ეკონომიკის სფეროში მერის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ბიუჯეტის პროექტის მომზადების ხელმძღვანელობა და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა, წინადადებების მომზადება და საკრებულოსათვის წარდგენა „ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და ოდენობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; საგადასახადო სამსახურებთან ერთად საქალაქო და სახელმწიფო გადასახდელების ამოღების კოორდინაცია; საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა;
ბ) ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კოორდინაცია, ამ სფეროში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების აქტების აღსრულების კონტროლი; საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
გ) ზედამხედველობა ქალაქის საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის, აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, შეფასების საკითხებისა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისადმი, საკრებულოსათვის წინადადებების წარდგენა ქალაქის ქონების ფლობის, სარგებლობის, განკარგვის, შექმნის, შეძენისა და გასხვისების წესის თაობაზე; საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ობიექტების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის, კომუნალური მეურნეობის საკითხების ხელმძღვანელობა;
ე) ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენისა და განხორციელების ზედამხედველობა;
ვ) ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა; საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ზ) ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მეწარმეობის ხელშეწყობის პოლიტიკის განსაზღვრა და საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
თ) ქალაქის სახაზინო და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა მართვა; საკრებულოსათვის წინადადებათა წარდგენა საწარმოთა შექმნის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;
ი) ქალაქის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების მომზადების კოორდინაცია, მათი განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ამ მიზნით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებსა და მეწარმეებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება