სახელმწიფო სტატისტიკის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №671
1999 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სტატისტიკის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ
ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობათა განვითარების პირობებთან ადაპტირებადი სახელმწიფო სტატისტიკის ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით:
1. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე):
ა) 1999 წლის ბოლომდე მოამზადოს და წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად „საქართველოს სტატისტიკის განვითარების 2000-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის“ პროექტი, რომელშიც მაქსიმალურად სრულად იქნება გათვალისწინებული სტატისტიკურ ინფორმაციაზე სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრიობის, უცხოელი მომხმარებლების მზარდ და პერსპექტიულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება სტატისტიკური კვლევების თანამედროვე საშუალებებისა და მოწინავე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;
ბ) საწარმოთა რეგისტრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან (ჯ.ხეცურიანი) და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან (ვ.პაპავა) ერთად 20 დღეში წარმოადგინოს საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე;
გ) გაააქტიუროს დეპარტამენტის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობა საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან პირველადი სტატისტიკური ინფორმაციის დროული მიღებისა და მისი უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შეფასების საკითხებს როგორც მთელი ქვეყნის, ისე დარგობრივი და რეგიონალური თვალსაზრისით საამისოდ სპეციალურად ორგანიზებული სტატისტიკური გამოკვლევების გამოყენებით;
ე) გაააქტიუროს თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკურ და სტატისტიკურ ინსტიტუტებთან, აგრეთვე მოწინავე საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე წარმართვისა და სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების საერთაშორისო შედარებითობის უზრუნველსაყოფად.
2. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სახსრების 0,5 პროცენტის მიმართვა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისათვის.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) ქვეყნის 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს სტატისტიკურ ინფორმაციაზე ხელისუფლების, საზოგადოებრიობისა და უცხოელი მომხმარებლების მოთხოვნილების სულ უფრო მზარდი და კომპლექსური ხასიათი და უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის №390 ბრძანებულებით დამტკიცებული სტატისტიკის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, თბილისის მერიამ, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა:
ა) შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებათა მიღებისას აქტიურად გამოიყენონ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების ინფორმაციული რესურსები;
ბ) სტატისტიკური საქმიანობის სახელმწიფოებრივ და რეგიონალურ დონეზე სულ უფრო მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგრეთვე შესაბამისი ტერიტორიული სტატისტიკური ორგანოების თანამშრომელთა სოციალური დაცვისათვის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების 2000 წლისა და შემდგომი წლების ბიუჯეტებში გაითვალისწინონ სტატისტიკის სამსახურის მუშაკთა ხელფასების დანამატები ან დახმარება.
ე. შევარდნაძე