[მუხლი 527. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობა
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების საქმიანობას, არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, ინსტიტუციური ინვესტორების, თავდაპირველი კრედიტორებისა და ინიციატორების მიერ „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, განახორციელოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის რეგისტრაცია, გააუქმოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია. ზედამხედველობის გაწევა ითვალისწინებს აგრეთვე „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) დაადგინოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის განხორციელების წესი;

გ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, ინსტიტუციურ ინვესტორს, თავდაპირველ კრედიტორსა და ინიციატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის  ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

დ) განახორციელოს „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3944 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

[მუხლი 52
8
. ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობის ზედამხედველობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);

გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებსა და ფაქტორინგული პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს;

დ) შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია;

ე) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;

ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების/აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები;

ზ) ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმას დააკისროს ფულადი ჯარიმა, ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება;

თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალის  ფორმირების წესი და ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის ოდენობა და მისი ფორმირების წესი.

2. ეროვნული ბანკის მიერ ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და მისი დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

4. ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა ვალდებული არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.

5. ფაქტორინგულ კომპანიასა და ფაქტორინგულ პლატფორმაში პირების შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სხვა პირებს პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.

6. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

თავი IX. (ამოღებულია)

საქართველოს 2014
წლის
29
მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014