გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 24.09.2026
საქმის ნომერი
ას-928-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nას-928-2026

24 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

კერძო საჩივრის ავტორები – ვ.კ–ვა, ი.ჭ–ლი, ლ.ჯ–ნი, ა.გ–ძე, პ.ს–ძე, ს.ბ–ვი, ქ.გ–ძე, მ.დ–ნი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.ვ–ე“ (მოპასუხე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ვ.კ–ვას, ი.ჭ–ლის, ლ.ჯ–ნის, ა.გ–ძის, პ.ს–ძის, ს.ბ–ვის, ქ.გ–ძის და მ.დ–ნის სარჩელი მოპასუხე შპს „დ.ვ–ეს“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით, ვ.კ–ვას, ი.ჭ–ლის, ლ.ჯ–ნის, ა.გ–ძის, პ.ს–ძის, ს.ბ–ვის, ქ.გ–ძის და მ.დ–ნის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, რომელიც დანიშნული იყო 2025 წლის 21 ოქტომბერს 14:55 საათზე გადაიდო 2025 წლის 23 ოქტომბერს 15:45 საათზე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.

5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენელი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ასლის ჩაბარების მოთხოვნით აპელანტების წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა 2025 წლის 24 ნოემბერს, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით 2025 წლის 31 დეკემბერს. აპელანტების წარმომადგენელმა განცხადებაში განმარტა, რომ მან სასამართლოს მიმართა ელექტრონულ ფოსტაზე გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით 2025 წლის 6 ნოემბერს, თუმცა შეფერხებების გამო განცხადება ადრესატს არ მიეწოდა.

6. საქმეში წარმოდგენილი მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე 2025 წლის 23 ოქტომბერის დასაბუთებული გადაწყვეტილება, საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში აიტვირთა 2025 წლის 29 იანვარს. ასევე საქმეში არსებული გზავნილებით დგინდება, რომ მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნათ და აპელანტების წარმომადგენელს ბ.რ–ს პირადად ჩაბარდა 2026 წლის 5 თებერვალს. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მისი ჩაბარებიდან 2026 წლის 6 თებერვლიდან და ამოიწურა 2026 წლის 19 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. თუმცა ის სასამართლოში მხარემ წარადგინა 2026 წლის 23 თებერვალს, 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების წინაპირობები, რის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ.კ–ვას, ი.ჭ–ლის, ლ.ჯ–ნის, ა.გ–ძის, პ.ს–ძის, ს.ბ–ვის, ქ.გ–ძის და მ.დ–ნის წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

9. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი მათ მიერ შედგენილი და გაგზავნილია ecourt.ge-ს მეშვეობით 2026 წლის 19 თებერვალს 16:44 წუთზე. თუმცა ვინაიდან იგი შედგენილი იყო ადმინისტრაციული საჩივრის ფორმატში, უკან დაბრუნდა სავარაუდოდ 2026 წლის 23 თებერვალს და მოეთხოვათ სამოქალაქო ფორმაში შევსება. აღნიშნულის შემდეგ, წარმომადგენლის განმარტებით მან შეავსო სამოქალაქო ფორმა და იმავე დღეს ატვირთა თავიდან.

10. მისი განმარტებით, 19 თებერვალს ატვირთვისთანავე მან მიიღო SMS ნომერზე. ამასთან, პირვანდელ საჩივარზე არსებობს 19 თებერვლის ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია 19.02.2026წ, 16:42 წთ-ზე, ხოლო შეტყობინება მიღებულია 16:44 წუთზე. შესაბამისად, დასტურდება, რომ მან 19 თებერვალს მოაწერა ხელი ელექტრონული ხელმოწერით და დადგენილი წესით გადააგზავნა ecourt.ge-ზე.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი განმარტავს, რომ აპელანტების მიერ გამოხატულია გასაჩივრების ნება, რომელიც წარდგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმით, შესაბამისად, მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის განხილვას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

16. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. (შედ ის. სუსგ №ას-419-2023 25 მაისი, 2023 წელი). ამგვარად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადებს, რისი შეცვლაც არც მხარეებს და არც სასამართლოს არ შეუძლია.

17. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. სუსგ. დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

19. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა დარღვეული არ ყოფილა. კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი ecourt.ge-ზე ატვირთა 2026 წლის 19 თებერვალს, თუმცა ვინაიდან იგი წარმოდგენილი იყო ადმინისტრაციული სააპელაციო საჩივრის ფორმით, ხარვეზის გამო უკან დაუბრუნდა 2026 წლის 23 თებერვალს და მოეთხოვა სამოქალაქო ფორმაში შევსება. აღნიშნულის შემდეგ, წარმომადგენლის განმარტებით, მან შეავსო სამოქალაქო ფორმაში სააპელაციო საჩივარი და იმავე დღეს ატვირთა თავიდან.

20. კერძო საჩივრის ავტორი, დეტალურად აღწერს, რომ 2026 წლის 19 თებერვალს, ატვირთვისთანავე, მან მიიღო SMS ნომერზე. ამასთან, პირვანდელ საჩივარზე არსებობს 19 თებერვლის ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია 19.02.2026წ, 16:42სთ-ზე, ხოლო შეტყობინება მიღებულია 16:44 სთ-ზე. შესაბამისად, დასტურდება, რომ მან 19 თებერვალს მოაწერა ხელი ელექტრონული ხელმოწერით და დადგენილი წესით გადააგზავნა ecourt.ge-ზე. მისი განმარტებით, მან გასაჩივრების ნება გამოხატა 2026 წლის 19 თებერვალს, თუმცა ვინაიდან საჩივარი ატვირთული იყო ადმინისტრაციული საჩივრის ფორმით, მან 2026 წლის 23 თებერვალს, ვებგვერდზე შესვლისას, შემთხვევით ნახა შენიშვნა „გაასწორეთ საჩივრის ფორმა. ადმინისტრაციულის ფორმაში გაქვთ შევსებული“. აღნიშნულის თაობაზე მას შეტყობინება, არ მიუღია. მისი განმარტებით, მან სააპელაციო საჩივრის ფორმა გაასწორა და 23 თებერვალს 17:56 წუთზე თავიდან ატვირთა საჩივარი (იხ. ტ.1, ს/ფ 300-303).

21. კერძო საჩივარს თან ერთვის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებულია 19.02.2026წ 16:42 სთ-ზე, სასამართლოს ელექტრონულ პროგრამაში შესვლისას, წარმომადგენელმა მიიღო SMS-ით პინკოდი 16:43 სთ-ზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი ელექტრონულ პროგრამაში ატვირთა 16:44 სთ-ზე (იხ. ტ.1 ს/ფ 300-303).

22. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ მითითებულ განაცხადთან დაკავშირებით სისტემაში დაფიქსირებულია შემდეგი მოქმედებები: განაცხადი N12330887 – 2026 წლის 19 თებერვალს გაიგზავნა, 2026 წლის 19 თებერვალს გაიარა ფორმალური შემოწმება; 2026 წლის 19 თებერვალს სასამართლომ უკან დააბრუნა; განაცხადი N12350216 განაცხადი 2026 წლის 23 თებერვალს ხელახლა გაიგზავნა (იხ. ტ.1, ს/ფ 317).

23. საკასაციო პალატა მიუთითებს მიუთითებს, რომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მიზნად ისახავს ელექტრონული ფორმით განხორციელებული მოქმედებების სამართლებრივი მნიშვნელობის, სანდოობისა და მათი სამართლებრივი შედეგების უზრუნველყოფას. შესაბამისად, მხარის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელებული საპროცესო მოქმედების შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ დოკუმენტის კონკრეტულ სასამართლოში საბოლოო ასახვას, არამედ იმ გარემოებასაც, განახორციელა თუ არა მხარემ კანონით ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი საპროცესო მოქმედება. (იხ. სუსგ. №ას-240-2026 31 მარტი, 2026წ.)

24. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევებში, როდესაც მხარის მიერ დადგენილ ვადაში განხორციელებული საპროცესო მოქმედება უტყუარად დასტურდება ელექტრონული სისტემის მონაცემებით, თუმცა შემდგომ წარმოიშობა ტექნიკური ან სხვა სახის გარემოება, რომელმაც გავლენა მოახდინა დოკუმენტის ასახვასა თუ მის მიმართულებაზე. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ფორმალური საფუძვლით საპროცესო შედეგის დადგომა საჭიროებს საქმის კონკრეტული გარემოებების ზედმიწევნით შეფასებას.

25. ამგვარად, ზოგადი წესის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს ელექტრონული დოკუმენტი, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში, რომელიც არის ერთიანი საერთო სასამართლოებისათვის, კანონით განსაზღვრულ ვადაში დარეგისტრირებული სააპელაციო საჩივარი, ჩაითვლება ვადის დაცვით წარდგენილად. (იხ. სუსგ. Nას-525-2023, 07.07.2023წ.)

26. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და წერილობითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ დაცულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე 2025 წლის 23 ოქტომბერის დასაბუთებული გადაწყვეტილება, საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში აიტვირთა 2025 წლის 29 იანვარს. ასევე, საქმეში არსებული გზავნილებით დგინდება, რომ მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნათ და აპელანტების წარმომადგენელს, ბ.რ–ს, პირადად ჩაბარდა 2026 წლის 5 თებერვალს. ამდენად გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მისი ჩაბარებიდან 2026 წლის 6 თებერვლიდან და ამოიწურა 2026 წლის 19 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

27. კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აპელანტების მიერ გასაჩივრების ნება ნამდვილად გამოიხატა 2026 წლის 19 თებერვალს, თუმცა ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეცდომით ატვირთული იყო ადმინისტრაციული საჩივრის ფორმაში, იგი დაუბრუნდა გამომგზავნს, ხოლო მხარეს, საჩივრის დაბრუნების შესახებ შეტყობინება, არ მიუღია იმავე დღეს.

28. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც მხარე ახორციელებს სასამართლო დაცვის უფლებას. ამასთან, სასამართლოს შეფასება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საპროცესო მოთხოვნების ფორმალური დაცვით და უნდა მოიცავდეს მხარის მიერ სასამართლო დაცვის მისაღებად განხორციელებული მოქმედებების რეალური შინაარსის შეფასებასაც.

30. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ გასაჩივრების ნება გამოიხატა კანონით განსაზღვრულ 14 დღიანი ვადის ფარგლებში, რაც ფიქსირდება საქმის წარმოების ერთიან ელექტრონულ პროგრამაში, ასევე დადასტურებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული დოკუმენტით და კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი სასამართლო დაცვის შესაძლებლობას, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის ეფექტიან განხორციელებასაც. გასაჩივრების ინსტიტუტის მიზანია შესაძლო სასამართლო შეცდომების გამოსწორება და პირის უფლებათა სრულყოფილი და ეფექტიანი სასამართლო დაცვის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს.

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, გადაჭარბებული ფორმალიზმი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან, ვინაიდან ასეთი მიდგომა შეიძლება იქცეს დაბრკოლებად პირის მიერ თავისი საქმის არსებით განხილვაში. სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ სასამართლოზე წვდომის უფლება უნდა იყოს პრაქტიკული და ეფექტური და არა თეორიული და ილუზორული. ამასთან, მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, რომ პირებს გააჩნდეთ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები (იხ.: Běleš and Others v. the Czech Republic, no. 47273/99, §§50-51, 69, 12.11.2002; Pérez de Rada Cavanilles v. Spain, no. 28090/95, 28.10.1998; Miragall Escolano and Others v. Spain, nos. 38366/97 et al., §§33, 36, ECHR 2000-I; Sotiris and Nikos Koutras ATTEE v. Greece, no. 39442/98; Miessen v. Belgium, no. 31517/12, 18.10.2016; Al-Dulimi and Montana Management Inc. v. Switzerland [GC], no. 5809/08, §136, ECHR 2016).

33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აპელანტებმა გასაჩივრების ნება გამოხატეს კანონის დადენილ ვადაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან, ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ.კ–ვას, ი.ჭ–ლის, ლ.ჯ–ნის, ა.გ–ძის, პ.ს–ძის, ს.ბ–ვის, ქ.გ–ძის და მ.დ–ნის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი