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. შესაბამისად, ისეთი სარჩელების წარმოებაში მიღებით, როდესაც მოპასუხე კრედიტორს ჯერ არ უსარგებლია მხარეთა თავისუფალი ნების პირობებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებით უფლებით, რისკის ქვეშ დგება ზოგადად ხელშეკრულების შესრულება, ხოლო პირგასამტეხლომ შესაძლოა დაკარგოს საკუთარი ფუნქცია და დანიშნულება. გამომდინარე აქედან, მსგავსი აღიარებითი სარჩელები იურიდიული ინტერესის კუთხით მოვალე მოსარჩელეთა მხრიდან მეტ დასაბუთებას მოითხოვს (იხ. სუსგ საქმე №ას-17-2025, 24 ოქტომბერი, 2025 წელი).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვა უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (იხ. სუსგ საქმე №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)].
17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი [გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია].
18. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2. მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). რადგანაც მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187.2, 284-ე, 285-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 აპრილის განჩინება და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. ამხანაგობა „დ–ას“ სარჩელი დარჩეს განუხილველად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე