"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №59
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა)დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1 ‘’ ქვეპუნქტი:
„მ1) ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი;“
ბ)დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას 115 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 116 მუხლი:
„მუხლი 116. ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველობების ბიუჯეტის პროექტების მომზადებასა და განხილვებში მონაწილეობის მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოსული საფინანსო-ეკონომიკური დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების, პროგრამების შემუშავებაში სახელმწიფო დაწესებულებებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად მონაწილეობის მიღება, განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შესრულების კოორდინაცია, ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის, პროექტებისა და პროგრამების განხორციელებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
დ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) რეგიონში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება;
ვ)რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
ზ) რეგიონში განსახორციელებელი ეკონომიკური პროექტებისა და ეკონომიკური პროგრამების ანალიზი, შესაბამის დეპარტამენტთან ერთად საერთაშორისო ეკონომიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
თ) რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი ამსახველი პერიოდული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება, საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამების რეგიონში განხორციელებასთან დაკავშირებით ანალიზი და შეფასება;
ი) რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ინფრასტრუქტურის განვითარების ანალიზი, რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ლ ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე