1. საკრებულოს უფლებამოსილება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო ადმინისტრირების, საფინანსო-ეკონომიკურ, სოციალურ, კეთილმოწყობის და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის, სივრცითი დაგეგმარების, აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროებში.
3. საერთო ადმინისტრირების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა გამგებლის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;
ე) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
ვ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ზ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს სამუშაო გეგმების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
ი) ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;
ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამტკიცება;
მ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; “გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;
ო) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;
ჟ) საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება;
რ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების დამტკიცება;
დ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა;
ე) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;
ვ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
თ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება;
ი) თვითმმართველი ერთეულის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
კ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
5. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის განხილვა და დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცება;
დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
დ) “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ე) მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური მომსახურების დამატებითი დაფინანსების შესახებ;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენა;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
7. თვითმმართველი ერთეულის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;
ბ) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
დ) დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
8. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
9. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;
გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
10. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის წესების დადგენა, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
11. აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის დამტკიცება;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი ქონების და თვითმმართველი ერთეულის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;
დ) ადგილობრივი არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.03.2012
მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საკრებულო
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №15, 20.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.000031 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1134153/muxli-3/