1. მოსამსახურე შეიძლება დეპარტამენტიდან გათავისუფლდეს შემდეგი საფუძვლებით:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) ზღვრული ასაკის მიღწევისას;
გ) რეორგანიზაციისას ან/და შტატების ან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოსამსახურის დეპარტამენტში აღდგენისას შემცირების გამო;
დ) ავადმყოფობის, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ვ) ატესტაციის ან სპეციალური სწავლების შედეგების საფუძველზე სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო;
ზ) დისციპლინის ერთჯერადი უხეში ან სისტემატიური დარღვევისათვის;
თ) გადაცდომისათვის, რომელიც შეუთავსებელია დეპარტამენტის მოსამსახურისათვის;
ი) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
კ) დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო;
ლ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო;
მ) სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო;
ნ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
ო) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;
პ) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
ჟ) გარდაცვალების გამო.
2. მოსამსახურე მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად;
გ) სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელი ცოდნისა და ნორმალური ურთიერთობის შეუძლებლობის გამო;
დ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო;
ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიონალიზმის გამო;
ვ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.
3. მოსამსახურე დეპარტამენტიდან შეიძლება გათავისუფლდეს დისციპლინური დარღვევის გამო, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დეპარტამენტიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს ან თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს. დეპარტამენტის მოსამსახურე დისციპლინური გადაცდომისათვის თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან, ხოლო სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში – სამსახურის თვითნებურად მიტოვებიდან მეორე სამუშაო დღეს.
4. მოსამსახურე თავისუფლდება დეპარტამენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. მოსამსახურე დეპარტამენტიდან თავი-სუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
5. მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი არჩეულ ან დანიშნულ იქნა სხვა თანამდებობაზე სხვა უწყების შემადგენლობაში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები არ წარმოშობს მოსამსახურის დეპარტამენტში მიღების უფლების მქონე პირის ვალდებულებას, შესთავაზოს მას სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.
7. დეპარტამენტის ლიკვიდაციის, სტრუქტურული რეორგანიზაციისას შტატების ან შტატით გათვალის-წინებული თანამდებობის შემცირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის, შეღავათების, სამუშაო რეჟიმისა და ადგილის შეცვლისას შრომის არსებითი პირობების გაუარესების შესახებ, ატესტაციის არადამაკმაყო-ფილებელი შედეგების ან ასაკის გამო დეპარტამენტიდან გათავისუფლების შესახებ მოსამსახურეს უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე.
8. დეპარტამენტის რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების ან შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირება, მოსამსახურის კვალიფიკაციის დასადგენად მინისტრმა შეიძლება შემოიღოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნორმატიული აქტით.
9. დეპარტამენტის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსამსახურეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
10. ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით