საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (7)
ცვლილებები (6)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (31.03.2016 → 02.08.2016)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.156
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №108
2010 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ჟ3“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თანდართული სახით დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება (დანართი №1), იზოლატორების შინაგანაწესი (დანართი №2) და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია (დანართი №3).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე და სხვა დანაშაულში მონაწილეობისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსება, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა მოთავსება.
მუხლი 2
იზოლატორების საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, იზოლატორების შინაგანაწესი, ეს დებულება და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.
თავი II
იზოლატორების საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 3
იზოლატორების ამოცანებია:
ა) ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირების დროებითი მოთავსების უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირის მოთავსების უზრუნველყოფა;
გ) მოსამართლის განჩინებით, პატიმრის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფა, თუკი სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ბადრაგირება გართულებულია (ამ შემთხვევაში მათზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი);
დ) იზოლატორებში მართლწესრიგისა და კანონიერების, დაკავებულთა, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) დაკავებულთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამომძიებლის ან პროკურორის საპროცესო საქმიანობაში ხელის შეწყობა;
ზ) ამ დებულებით, შინაგანაწესითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
თ) დაკავებულ პირის ბადრაგირება იზოლატორიდან სხვა დაწესებულებაში.
შენიშვნა: ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბადრაგირებას ახორციელებს მხოლოდ თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი.
მუხლი 4
1. იზოლატორში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და საერთო პირობები უზრუნველყოფს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს.
2. იზოლატორების ადმინისტრაციას ევალება:
ა) დაკავებულ პირთა საკნებში საძილე პირობების ჯანმრთელობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ბ) საკნების ბუნებრივი და ხელოვნური განათების, გათბობის და ვენტილაციის უზრუნველყოფა;
გ) საკნებში სათანადო სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა;
დ) საკნებში ჰიგიენის სათანადო დონეზე დაცვის უზრუნველყოფა;
ე) დაკავებული პირის საკუთარი სახსრებით საკვების და ტანსაცმლის შეტანის უფლების უზრუნველყოფა;
ვ) ამანათის მიღების უფლების უზრუნველყოფა;
ზ) იზოლატორებში სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
თ) დაკავებული პირისათვის საკანში განცალკევებულად ყოფნის უფლების უზრუნველყოფა.
მუხლი 5
იზოლატორის ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობაა:
ა) უზრუნველყოს, რომ დაკავებულს დაკავების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცეს მისი იზოლატორში მიღებისთანავე;
ბ) დაკავებულის საჩივრები და შუამდგომლობანი გაუგზავნოს გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახალხო დამცველს, ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა;
გ) დროულად მიიყვანოს დაკავებული გამომძიებლის, პროკურორისა ან სასამართლოს გამოძახებით დანიშნულების ადგილზე (იზოლატორის ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში);
დ) არ დაუშვას დაკავებულის ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია;
ე) ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულის რაიმე მეთვალყურეობის გარეშე პირდაპირი შეხვედრა დამცველთან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვ) დაუყოვნებლივ შეასრულოს გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება დაკავებულის გათავისუფლების შესახებ;
ზ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული პირი შესაბამის ორგანოს გადააყვანინოს ერთი იზოლატორიდან სხვა იზოლატორში, რომელიც მდებარეობს სხვა ტერიტორიაზე;
თ) დაკავებული, დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იზოლატორის უფროსის დადგენილებით;
ი) დაკავებულს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე მისცეს ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა გათავისუფლებული.
მუხლი 6
იზოლატორის ადმინისტრაციის მიერ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას მოსდევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
თავი III
იზოლატორი, მისი ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 7
თითოეული იზოლატორის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8
1. იზოლატორის ხელმძღვანელს და სხვა მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი.
2. იზოლატორის პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. იზოლატორის მოსამსახურეებს სამსახურში მიღების შემდეგ უტარდებათ სპეციალური თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგები. ასეთი სახის ტრეინინგებს ისინი გადიან შემდგომშიც მათი თანამდებობრივი გადაადგილებისას.
4. იზოლატორში მოთავსებული მდედრობითი სქესის ნაწილს აკონტროლებს ქალთა სქესის მომსახურე პერსონალი. აღნიშნული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ქალი ექიმების მიერ.
5. იზოლატორის პერსონალი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს ძალა დაკავებულ პირებთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ახდენენ თავდასხმას, ცდილობენ გაქცევას ან/და აქტიურ (ან პასიურ) წინააღმდეგობას უწევენ კანონის აღსრულებას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ინციდენტის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იზოლატორის ხელმძღვანელობას.
მუხლი 9
იზოლატორის უფროსი:
ა) ახორციელებს იზოლატორის საქმიანობის ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
დ) ხელს აწერს ან ამტკიცებს იზოლატორში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წარმოადგენს იზოლატორს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) წარუდგენს საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას წინადადებებს იზოლატორის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პერიოდულად ისმენს იზოლატორის თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
თ) დაკავებულ პირებს იღებს თვითონ ან აძლევს მითითებას მოადგილეს ან პასუხისმგებელ მორიგეს დაკავებულ პირთა მიღების თაობაზე, უზრუნველყოფს იზოლატორში მათი ყოფნის წესებისა და დღის განრიგის მკაცრ დაცვას;
ი) აკონტროლებს დაკავებულ პირთა დაკავების ვადებს;
კ) თვეში ერთხელ ამოწმებს იარაღს, საბრძოლო მასალას, სამსახურებრივი გასაღებების (კლიტეების) რაოდენობას და მდგომარეობას;
ლ) დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას და აცნობებს შესაბამის პროკურორს იზოლატორში მომხდარი საგანგებო შემთხვევის თაობაზე და ყველა იმ შემთხვევას, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება ან სპეციალური საშუალებები დაკავებული პირის მიმართ;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, დანაყოფის შინაგანაწესითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. უზრუნველყოფს იზოლატორის სათავსების ტექნიკური და სანიტარული მდგომარეობის კონტროლს, აწარმოებს იზოლატორის ქონების აღრიცხვას;
ნ) აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის შესახებ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის მითითებებს;
ო) აწარმოებს სააღრიცხვო კარტოთეკას დაკავებულ პირებზე, უზრუნველყოფს დაკავებული პირების ერთიანი მონაცემთა კომპიუტერული ბაზის გამართულ მუშაობას, ასევე კონტროლს უწევს იზოლატორში კანცელარიის საქმისწარმოების განხორციელებას და არქივის მუშაობას;
პ) უზრუნველყოფს დაკავებული პირისაგან ამოღებული ნივთის დაცვას, რომლებიც შენახულია საწყობში;
ჟ) დადგენილ დროს წარუდგენს პატაკს ხელმძღვანელობას საჭირო რაოდენობის მოწყობილობებზე, ინვენტარზე, სურსათ-სანოვაგეზე;
რ) პერიოდულად ამოწმებს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების მდგომარეობას, გამართულობასა და რაოდენობას.
მუხლი 10
იზოლატორის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი. იზოლატორის უფროსის არყოფნის დროს უფროსის მოადგილე ასრულებს იზოლატორის უფროსის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 11
1. იზოლატორის თანამშრომლები, რომლებიც იზოლატორში დასაქმებულები არიან ცვლების მიხედვით, წარმოადგენენ მორიგეებს. ცვლის თანამშრომლებს (მორიგეებს) ხელმძღვანელობას უწევს იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე (ცვლის უფროსი).
2. იზოლატორის ინსპექტორი (პასუხისმგებელი მორიგე) ვალდებულია:
ა) განახორციელოს მუდმივი კონტროლი მის ცვლაში მყოფი თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებზე, მათი სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, უზრუნველყოს იზოლატორში დაკავებულ პირთა მიღება და განთავსება, იზოლატორში მათი ყოფნის წესებისა და დღის განრიგის დაცვა;
ბ) ჩაუტაროს მისდამი დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას აღმზრდელობითი მეცადინეობა, სამხედრო მომზადება;
გ) იცოდეს თავისი ხელქვეითების საქმიანი და პირადი თვისებები;
დ) ყურადღება მიაქციოს თავისი ცვლის თანამშრომლების ჩაცმულობასა და გარეგნულ მდგომარეობას;
ე) უზრუნველყოს დაკავებულ პირთა საიმედო დაცვა, დაიცვას იზოლატორის შინაგანაწესი;
ვ) მოახსენოს იზოლატორის ხელმძღვანელობას თანამშრომლის მიერ დისციპლინის დარღვევის შესახებ;
ზ) უფროსის არყოფნის დროს განახორციელოს იზოლატორში დაკავებული პირის მიღება, მისი გარეგნული დათვალიერება, ყურადღებით შეამოწმოს ის საბუთები, რომლებიც წარმოადგენს პირის მიღებისა და დაკავების საფუძველს;
თ) შეასრულოს იზოლატორში საშვთა რეჟიმის განხორციელებაზე კონტროლი;
ი) შეასრულოს ხელმძღვანელობის მიერ კანონით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობები.
3. იზოლატორის ინსპექტორს ეკრძალება დატოვოს იზოლატორის შენობა ან გაათავისუფლოს მის ცვლაში მყოფი თანამშრომლები მოულოდნელი ავადმყოფობის შემთხვევის ან სხვა მიზეზების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება, თუ არსებობს იზოლატორის უფროსის თანხმობა.
მუხლი 12
1. იზოლატორის უმცროსი ინსპექტორი (მორიგე-გუშაგი) ვალდებულია:
ა) ფხიზლად დაიცვას საგუშაგო (იზოლატორის საკნებთან არსებული ტერიტორია), არ დაუშვას დაკავებულის გაქცევა ან სხვა საგანგებო შემთხვევა;
ბ) დაკავებულ პირებთან დამოკიდებულებაში იყოს ტაქტიანი და მომთხოვნი, თვალყური ადევნოს, რომ დაკავებულმა არ დააზიანოს იზოლატორში არსებული მოწყობილობანი და ინვენტარი;
გ) თვალყური ადევნოს, რომ დაკავებულმა არ მიიყენოს თვითდაზიანება და აღკვეთოს შესაძლო თვითმკვლელობის მცდელობები;
დ) საბადრაგო ჯგუფის უფროსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს დაკავებულის ბადრაგირებაში;
ე) დადგენილი წესით განახორციელოს იზოლატორში მიღებული ამანათების შემოწმება და მისი გადაცემა ადრესატისათვის, ხოლო კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენოს ხელმძღვანელს;
ვ) საკანში მოთავსებულ პირებს, დღეში სამჯერ (დილას, შუადღეს და საღამოს) შესთავაზოს დაკავებულ პირთათვის განკუთვნილი საკვების ულუფა დადგენილი რაოდენობით და რაციონით.
2. საგუშაგოზე იზოლატორის უმცროს ინსპექტორს ეკრძალება ძილი, ჯდომა, კითხვა, წერა, სტვენა, სიმღერა, საკვების მიღება და საგუშაგოს მიტოვება შეცვლის გარეშე, საუბარი დაკავებულ პირთან, რომელიც არ შეეხება სამსახურებრივ საქმიანობას, გადასცეს ან მიიღოს მისგან ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუშლის ძიებას, დატოვოს იზოლატორის შენობა მოულოდნელი ავადმყოფობის შემთხვევის გამო, ან სხვა მიზეზებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება, თუ არსებობს იზოლატორის უფროსის თანხმობა.
მუხლი 13
1. საბადრაგო ჯგუფი ფუნქციონირებს მხოლოდ თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორის შემადგენლობაში.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირი) მოთხოვნის საფუძველზე, საბადრაგო ჯგუფის უფროსი (ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი) სათანადო მოთხოვნის შესაბამისად ვალდებულია უზრუნველყოს დაკავებული პირის ბადრაგირება:
ა) ერთი იზოლატორიდან სხვა იზოლატორში;
ბ) იზოლატორიდან სასამართლო დარბაზში;
გ) იზოლატორიდან შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მოსამართლის ბრძანება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. საბადრაგო ჯგუფი იქმნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იზოლატორის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომლებისგან (არანაკლებ ორი კაცისა), რომელთა ამოცანაში შედის დაკავებულთა ბადრაგირების უზრუნველყოფა განსაზღვრული მარშრუტით იზოლატორიდან სხვა დაწესებულებაში, ასევე მათი დაცვა დაკავებულთათვის გამოყოფილ საკნებსა და ოთახებში.
4. დაკავებულთა დანიშნულ ადგილზე გადაყვანა (ბადრაგირება) ხორციელდება სპეციალურად მოწყობილი ავტომობილებით, ამასთანავე გამოიყოფა არანაკლებ ორი მებადრაგისა, ბადრაგის უფროსის ხელმძღვანელობით.
5. ბადრაგის შემადგენლობა უნდა იყოს დაწესებული ფორმის ტანსაცმელში, შეიარაღებული გამართული საბრძოლო იარაღით ან/და სპეციალური საშუალებებით, რომლის სახეობასაც განსაზღვრავს იზოლატორის უფროსი.
6. დაკავებულთა ბადრაგირების განხორციელებაზე პასუხისმგებელია იზოლატორის უფროსი, ხოლო ბადრაგირების წინაშე დასახული ამოცანების ზუსტად, დროულად და უსაფრთხოდ შესრულებაზე – საბადრაგო ჯგუფის უფროსი.
მუხლი 14
1. ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირების პროცესუალური უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
2. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირის უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი სხვა კანონმდებლობით.
3. განსასჯელ და მსჯავრდებულ პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულება და დაცვა ხორციელდება „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
დანართი №2
დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესი
მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში _ იზოლატორი) მოთავსებული პირი ვალდებულია:
ა) ზუსტად და დაურღვევლად დაიცვას იზოლატორში არსებული დღის განაწესი;
ბ) დაემორჩილოს და შეასრულოს იზოლატორის ადმინისტრაციის მოთხოვნები;
გ) იყოს თავაზიანი იზოლატორის თანამშრომლებისა და სხვა დაკავებული პირების მიმართ;
დ) გაუფრთხილდეს იზოლატორის ინვენტარს, მოწყობილობებს და სხვა ქონებას;
ე) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო წესები;
ვ) დაიცვას სისუფთავე საკანში;
ზ) დაწვეს და ადგეს დადგენილ დროს, ამასთან, ადგომის დროს გაასწოროს კუთვნილი საწოლი;
თ) დაიცვას პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის წესები;
ი) საკნიდან გადაადგილების შემთხვევაში ხელები ჰქონდეს ზურგს უკან.
მუხლი 2
1. დაკავებულ პირს ნებადართული აქვს საკანში თან იქონიოს და შეინახოს:
ა) ერთი კომპლექტი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქუდი სეზონის მიხედვით;
ბ) ერთი წყვილი ღამის ტანსაცმელი, წინდა, ხელთათმანი;
გ) ერთი წყვილი ოთახის ჩუსტები ან სპორტული ფეხსაცმელი;
დ) ერთი ცალი კბილის ფხვნილი, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის და სარეცხის საპონი, პლასტმასის საპნის ყუთი, სავარცხელი;
ე) საკვები პროდუქტი და სხვადასხვა საოჯახო საგნები მიღებული ამანათით;
ვ) საკვები, მათ შორის – ყველი, ძეხვეული, ხილფაფა, კანფეტი, ჯემი, ბოსტნეული, ხილი, პურ-ფუნთუშეული, ხორცეული (ძვლის გარეშე), თევზი (ფხის გარეშე), წვნიანი, საწებელი;
ზ) სიგარეტი და ასანთი;
თ) სათვალე, პროთეზი, ყავარჯენი (შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის);
ი) მოსვლის დღიდან მიღებული წერილები და საბუთები, ქვითარი ფულის მიღებაზე და ძვირფასი ნივთების ჩაბარებაზე;
კ) იმ ავადმყოფთა კატეგორიის მქონე დაკავებულ პირებს, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ მედიკამენტური მკურნალობა – ექიმის ნებართვით შესაბამისი მედიკამენტები;
ლ) წიგნები და ჟურნალები.
მ) სტანდარტული ჭიქა, კოვზი;
ნ) მისი დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე არსებულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ჩანაწერები კანონით დადგენილ ფარგლებში;
ო) მდედრობითი სქესის პირებს ჩამოთვლილის გარდა უფლება ეძლევათ ჰქონდეთ თან და შეინახონ საკანში: ორი თავსაფარი, რეიტუზი, ბინტი, ბამბა, კრემი, სხვა ჰიგიენური ნივთები, დანარჩენი ნივთები ინახება საწყობში და გადაეცემა მოთხოვნისამებრ.
2. დაკავებულ პირებზე საკნებში შესაბამისი ნებადართული საგნების, ნივთებისა და კვების პროდუქტების გადაცემაზე კონტროლს ახორციელებს უშუალოდ იზოლატორის უფროსი, რომელიც ასევე, თავის მხრივ, მისი შეხედულებისამებრ, ღებულობს გადაწყვეტილებას კონკრეტულ შემთხვევებში ამანათის გადაცემა-არგადაცემის შესახებ.
მუხლი 3.
1. დაკავებულ პირს ეკრძალება:
ა) იზოლატორში ხმამაღალი საუბარი;
ბ) მიმოწერა, ლაპარაკი ან კედელზე კაკუნი, გვერდით მდებარე საკნებში მყოფ დაკავებულ პირებთან;
გ) სხვადასხვა საგნების დამზადება ან მისი დატოვება საკანში;
დ) რაიმე საგნის გადაგდება ფანჯრიდან, დადგომა ფანჯრის რაფაზე, მისვლა საკნის კარებთან სათვალთვალო ადგილზე, მისი დაკეტვა ან სხვა ამდაგვარის ჩადენა, რომელიც ხელს შეუშლის იზოლატორის თანამშრომლის საკანში შეხედვას ან შეღწევას;
ე) გააკეთოს წარწერა ან აღნიშვნა კედელზე, წიგნზე, ნივთზე ან საგანზე, რომელიც გადაცემულია ადმინისტრაციის მიერ, გააკრას კედელზე სურათები, ნახატები, ამონაჭერი წიგნებიდან, ჟურნალებიდან;
ვ) დაამზადოს ან ითამაშოს კარტი, ან გაერთოს რაიმე სხვა აზარტული თამაშებით;
ზ) სხეულის დაზიანება, საკუთარ სხეულზე ან სხვისთვის სვირინგის გაკეთება;
თ) პროდუქტის ან ნივთების ფანჯრის თაროზე დალაგება;
ი) მოწიოს სიგარეტი საკნის გარეთ იზოლატორის ტერიტორიაზე (გარდა გასასეირნებელი ადგილისა);
კ) წერილების, განცხადებების ან საჩივრების გაგზავნა დადგენილი წესის დარღვევით;
ლ) საკანში თან იქონიოს 50 სანტიმეტრზე მეტი ზომის ნებისმიერი სახის ნაჭრის ქსოვილი, ასევე თასმები და ზონრები.
2. იზოლატორში მოთავსებულ პირებს ეკრძალებათ იზოლატორში თან იქონიონ:
ა) სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
ბ) ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა;
გ) სატრანსპორტო საშუალებები;
დ) ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
ე) ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები;
ვ) ოპტიკური ხელსაწყოები;
ზ) საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას, საფუარი, შაქარი;
თ) ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი;
ი) სუნამოები, ოდეკოლონები და სპირტზე დამზადებული სხვა ნივთიერებები;
კ) გადასამრავლებელი აპარატები;
ლ) დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები;
მ) ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები;
ნ) ბანქო;
ო) ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები;
პ) მობილური ტელეფონები;
ჟ) ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა);
რ) ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები;
ს) ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.
მუხლი 4.
1. დაკავებული პირი ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას და სამართალ-სუბიექტობას.
2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებულ პირად ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.
3. დაკავებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება, მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.
4. იზოლატორის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, თავისი ინტერესების დაცვის უნარს.
5. იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს იზოლატორის მოსამსახურეთა ქმედებები ზემდგომ ორგანოში, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირებისათვის.
6. იზოლატორში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს, კონტაქტი დაამყაროს მათი მოქალაქეობის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული პირის მოქალაქეობის სახელმწიფოს არ გააჩნია არც დიპლომატიური და არც საკონსულო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, ან თუ მას არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, ან ლტოლვილია, მაშინ ასეთ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც თავის თავზე აიღებს მისი ინტერესების დაცვას ან იმ ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანოს, რომლის ამოცანაა ასეთი კატეგორიის პირების დაცვა.
დანართი №3
დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია
მუხლი 1. დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღების საფუძველი და წესი
1. დაკავებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორში) (შემდგომში – იზოლატორი) მიჰყავთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლებს.
2. იზოლატორში მიღების საფუძველი შეიძლება იყოს დაკავებული პირის მიმართ გამოცემული:
ა) ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმი;
ბ) ეჭვმიტანილად დაკავების ოქმი;
გ) ბრალდებულად დაკავების ოქმი;
დ) გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება;
ე) მოსამართლის ბრძანება (განჩინება).
3. დანაშაულში ეჭვმიტანილისა და/ან ბრალდებულის სახით დაკავებული პირები იზოლატორში მიიღებიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს. დანაშაულის ჩადენაში მხილებული დაკავებული პირის იზოლატორში მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკავების ოქმი, შედგენილი გამომძიებლის/პროკურორის ან სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ოქმი დამტკიცებული უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოს უფროსის მიერ. ოქმში მიეთითება დაკავების საფუძველი, მოტივები, დღე და საათი, წელი და თვე, დაკავების ადგილი, დაკავებულის ახსნა-განმარტება და ოქმის შედგენის დრო. დაკავების ოქმზე ხელს აწერს მისი შემდგენი პირი და დაკავებული. იზოლატორში მოსათავსებლად არ მიიღებიან პირები, რომელთა მიმართ დაკავების ოქმები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები გაფორმებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
4. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და/ან ბრალდებული პირის დაკავების ვადის გამოანგარიშება წარმოებს ამ პირის საგამოძიებო ორგანოში ან გამომძიებელთან წარმოდგენის მომენტიდან, ხოლო თუ მითითებული პირის დაკავება ხორციელდება გამომძიებლის მიერ დაკავების შესახებ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, მაშინ – ფაქტობრივად მისი დაკავების მომენტიდან.
5. ადმინისტრაციულად დაკავებული პირების იზოლატორში მიღების საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულად დაკავების ოქმი, შედგენილი გამომძიებლის/პოლიციელის ან სხვა შესაბამისი ორგანოს თანამშრომლების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. იზოლატორში, დაკავებული პირის მომყვანი უფლებამოსილი პირი ვალდებულია ადმინისტრაციულად დაკავების ოქმები გააფორმოს კანონის შესაბამისად.
6. იზოლატორში არ მიიღებიან:
ა) ფსიქიკურად დაავადებული პირები (თუკი არსებობს შესაბამისი დოკუმენტი);
ბ) ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასხუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიუღწეველი პირები.
მუხლი 2. დაკავებულ პირთა პირადი დათვალიერება
1. იზოლატორში წარმოდგენილი და საკნებში მოსათავსებელი პირები ექვემდებარებიან პირად დათვალიერებას, ხოლო მათი ნივთები დათვალიერებას იმ წესის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი ნორმებით. დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ დასათვალიერებლის სქესის პირმა იმავე სქესის პირის თანდასწრებით. დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი.
2. დათვალიერებისას დაკავებულ პირს ჩამოერთმევა ყველა ის ნივთი, რომელიც ნებადართული არ არის საკანსი შესანახად.
3. დაკავებულის დათვალიერებისას თანამოწმეები არ მოიწვევიან, მისი ტანსაცმელი გულდასმით თვალიერდება და ისინჯება იზოლატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
4. იზოლატორში მიღებულ პირებს საკნებში შესანახად უტოვებენ მხოლოდ იმ რაოდენობის და ასორტიმენტის საგნებს, ნივთებს და კვების პროდუქტებს, რაც განსაზღვრულია და ნებადართულია შესაბამისი შინაგანაწესით.
5. ფული, ფასეულობანი, მედლები და მათზე თანდართული დოკუმენტები და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც ჩამოერთვა დათვალიერების დროს დაკავებულ პირს, უნდა ჩაბარდეს იზოლატორის შესანახ საკანში. ფასიანი ქაღალდები, მიმოწერები, უბის წიგნაკები, ფოტოსურათები, ბრუნვიდან ამოღებული საგნები და ნივთები, ორდენები და მედლები, რომელთა კუთვნილებაც დადგენილი არ არის, გადაეცემა გამომძიებელს, ადვოკატს, სასამართლოს.
6. პირადი დათვალიერების დროს ამოღებული ფული, ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები, მსგავსი საგნები და ნივთები, ასევე კვების პროდუქტები შეიძლება გადაეცეს ან გადაეგზავნოს ნათესავებს ან სხვა პირებს მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის ნებართვით; ფასდაკარგული, ვადაგასული, აგრეთვე იზოლატორში შესანახად აკრძალული (სპირტიანი სასმელები, სათამაშო ბანქო და ა.შ.) საგნები და ნივთები დაუყოვნებლივ ნადგურდება, რის შესახებაც დგება აქტი.
7. დაკავებული პირის პირადი დათვალიერების დროს რაიმე სახის იარაღის, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალების, ყველა სახის დანების, სამართებლებისა და მსგავსი საგნებისა და ნივთების, ასევე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ყალბი დოკუმენტაციებისა და ბანკნოტების აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს.
მუხლი 3. დაკავებულ პირთა გარეგნული დათვალიერება
1. იზოლატორში წარმოდგენილი პირი საკანში მოთავსების წინ იზოლატორის უფლებამოსილი პირის მიერ გამოიკითხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; იგი ზედმიწევნით ათვალიერებს გარეგნულად და სინჯავს მას განცალკევებულ ოთახში და სხვა პირების დასწრების გარეშე, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი, სადაც მიეთითება ოქმის შედგენის თარიღი და დრო, დამთვალიერებლის (სახელი, გვარი, თანამდებობა, წოდება) და დათვალიერებულის (სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, დანაშაულის სახეობა, ვინ დააკავა და რა დროს) ვინაობა, დათვალიერებულის სხეულზე არსებული ჯანმრთელობის დაზიანების სახეობანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დათვალიერებულის ახსნა-განმარტება და საჩივრები.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადმყოფობის აშკარა ნიშნები, იზოლატორის პასუხისმებელი მორიგე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიძახოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სამედიცინო პერსონალი ან სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ან ჯანდაცვის ორგანოების უახლოესი სამკურნალო დაწესებულების ექიმი, რათა მიიღოს დასკვნა იზოლატორში ასეთი პირის მოთავსების შესაძლებლობის შესახებ.
3. თუ სამედიცინო პერსონალის დასკვნით, წარმოდგენილი დაკავებული პირების იზოლატორში მოთავსება არ შეიძლება, ამ შემთხვევაში ისინი იგზავნებიან სამკურნალოდ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში. ხსენებულ დაწესებულებებში სამკურნალოდ მოთავსებული პირების დაცვა და ბადრაგირება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
4. იზოლატორში წარმოდგენილი პირების პირადი დათვალიერების, გამოკითხვისა და სანიტარიული დამუშავების შემდეგ პასუხიმგებელი მორიგე ან მისი დავალებით სხვა მორიგე მათ აცნობებს და შესაძლებლობის შემთხვევაში ხელზე გადასცემს იზოლატორში მოქმედ შინაგანაწესს, ასევე მათ საპროცესო უფლება-მოვალეობების ნუსხას, რის შემდეგაც მათ ათავსებენ საკნებში.
მუხლი 4. ძალის გამოყენების უფლება
ძალის გამოყენების უფლება დაკავებულ პირთა მიმართ დასაშვებია, თუ ისინი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ იზოლატორის თანამშრომლებს, ან სჩადიან სხვა ძალდატანებით მოქმედებებს როგორც იზოლატორში, ასევე ბადრაგირების დროს, გაქცევის მცდელობისას, მათ მიერ გარშემო მყოფთა ან საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების შემთხვევაში. ძალის გამოყენების დროს დასაშვებია ხელბორკილებისა და შებოჭვის გამოყენება მათ დაწყნარებამდე, რაც 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს და ისეთი საშუალებებით უნდა განხორციელდეს, რომელიც გამორიცხავს დაკავებულის მიმართ საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების შესაძლებლობას. ხელბორკილების გარდა ამ შემთხვევებში პოლიციის კანონის შესაბამისად შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვა ზომებიც (შებოჭვა, ორთაბრძოლის ხერხები). ხელბორკილების, შებოჭვის ან ორთაბრძოლის ხერხების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე ადგენს ოქმს, რომელშიც მიუთითებს უსაფრთხოების შერჩეული ზომის გამოყენების ადგილს, საფუძველს და შებოჭვისა ან ხელბორკილების მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლოვობას.
მუხლი 5. საქმისწარმოების წესები იზოლატორში
1. იზოლატორის სრულფასოვანი გამართული მუშაობისათვის წარმოებს სარეგისტრაციო-საიდენტიფიკაციო და სხვადასხვა დანიშნულების ჟურნალები, ელექტრონული სისტემები და დოკუმენტაციები, კერძოდ:
ა) იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირთა აღრიცხვის ერთიანი მონაცემთა ელექტრონული ბაზა;
ბ) იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნი;
გ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა სამედიცინო დახმარების რეგისტრაციის ჟურნალი;
დ) შემოსული და გასული კორესპონდენციების ჟურნალები;
ე) ამანათების მიღება-გადაცემის ჟურნალი;
ვ) დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი;
ზ) ბადრაგირებას დაქვემდებარებულ პატიმართა სია;
თ) საგუშაგო ფურცელი;
ი) პირადი დათვალიერების ოქმი.
კ) საარქივო ბარათი.
2. დაკავებული პირის იზოლატორში მოყვანისას იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე დადგენილი წესით მომყვანის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დაკავების ოქმის საფუძველზე ატარებს მას მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში/სარეგისტრაციო წიგნში, უღებს ფოტოსურათს და ახორციელებს მის პირად დათვალიერებას, ასევე იზოლატორის მორიგე პასუხისმგებელი პირი/მედპერსონალი ახორციელებს დაკავებულის გარეგნულ დათვალიერებას, რის შესახებაც ფორმდება დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომელშიც აუცილებლად ფიქსირდება დაკავებულის გარეგნული მდგომარეობა, სხეულის დაზიანების შესაძლო ნიშნები, თუ სად მიიღო აღნიშნული დაზიანებები და რა ვითარებაში, ვის მიერ, აქვს თუ არა დაკავებულ პირს ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები, რომელსაც შემდგომ ადასტურებს ხელის მოწერით თავად დაკავებული. აღნიშნული პროცედურების შემდგომ პასუხისმგებელი მორიგე, დაკავებულს ათავსებს საკანში. პასუხისმგებელი მორიგე ვალდებულია მაქსიმალური სიზუსტით შეიტანოს ყველა საჭირო მონაცემი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სარეგისტრაციო წიგნში, ხოლო ოქმი შეავსოს მასში არსებული გრაფების მოთხოვნების შესაბამისად სრულყოფილი წესით, ყოველგვარი გადასწორებების და კორექტივების გარეშე.
3. ამანათის მიღების შემთხვევაში იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე აღრიცხავს ამანათების მიღება-გადაცემის ჟურნალში შესაბამისი შემოწმების შემდეგ, ხოლო ამანათში კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი მორიგე ხელმძღვანელს დაუყოვნებლივ მოახსენებს და აღნიშნულის შესახებ ადგენს შესაბამის ოქმს; აკრძალულია იზოლატორში ამანათების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი რაიმე მოწმობა.
4. იზოლატორში ყოფნის დროს დაკავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში იზოლატორის მორიგე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიძახოს მედპერსონალი და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ გააკეთოს ჩანაწერი იზოლატორში განთავსებულ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარების რეგისტრაციის ჟურნალში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაკავებული პირის გადაყვანა შესაბამის სტაციონალურ დაწესებულებაში ბადრაგის თანხლებით.
5. იზოლატორიდან დაკავებული პირის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, გამყვან პასუხისმგებელ პირებს თან მიაქვთ ბადრაგირებას დაქვემდებარებულ პატიმართა სია, რომელსაც ხსენებული დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით კვლავ უბრუნებენ იზოლატორის ადმინისტრაციას.
6. დაკავებული პირის შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე კეთდება ჩანაწერი სპეციალურ საარქივო ბარათზე, თითოეულ დაკავებულ პირზე ინდივიდუალურად და იგი ინახება იზოლატორის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. საარქივო ბარათი განადგურებას არ ექვემდებარება.
7. დაკავებული პირის შესახებ შესაბამისი მონაცემები სრული მონაცემებით შეიტანება დაკავებულ პირთა აღრიცხვის ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და მის სრულყოფაზე ზედამხედველობას აწესებს იზოლატორის უფროსი.
8. საქმისწარმოებას ახორციელებს იზოლატორის უფროსის მიერ განსაზღვრული, იზოლატორის უფლებამოსილი თანამშრომელი, ამასთან საქმისწარმოების სათანადოდ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იზოლატორის უფროსს.
მუხლი 6. დაკავებული პირის საკნიდან გამოყვანა საგამოძიებო მოქმედებების საწარმოებლად
1. იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია გამომძიებლის აგრეთვე პროკურორის მოთხოვნით, რომელთა წარმოებაშიც არის საქმე, 06.00 საათიდან 22.00 საათამდე, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას ნებისმიერ დროს, უზრუნველყოს იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირთა გამოყვანა საკნებიდან დაკითხვისათვის, ან სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისათვის.
2. იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირთა საკნიდან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით შესაბამის საგამოძიებო ოთახში გამოყვანის საფუძველს წარმოადგენს პროკურორის, გამომძიებლის ან დამცველის წერილობითი მოთხოვნა.
3. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს წარმომადგენელს სათანადო წერილობითი მოთხოვნის შემდგომ უფლება ეძლევა, შესაბამის საგამოძიებო ოთახში, დაკავებულ პირთან წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას გამოიყენოს ვიდეო-აუდიო ტექნიკა, მოიწვიოს დამსწრეები, განახორციელოს ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებაც ტექნიკურად შესაძლებელია იზოლატორში.
მუხლი 7. დაკავებულ პირთა საკნებიდან გამოყვანა სხვადასხვა შემთხვევის დროს (გარდა იზოლატორის შინაგანაწესით დადგენილი ნორმებისა)
დაკავებული პირის საკნიდან გამოყვანისას წერილობითი მოთხოვნა არ ივსება თუკი:
ა) დაკავებული პირი წარედგინება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ზედამხედველ პროკურორს;
ბ) დაკავებული პირი წარედგინება სახალხო დამცველს ან მისი რწმუნებით აღჭურვილ პირს;
გ) დაკავებული პირი წარედგინება საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის შესაბამის წარმომადგენელს;
დ) დაკავებული პირი წარედგინება იზოლატორის უფროსს განსაკუთრებული შემთხვევებისას, ასევე კანონით დადგენილ ფარგლებში.
მუხლი 8. დაკავებული პირის საკნიდან გამოყვანა დამცველთან (ადვოკატთან) შეხვედრის მიზნით
1. დამცველის საქმეში მონაწილეობის დაშვების მომენტიდან, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი ორდერი), დაკავებულ პირებს უფლება აქვთ პირისპირ მისი ნახვისა შეხვედრათა რაოდენობისა და მათი ხანგრძლივობის განუსაზღვრელად.
2. დამცველთან შეხვედრა ხდება იზოლატორის საგამოძიებო ოთახში დამცველისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სურვილის მიხედვით. შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს სხვების დაუსწრებლად, შეხვედრის რაოდენობისა და დროის განუსაზღვრელად. დაკავებულ პირთან შეხვედრამდე დამცველი იზოლატორის უფროსს წარუდგენს შესაბამის ორდერს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაცვის განსახორციელებლად.
მუხლი 9. დაკავებული პირის სუფთა ჰაერზე გასეირნების ჩატარების წესი
1. გასეირნება ტარდება მხოლოდ იმ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირებისათვის, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა ადმინისტრაციული სახდელის სახით, არანაკლებ 15 დღის ვადით. გასეირნება არ ეხებათ დაკავებულებს, რომლებიც ავადმყოფობენ და ექიმის დასკვნით მათი გასეირნება რეკომენდირებული არ არის.
2. გასასეირნებლად გაყვანა ხორციელდება დღისით 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, იზოლატორის უფროსის მიერ შედგენილი გრაფიკით. გასეირნების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 საათით.
3. გასასეირნებლად ერთდროულად გაიყვანება არა უმეტეს 3 დაკავებული პირი, რომლებიც ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენისთვის არ იხდიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
4. იზოლატორის ტერიტორიაზე გასეირნების ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური გასასეირნებელი ეზოები. იზოლატორში მყოფი დაკავებული პირების გასასეირნებლად გაყვანა-არ გაყვანაზე კონტროლს ახორციელებს იზოლატორის უფროსი, ხოლო ვიზუალურ კონტროლს ახორციელებს იზოლატორის უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი იზოლატორის თანამშრომელი.
5. იზოლატორში, სადაც არ არის მოწყობილი სპეციალური გასასეირნებელი ეზო, გასეირნება ხორციელდება საქართველოს შს ორგანოს ადმინისტრაციულ შენობასთან ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც წესი ბადრაგის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლის თანხლების გარეშე. აღნიშნულ ტერიტორიაზე გასეირნებისას, დაკავებულ პირზე შენარჩუნებულ უნდა იქნეს ვიზუალური მეთვალყურეობა. გასეირნებამდე, იზოლატორის უფროსი წერილობით აფრთხილებს დაკავებულ პირს, რომ მას, გაქცევის შემთხვევაში დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს არც ერთ თანამშრომელს, ზემოაღნიშნული ინციდენტების შემთხვევაში რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
6. დაკავებულ პირებს გასეირნების დროს ეკრძალებათ ერთმანეთან ან სხვა გარეშე პირებთან საუბარი, არაეთიკური ქცევა, რაიმე საგნების და ნივთების მიღება ან გაცემა. აღნიშნული ფაქტის გამოვლენისას დაკავებული პირს, მისი პატიმრობისას ვადის ამოწურვამდე შეეზღუდება გასეირნების უფლება.
7. არაკეთილსასურველი მეტეოროლოგიური პირობების, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს, იზოლატორის უფროსის განკარგულებით გასიერნება შეიძლება გაუქმდეს ან შეიკვეცოს.
მუხლი 10. დაკავებულ პირთა საკნებიდან გამოყვანაზე დაწესებული შეზღუდვები
1. აკრძალულია წერილობითი მომართვის გარეშე დაკავებულ პირთა გაყვანა იზოლატორის საკნებიდან (იზოლატორიდან) სხვა დაწესებულების საგამოძიებო ორგანოების სამსახურებრივ კაბინეტებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.
2. ღამით, 22 საათიდან დილის 06 საათამდე – საკნების გაღება ხდება უკიდურეს შემთხვევაში, ხოლო საკნებიდან დაკავებულთა გამოყვანა შეიძლება მხოლოდ ვითარების გართულებისას და განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მათ სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება, აგრეთვე იზოლატორიდან გათავისუფლებისას, შესასვლელ პუნქტამდე ბადრაგირებისას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ან დაკითხვაზე გამოყვანისას, იმ შემთხვევაში, როცა ამის დაყოვნება არ შეიძლება.
3. იზოლატორის გარეთ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით (საგამოძიებო მოქმედებები – რომელთა ჩატარება იზოლატორში ტექნიკურად არის შეუძლებელი), დაკავებული პირის გაყვანა იზოლატორიდან ხდება მხოლოდ გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
მუხლი 11. იზოლატორში მოქმედი საშვთა რეჟიმი
1. იზოლატორში საშვთა რეჟიმის განხორციელებაზე კონტროლს ასრულებს იზოლატორის უფროსი.
2. იზოლატორში რაიმე ნებართვის გარეშე შეიშვებიან:
ა) მთავარი პროკურატურის პროკურორები, რომლებიც სპეციალურად არიან უფლებამოსილები განახორციელონ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ყველა სათავსში შეუფერხებელი დაშვებით;
ბ) მთავარი პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები, შს ორგანოების, ასევე სხვა საგამოძიებო უწყებების გამომძიებლები, რომელთა უშუალო წარმოებაშიც იმყოფება სისხლი სამართლის საქმე, შესაბამისი წერილობითი მომართვით, დაიშვებიან მხოლოდ იზოლატორის საგამოძიებო ოთახებში – საგამოძიებო მოქმედებათა საწარმოებლად;
გ) საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სახალხო დამცველის მიერ გაცემული შესაბამისი რწმუნებით – ყველა სათავსში შეუფერხებელი დაშვებით;
დ) იზოლატორის პირდაპირი და უშუალო ხელმძღვანელი პირები ყველა სათავსში შეუფერხებელი დაშვებით;
ე) საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები;
ვ) სამედიცინო მუშაკები, რომლებიც გამოცხადდნენ იზოლატორში მორიგის გამოძახებით, მხოლოდ ავადმყოფის სამყოფელ ადგილზე მორიგის ან იზოლატორის უფროსის თანხლებით, ხოლო იზოლატორში ეპიდემიის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, სხვა პირებზე იზოლატორში შესვლის უფლებას გასცემს იზოლატორის უფროსი, კანონით დაგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვით.
4. პირადობის და უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა ყველა კატეგორიის პირთათვის სავალდებულოა.
5. თუკი გამომძიებელი ან პროკურორი იზოლატორში ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოსულები, მათ იგი დროებით შესანახად უნდა ჩააბარონ პასუხისმგებელ მორიგეს (ასევე მობილური, ვიდეო-აუდიო და ხმის ჩამწერი ტექნიკა). ეს წესი ანალოგიურად ვრცელდება საქართველოს შს ორგანოების ყველა სხვა თანამდებობრივ პირზე, რომლებსაც ნებადართული აქვთ იზოლატორში სარეჟიმო სათავსოებში დასწრება.
6. იარაღის დროებითი შენახვის მიზნით მორიგის ოთახში იდგმება ლითონის საკეტი ყუთი (კარადა) დანომრილი ბუდეებით. თითოეულ ბუდეში თავსდება ჟეტონი, რომელიც ეძლევა იარაღის მფლობელს დროებით შესანახად ჩაბარებისას. მფლობელზე იარაღის დაბრუნებისას ჟეტონი კვლავ თავსდება შესაბამის ბუდეში.
7. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ორგანოს თანამშრომელს შეუძლია შეიტანოს იზოლატორში ვიდეო-აუდიო ტექნიკა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით და შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 12. იზოლატორში მიღებული პირების საკნებში განლაგების წესი
დაკავებული პირები საკნებში განლაგდებიან შემდეგი წესების დაცვით:
ა) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი/ბრალდებული პირები – დაკავებულთა საკნებში, იზოლაციის დადგენილი მოთხოვნების დაცვით, სხვა პირებისგან განცალკევებით;
ბ) მამაკაცები თავსდებიან ქალებისაგან განცალკევებით;
გ) არასრულწლოვნები – მოზრდილებისაგან განცალკევებით;
დ) გამონაკლისის შემთხვევაში, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი ნებართვით იმ საკნებში, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებიან დასაშვებია მოზრდილების მოთავსება;
ე) განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები – სხვა პირებისაგან განცალკევებით;
ვ) ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი/ბრალდებული პირები თავსდებიან ერთმანეთისაგან განცალკევებით (კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი პირის შესაბამისი ნებართვით შესაძლებელია ამ კატეგორიის დაკავებულთა ერთ საკანში მოთავსება);
ზ) ორსული ქალები თავსდებიან განცალკევებით;
თ) ტრანზიტით მიმავალი პირები თავსდებიან სხვა დაკავებული პირებისაგან იზოლირებით;
ი) სხვა დაკავებული პირებისაგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების თანამშრომლები, აგრეთვე წინასწარი გამოძიების სხვა ორგანოების საგამოძიებო დანაყოფების თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგზავნას. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.
მუხლი 13. დაკავებულ პირთა იზოლატორიდან გათავისუფლების მოტივი და საფუძვლები
1. ეჭვმიტანილთა/ბრალდებულთა იზოლატორიდან გათავისუფლებას ახდენს იზოლატორის უფროსი, გამომძიებლის ან პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, რომელიც დამტკიცებული უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოს უფროსის მიერ და იგი ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას იზოლატორში მათი მიღების შემდეგ.
2. მითითებული პირების გათავისუფლების წინ იზოლატორის უფროსი ან პასუხისმგებელი მორიგე ვალდებულია შეადგინოს გათავისუფლების შესახებ დადგენილება, ამოწმებს იმ დოკუმენტებს, რომლების საფუძველზეც მოთავსებული იყო მოცემული პირი იზოლატორში და დარწმუნდეს გასანთავისუფლებლის ვინაობაში.
3. ეჭვმიტანილის და ბრალდებულის სახით დაკავებული პირები შეიძლება იზოლატორში მოათავსონ არა უმეტეს 48 საათის ვადით, ეჭვმიტანილად ან ბრალდებულად დაკავების ოქმში მითითებული დროიდან. თუ აღნიშნულ პერიოდში ვერ მოხერხდა მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ გამომძიებლის, პროკურორის ან იზოლატორის უფროსის შესაბამისი დადგენილებით.
4. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული დაკავებული პირები შეიძლება იზოლატორში მოათავსონ არა უმეტეს 90 დღის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული მომენტიდან. პატიმრობის ვადის გასვლისას იზოლატორის უფროსი ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას პატიმრის გასანთავისუფლებლად, ხელმეორედ შეამოწმებს მისი დაკავების საფუძვლებს (დაკავების დრო, დაკავებული პირის იდენტიფიკაცია და ა.შ.), რის შემდეგაც ათავისუფლებს მას იზოლატორიდან.