კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.09.2002 ძალადაკარგული 13.10.2008
ნომერი
№237
სარეგისტრაციო კოდი
220020000.10.008.005501
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 25/09/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.10.008.005.501

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება №237

2002 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომერციული ბანკების კაპიტალიზაციის ამაღლებისა და შესაძლო რისკების მაქსიმალურად თავიდან აცილების, აგრეთვე კაპიტალის ადეკვატურობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად   ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ თანდართული დებულება.

2. კომერციული ბანკების ხელმძღვანელები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების სისტემატურად და სრულყოფილად შესრულება.

3. კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტების დარღვევისა და მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შემცირების შემთხვევაში, კომერციული ბანკების მიმართ ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული სანქციები და შეზღუდვები გამოყენებულ იქნეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის“, 2001 წლის 4 მაისის №116 ბრძანებით დამტკიცებული „ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების ა” და 2001 წლის 10  დეკემბრის №297 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის” მთელ ტექსტში სიტყვები „მთლიანი კაპიტალი” შეიცვალოს სიტყვებით „საზედამხედველო კაპიტალი”.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესიდან“ ამოღებულ იქნეს მე-3 და მე-4 მუხლები, მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები და   მე-7 მუხლის პირველი პუნქტი.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 ოქტომბრიდან.

ი. მანაგაძე

დებულება

კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში ეროვნული ბანკი) ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში საფინანსო-საკრედიტო სისტემის ლიკვიდურობის, გადახდისუნარიანობისა და საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული მყარი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომლის შესრულებისათვის ეროვნული ბანკი ახორციელებს საბანკო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და უცხოეთის ბანკების ფილიალების (შემდგომში– ბანკები) საქმიანობის რეგულირების მეშვეობით უზრუნველყოფილ იქნეს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირება, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საბანკო სისტემაში სისტემური კრიზისის წარმოქმნის ალბათობა და ამ გზით მაქსიმალურად დაცული იქნეს ბანკების დეპოზიტორთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრები, საბანკო სისტემაში კონკურენტუნარიანობის პრინციპები და ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური ინტერესები.

3. საბანკო საქმიანობის ზედამხედველობისათვის ეროვნული ბანკი არეგულირებს ბანკების საქმიანობას, რისთვისაც ადგენს სხვადასხვა ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.

4. საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის მთავარი ბერკეტია ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი.

5. ამ დებულებით დგინდება ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა ბანკისა და უცხოეთის ბანკის ფილიალისათვის.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ამ დებულების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება:

1. „მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი“ –ამ დებულების მიხედვით დადგენილი და გაანგარიშებული საზედამხედველო კაპიტალი, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

2. „საერთო რეზერვი“ –რეზერვი, რომელიც იქმნება სესხებისა და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების შესაძლო დანაკარგებისათვის, მათ დაუკონკრეტებლად, არაიდენტიფიცირებული ზარალისათვის.

3. „სპეციალური რეზერვი“ –რეზერვი, რომელიც იქმნება კონკრეტული სესხისა და მასზე დარიცხული მისაღები პროცენტების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად, იდენტიფიცირებული ზარალისათვის.

4. „პრივილეგირებული აქცია“ –აქცია, რომლის მფლობელს არ ა აქვს ხმის უფლება აქციონერთა საერთო კრებაზე. ასეთი აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით, რომლის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება წესდებით ან/და სათანადო ემისიის პროსპექტით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში პრივილეგირებული აქციის თანხა (წილის შესაბამისად) გასტუმრებულ უნდა იქნეს ჩვეულებრივი აქციის თანხის გადახდამდე.

5. „უვადო პრივილეგირებული აქცია“ –ისეთი პრივილეგირებული აქცია, რომელსაც არა აქვს დაფარვის კონკრეტული ვადა და რომლის მფლობელს არა აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ასეთი აქციის რაიმე ფორმით უკან გამოსყიდვა.

6. „არაკუმულაციური უვადო პრივილეგირებული აქცია“ –ისეთი უვადო პრივილეგირებული აქცია, რომელზეც არ ხდება წინა წლებში ბანკის მიერ გაუნაწილებელი დივიდენდების აკუმულირება.

7. „აქციებში კონვერტირებადი ვალი“ –სესხებით და/ან სავალო ფასიანი ქაღალდებით მიღებული ფულადი სახსრები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას კონვერტირდება ბანკის ჩვეულებრივ ან პრივილეგირებულ აქციებში.

8. „სუბორდინირებული ვალი“ –ისეთი არაუზრუნველყოფილი ვალი, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით არ არის დეპოზიტი და სხვა ვალებთან და დეპოზიტებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი, რომლის მიხედვით ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნები ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ ყველა დეპოზიტორთა და სხვა კრედიტორთა ვალების სრულად გადახდის (დაფარვის) შემდეგ.

9. „არამატერიალური აქტივები” –ისეთი აქტივები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღირებულება და არა აქვთ მატერიალური ფორმა: პატენტები, საიჯარო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, ნოუ-ჰაუ, გუდვილი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტები.

10. „ეგთო“ –„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებში გაითვალისწინება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია.

11. „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში“ ჩაითვლება შემდეგი საფინანსო დაწესებულებები: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ფონდი, ამერიკათშორისი განვითარების ბანკი, ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი, კარიბის განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი.

    მუხლი 3. კაპიტალის ადეკვატურობა

1. ბანკისათვის კაპიტალი არის საბანკო საქმიანობის განხორციელების ა და მისი სტაბილური ზრდის, საიმედოობის ა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალება,ბანკის ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის დაფარვის ძირითადი წყარო.

2. ბანკის კაპიტალის მიზანია:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ბანკში დეპოზიტორთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების შენახვის საიმედოობა, საბანკო საქმიანობის რისკებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმიზაცია, რათა ბანკის ფინანსური დანაკარგების, ზარალისა და გაკოტრების შედეგებით გამოწვეული პროცესები არ გავრცელდეს სხვა ბანკებზე, არ მიიღოს სისტემური ხასიათი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სისტემური კრიზისის წარმოქმნის ალბათობა;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საბანკო საქმიანობის განხორციელება, გაიზარდოს საბანკო ოპერაციების გაფართოების შესაძლებლობები როგორც მიმდინარე ეტაპზე, ისე სამომავლოდ. ამასთან, იგი უნდა იძლეოდეს მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის განეიტრალების საშუალებას.

3. ბანკის ფინანსური სიძლიერის, გადახდისუნარიანობის, საიმედოობისა და მდგრადობის შეფასების ძირითადი კომპონენტია კაპიტალის ადეკვატურობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბანკის კაპიტალის არსსა და მიზნებს.

4. ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის განსაზღვრისა და შეფასებისათვის გამოიყენება ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კოეფიციენტები და მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი.

5. ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის განმსაზღვრელი სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კოეფიციენტები ეს არის პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი.

6. პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი არის ბანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან, რომლის მიხედვით ბანკის პირველადი კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 8 პროცენტისა.

7. საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი არის ბანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან, რომლის მიხედვით ბანკის საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 12 პროცენტისა.

8. საქართველშო მოქმედი ყველა ბანკისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს 5 (ხუთი) მილიონ ლარს.

    მუხლი 4. საზედამხედველო კაპიტალი

1. ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის განსაზღვრისათვის გამოიყენება საზედამხედველო კაპიტალი. მასში ჩასათვლელი ცალკეული კომპონენტი ან მათი ნაწილი არ შეიძლება მოიცავდეს ისეთ შეთანხმებას, გარიგებას ან პირობას, რომელიც ეწინააღმდეგება ბანკის კაპიტალის არსს და მიზნებს, ბანკის სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფას.

2. საზედამხედველო კაპიტალი არის კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისა და სხვადასხვა რისკის თავიდან აცილებისათვის.

3. ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შედგება პირველადი და მეორადი კაპიტალისაგან და უდრის პირველადი და მეორადი კაპიტალის ჯამს, გამოკლებული საზედამხედველო კაპიტალის დაქვითვა.

4. საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში აიღება მასში შემავალი კომპონენტები მთლიანი ღირებულებით, გარდა პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის დაქვითვის კომპონენტებისა, რომლებიც აიღება წმინდა ღირებულებით.

5. ბანკის პირველადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის ძირითადი წყარო და უდრის პირველადი კაპიტალის შემადგენელი კომპონენტების თანხობრივ ჯამს, გამოკლებული პირველადი კაპიტალის დაქვითვის კომპონენტების თანხობრივი ჯამი.

6. პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) ჩვეულებრივი აქციები გამოსყიდულის გამოკლებით;

ბ) არაკუმულაციური უვადო პრივილეგირებული აქციები გამოსყიდულის გამოკლებით;

გ) აქციების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები;

დ) სარეზერვო ფონდი, რომელიც შექმნილი უნდა იყოს წინა წლების გაუნაწილებელი მოგებიდან, ბანკის განკარგულებაშია და შეიძლება გამოყენებულ იქნეს წარმოშობილი ზარალის დასაფარავად;

ე) წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (ზარალი).

7. პირველადი კაპიტალის დაქვითვა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) ბანკის საწესდებო კაპიტალში ასახული ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვიდან გადატანილი თანხა;

ბ) არამატერიალური აქტივები.

8. ბანკის მეორადი კაპიტალი წარმოადგენს საზედამხედველო კაპიტალის დამატებით წყაროს და შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) მიმდინარე წლის წმინდა მოგება (ზარალი);

ბ) მიზნობრივი ფონდები;

გ) საერთო რეზერვები, არა უმეტეს საკრედიტო და საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 1.25%-ის ოდენობისა;

დ) პრივილეგირებული აქციები გამოსყიდულის გამოკლებით, გარდა პირველად კაპიტალში ასახული არაკუმულაციური უვადო პრივილეგირებული აქციებისა;

ე) ბანკის აქციებში კონვერტირებადი ვალი, იმ პირობით, თუ იგი სრულად აკმაყოფილებს სუბორდინირებული ვალის შინაარსს და თუ ასეთი ვალის ბანკის აქციებში კონვერსიის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში და ეს პირობები გათვალისწინებულია ვალის ხელშეკრულებით;

ვ) სუბორდინირებული ვალი, მიღებული მინიმუმ 5 წლით სარგებლობის ვადით და ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ვალის 20 პროცენტით შემცირებული ოდენობით, იმ პირობით, თუ სუბორდინირებული ვალი მიღებულია ყოველგვარი უზრუნველყოფისა და გამოყენების შეზღუდვების გარეშე და რომელიმე მხარის მიერ ასეთი სუბორდინირებული ვალის პირობების შეცვლა და/ან გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში და თუ ეს პირობები გათვალისწინებულია ვალის ხელშეკრულებაში.

9. საზედამხედველო კაპიტალის დაქვითვა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) ინვესტიციები საქართველოს რეზიდენტი ბანკების საწესდებო კაპიტალში;

ბ) არაკონსოლიდირებული ინვესტიციები ბანკის შვილობილი საწარმოების საწესდებო კაპიტალში.

10. პირველადი კაპიტალი უნდა შეადგენდეს საზედამხედველო კაპიტალის არანაკლებ 50 პროცენტს.

11. თუ ამ დებულების პირობების გათვალისწინების შედეგად სუბორდინირებული ვალ(ებ)ის თანხობრივი მოცულობა შეადგენს პირველადი კაპიტალის 50 პროცენტზე მეტს, სუბორდინირებული ვალ(ებ)ის თანხობრივი მოცულობიდან მეორადი კაპიტალის გაანგარიშებაში აიღება არა უმეტეს პირველადი კაპიტალის 50 პროცენტის შესაბამისი თანხისა.

12. თუ მეორადი კაპიტალი შეადგენს პირველადი კაპიტალის 100 პროცენტზე მეტს, მეორადი კაპიტალის გაანგარიშებაში აიღება არა უმეტეს პირველადი კაპიტალის 100 პროცენტის შესაბამისი თანხისა.

    მუხლი 5. რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები

1. ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის განსაზღვრისათვის გამოიყენება რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები, რომლებიც მოიცავს საკრედიტო და საბაზრო რისკებით შეწონილ აქტივებს.

2. საკრედიტო რისკი არის კონტრაგენტი პარტნიორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ან გაკოტრებით გამოწვეული რისკი.

3. საბაზრო რისკი არის ბაზარზე ფასების მერყეობის შედეგად ბანკის აქტივების ღირებულების ცვლილებით გამოწვეული რისკი.

4. რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები არის საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივებისა და საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების ჯამი შემცირებული საერთო რეზერვების იმ ნაწილით, რომელიც არ შედის მეორად კაპიტალში, და სპეციალური რეზერვებით.

    მუხლი 6. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები

1. აქტივების საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვის მიზნით ბანკის აქტივები იყოფა 4 კატეგორიად და თითოეული კატეგორიის აქტივებს შეესაბამება  საკრედიტო რისკის კოეფიციენტი:

ა) I კატეგორიის აქტივები, 0%-იანი საკრედიტო რისკი – საკრედიტო რისკის კოეფიციენტი 0;

ბ) II კატეგორიის აქტივები, 20%-იანი საკრედიტო რისკი – საკრედიტო რისკის კოეფიციენტი 0.2;

გ) III კატეგორიის აქტივები, 50%-იანი საკრედიტო რისკი – საკრედიტო რისკის კოეფიციენტი 0.5;

დ) IV კატეგორიის აქტივები, 100%-იანი საკრედიტო რისკი – საკრედიტო რისკის კოეფიციენტი 1.0.

2. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების გაანგარიშებაში არ მონაწილეობს ის აქტივები, რომლებიც პირველადი და საზედამხედველო კაპიტალის დაქვითვის კომპონენტებს წარმოადგენს.

3. საკრედიტო რისკის მიხედვით აქტივების შეწონვისას გაანგარიშებაში აიღება აქტივების წმინდა ღირებულება, გარდა სესხებისა და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტებისა, რომლებიც აიღება მთლიანი ღირებულებით.

4. 0%-იან საკრედიტო რისკს დაქვემდებარებული I კატეგორიის აქტივებია:

ა) ბანკში არსებული ნაღდი ფულადი სახსრები ლარებით და „ეგთო-ს” წევრი ქვეყნების ვალუტით;

ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო და მინიმალური რეზერვების ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები;

გ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ;

დ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ;

ე) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით;

ვ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე ბანკში დაჯავშნული დეპოზიტებით.

5. 20%-იან საკრედიტო რისკს დაქვემდებარებული II კატეგორიის აქტივებია:

ა) ნაღდ ფულთან გათანაბრებული დოკუმენტების თანხობრივი მოცულობა ლარებით და „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ვალუტით;

ბ) მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების რეზიდენტი ბანკების მიერ;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებით წარმოქმნილი მოთხოვნები;

დ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული და გარანტირებული სახაზინო ვალდებულებებით;

ე) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ;

ვ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების რეზიდენტ ბანკებში დაჯავშნული დეპოზიტებით;

ზ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც არაპირდაპირ გარანტირებულია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ და რომლებიც ამ დებულების შესაბამისად მიკუთვნებული არ არის 0%-იანი რისკის მატარებელი აქტივების კატეგორიას;

თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ზოდები;

ი) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ზოდებით.

6. 50%-იან საკრედიტო რისკს დაქვემდებარებული III კატეგორიის აქტივებია:

ა) ნაღდი ფულადი სახსრები და ნაღდ ფულთან გათანაბრებული დოკუმენტების თანხობრივი მოცულობა „ეგთო-ს“ არაწევრი ქვეყნების ვალუტით;

ბ) მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს რეზიდენტი ბანკების მიერ;

გ) მოკლევადიანი მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია„ეგთო-ს“ არაწევრი ქვეყნების რეზიდენტი ბანკების მიერ;

დ)მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო უწყების) მიერ;

ე)მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო უწყების) მიერ გამოშვებული და გარანტირებული სხვა სავალო ფასიანი ქაღალდებით;

ვ)მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოსა და „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ადგილობრივი მთავრობების (მუნიციპალიტეტების) მიერ;

ზ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საქართველოს ა და „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ადგილობრივი მთავრობების (მუნიციპალიტეტების) მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით.

7. 100%-იან საკრედიტო რისკს დაქვემდებარებულიIV კატეგორიის აქტივებია:

ა) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია ეგთო-ს“ არაწევრი ქვეყნების მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ;

ბ)მ ოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია „ეგთო-ს“ არაწევრი ქვეყნების მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით;

გ) გრძელვადიანი მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც გარანტირებულია „ეგთო-ს“ არაწევრი ქვეყნების რეზიდენტი ბანკების მიერ;

დ) კორპორა ც იული სავალო ფასიანი ქაღალდები;

ე) ინვესტიციები იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში;

ვ) საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქრო სა და სხვა ძვირფასი ლითონების ზოდები;

ზ) მოთხოვნები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქროს ა და სხვა ძვირფასი ლითონების ზოდებით;

თ) ძირითადი საშუალებები;

ი) სესხები, რომლებიც ასახული არ არის 0, 20 და 50%-იან საკრედიტო რისკს დაქვემდებარებული აქტივების კატეგორიებში;

კ) დანარჩენი აქტივები, რომლებიც ასახული არ არის 0, 20 და 50%-იან საკრედიტო რისკს დაქვემდებარებული აქტივების კატეგორიებში.

8. ბალანსგარეშე ვალდებულებების საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვისათვის ბალანსგარეშე ვალდებულებების კონტრაქტის მთლიანი თანხა გადაიყვანება საბალანსო უწყისის კრედიტ-ეკვივალენტურ თანხაში, რომელიც ექვემდებარება საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას იგივე კრიტერიუმებით, როგორც საბალანსო უწყისში რიცხული აქტივებისა.

9. ბალანსგარეშე ვალდებულებების კონტრაქტის მთლიანი თანხის საბალანსო უწყისის კრედიტ-ეკვივალენტურ თანხაში გადაყვანის მიზნით, ბალანსგარეშე ვალდებულებები კრედიტ-კონვერსიის ფაქტორების გათვალისწინებით იყოფა 4 კატეგორიად და თითოეული კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებებს შეესაბამება თავისი კრედიტ-კონვერსიის კოეფიციენტი:

ა) I კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებები, 100%-იანი კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი – კრედიტ-კონვერსიის კოეფიციენტი 1.0;

ბ) II კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებები, 50%-იანი კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი – კრედიტ-კონვერსიის კოეფიციენტი 0.5;

გ) III კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებები, 20%-იანი კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი – კრედიტ-კონვერსიის კოეფიციენტი 0.2;

დ) IV კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებები, 0%-იანი კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი – კრედიტ-კონვერსიის კოეფიციენტი 0.

10. 100%-იან ი კრედიტ-კონვერსიის ფაქტორს დაქვემდებარებული I კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებებია:

ა) გაცემული გარანტიები, საბანკო აქცეპტები, სესხის გაცემის ვალდებულებები, თუ ამ ვალდებულებების შესრულებამდე დარჩენილი ვადა არ აღემატება ერთ წელს;

ბ) აქტივის გაყიდვის ვალდებულებები უკან გამოსყიდვის ვალდებულებით, როდესაც საკრედიტო რისკს იღებს ბანკი და ამ ვალდებულებების შესრულებამდე დარჩენილი ვადა არ აღემატება ერთ წელს;

გ) აქტივების შესყიდვის ვალდებულებები, თუ ამ ვალდებულებების შესრულებამდე დარჩენილი ვადა არ აღემატება ერთ წელს.

11. 50%-იანი კრედიტ-კონვერსიის ფაქტორს დაქვემდებარებული II კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებებია ყველა 100%-იანი კრედიტ-კონვერისიის ფაქტორს დაქვემდებარებული ბალანსგარეშე ვალდებულებები, რომელთა შესრულებამდე დარჩენილი ვადა აღემატება ერთ წელს.

12. 20%-იანი კრედიტ-კონვერსიის ფაქტორს დაქვემდებარებული III კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებებია ტვირთებით უზრუნველყოფილი დოკუმენტური აკრედიტივები.

13. 0%-იანი კრედიტ-კონვერსიის ფაქტორს დაქვემდებარებული IV კატეგორიის ბალანსგარეშე ვალდებულებებია ისეთი ბალანსგარეშე ვალდებულებები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება უპირობოდ გააუქმოს ბანკმა.

14. საპროცენტო განაკვეთთან და სავალუტო კურსთან დაკავშირებული ფიუჩერსები, ფორვარდები, სვოპები, ოფციონები და სხვა ანალოგიური კონტრაქტებით წარმოშობილი ბალანსგარეშე ვალდებულებების საკრედიტო რისკი ეხება ამ კონტრაქტის შესრულებიდან გამომდინარე პოტენციურ ზარალს და, შესაბამისად, ასეთი ბალანსგარეშე ვალდებულებების მთლიანი თანხა ექვემდებარება განსხვავებულ კრედიტ-კონვერსიის ფაქტორებს.

15. სავალუტო კურსთან დაკავშირებული ფიუჩერსები, ფორვარდები, სვოპები, ოფციონები და სხვა ანალოგიური კონტრაქტებით წარმოშობილი ბალანსგარეშე ვალდებულებები, რომელთა კონტრაქტის ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს, არ ექვემდებარება საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას.

16. საპროცენტო განაკვეთთან და სავალუტო კურსთან დაკავშირებული ფიუჩერსები, ფორვარდები, სვოპები, ოფციონები და სხვა ანალოგიური კონტრაქტებით წარმოშობილი ბალანსგარეშე ვალდებულებების მთლიანი თანხის საბალანსო უწყისის კრედიტ-ეკვივალენტურ თანხაში გადაყვანა წარმოებს განსხვავებული სხვადასხვა კრედიტ-კონვერსიის კოეფიციენტებით, ასეთი კონტრაქტების ვადის გათვალისწინებით:

N

ვადა კონტრაქტის მიხედვით

კონტრაქტები საპროცენტო განაკვეთზე

კონტრაქტები სავალუტო კურსზე

1.

1 წელზე ნაკლები

0.5%

2.0%

2.

1-დან 2 წლამდე

1.0%

5.0%

3.

ყოველ დამატებით წელზე

+ 1.0%

+ 3.0%

 

17. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები გაიანგარიშება როგორც საბალანსო უწყისის აქტივების თითოეული კატეგორია, გამრავლებული ამ კატეგორიის აქტივების შესაბამის საკრედიტო რისკის კოეფიციეტზე, დამატებული ბალანსგარეშე ვალდებულებების თითოეული კატეგორია, გამრავლებული შესაბამის კრედიტ-კონვერსიის კოეფიციენტზე და მიღებული კრედიტ-ეკვივალენტური თანხა, გამრავლებული შესაბამის საკრედიტო რისკის კოეფიციენტზე.

    მუხლი 7. საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები

1. საბაზრო რისკი არის ბანკის აქტივებსა და ბალანსგარეშე ვალდებულებებზე ზარალის მიღების რისკი, რომელიც შესაძლებელია გამოიწვიოს ბაზარზე ფასების მერყეობამ.

2. საბაზრო რისკი მოიცავს საპროცენტო, საფონდო, სავალუტო და სასაქონლო პოზიციის რისკებს. ამ დებულებით საბაზრო რისკში ჩაითვლება მხოლოდ სავალუტო რისკი.

3. სავალუტო რისკი არის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შემთხვევაში ბანკის უცხოურ ვალუტაში ფორმირებული აქტივების გაუფასურების რისკი, ვინაიდან ასეთმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბანკის მოგებაზე, კაპიტალზე, ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობაზე.

4. სავალუტო რისკის მიხედვით შეწონვას ექვემდებარება ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში ფორმირებული სესხები, დებიტორული დავალიანებები და მათზე დარიცხული მისაღები პროცენტები, გარდა:

ა) მსესხებელისათვის მიცემული სესხების და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტებისა და/ან მათი ნაწილისა, რომელთა დაფარვის წყაროა სასესხო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მსესხებელთა ექსპორტიდან მისაღები ფულადი სახსრები უცხოური ვალუტით და, თუ მსესხებელს აქვს ექსპორტიდან უცხოური ვალუტით მისაღები ფულადი სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) მსესხებლისათვის მიცემული სესხების და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტებისა და/ან მათი ნაწილისა, რომელთა დაფარვა უზრუნველყოფილია ამავე ბანკში უცხოურ ვალუტაში ფორმირებული დაჯავშნული დეპოზიტებით.

5. სავალუტო რისკის მიხედვით აქტივების შეწონვას დაქვემდებარებული სესხები, დებიტორული დავალიანებები და მათზე დარიცხული მისაღები პროცენტები გაანგარიშებისას აიღება მთლიანი ღირებულებით.

6. სავალუტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებულ აქტივებს შეესაბამება 100%-იანი რისკის კატეგორია და სავალუტო რისკის კოეფიციენტია 1.0.

7. საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები გაიანგარიშება როგორც სავალუტო რისკს დაქვემდებარებული აქტივების მთლიანი თანხა, გამრავლებული სავალუტო რისკის კოეფიციენტზე.

    მუხლი 8. კომერციული ბანკების ვალდებულებები

1. ბანკები ვალდებული არიან:

ა) განუხრელად დაიცვან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ამსახველი ანგარიშგება;

გ) საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშებაში ჩართვის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ბანკის აქციებში უპირობოდ კონვერტირებადი ვალისა და სუბორდინირებული ვალის ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში.

2. კაპიტალის ადეკვატურობის მიმართ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბანკები ვალდებული არიან:

ა) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ კაპიტალის აღდგენის დამაკმაყოფილებელი გეგმა და კაპიტალის აღდგენისათვის უზრუნველყონ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესრულება;

ბ) კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით უზრუნველყონ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ღონისძიებების, სანქციებისა და შეზღუდვების სრულყოფილად შესრულება.

    მუხლი 9. სანქციები და შეზღუდვები

1. ბანკის მიერ მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის, პირველადი კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტების მიმართ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხევაში, ეროვნული ბანკი ბანკის მიმართ გამოიყენებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სანქციებს.

2. ბანკის მიერ კაპიტალის ადეკვატურობის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის დროულად აღმოფხვრის მიზნით ეროვნულმა ბანკმა ბანკისაგან უნდა მოითხოვოს და განიხილოს ბანკის კაპიტალის აღდგენის გეგმა, დაუწესოს ბანკს სპეციალური მოთხოვნები კაპიტალის შემცირების შეჩერებისათვის აუცილებელი შეზღუდვებითა და კაპიტალის გაზრდისათვის გასატარებელი ღონისძიებებით.

3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია, თუ:

ა) ბანკის პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტები შეადგენს შესაბამისად 3 და 5 პროცენტს ან მათზე ნაკლებს;

ბ) ბანკის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს 4 (ოთხი) მილიონ ლარს ან ნაკლებს;

გ) ბანკის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს 4 (ოთხი) მილიონ ლარზე მეტსა და 5 (ხუთი) მილიონ ლარზე ნაკლებს 3 (სამი) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.