2000 წლის 15 აპრილიდან ამ დებულების ამოქმედებამდე გასული ვადა არ იქნეს გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული დისციპლინური სამართალწარმოების ვადების გამოთვლისას.
დანართი
დებულებაში დისციპლინური პასუხისმგებლობის აღმნიშვნელი ცნებებისა და ტერმინების განმარტება
1. „საქმეთა განხილვისას დაშვებული კანონის დარღვევა“ გულისხმობს მატერიალური ან საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევას, რომელმაც ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) სასამართლო პროცესის მონაწილის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს იმის მიუხედავად, თუ რა წესით ხდება საქმის განხილვა, – პირველი ინსტანციით, საკასაციო თუ საზედამხედველო წესით; აგრეთვე იმის მიუხედავად, წარმოადგენს თუ არა ასეთი დარღვევა სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების საფუძველს საზოგადოდ, ან გამოიწვია თუ არა მან ასეთი რამ რეალურად.
2. „სასამართლოს ავტორიტეტის ან მოსამართლის ღირსების შემლახველი ქმედობა“ არის მოსამართლის მიერ ჩადენილი ნებისმიერი უმსგავსო საქციელი, რომელიც იწვევს მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, მისი რეპუტაციის შელახვას, არყევს სასამართლოსადმი საზოგადოებრივ ნდობასა და პატივისცემას და წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს მოსამართლის თანამდებობასთან მის შესაფერისობაზე. მნიშვნელობა არა აქვს ასეთი საქციელი უშუალოდ სამოსამართლო მოვალეობების განხორციელებისას არის ჩადენილი, თუ სხვა დროს. სასამართლოს ავტორიტეტის ან მოსამართლის ღირსების შემლახველ ქმედობად ჩაითვლება, მაგალითად, სასამართლო პროცესის მონაწილეებისადმი, კოლეგებისა თუ მოქალაქეებისადმი არაკორექტული, უდიერი, უხეში მოპყრობა, დისციპლინური უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირებისა თუ ორგანოებისადმი, მათ შორის სადისციპლინო კოლეგიისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება, ადამიანის ღირსების შელახვა ან დამცირება, თანამდებობრივი მდგომარეობით არამართებულად სარგებლობა, კანონით დაცული იმ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობისა თუ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოსაფხვრელად ზომების მიუღებლობა, სხვა სამოსამართლო ეთიკური ნორმების დარღვევა და ა.შ.
3. „კორუფციული სამართალდარღვევა“ გულისხმობს მოსამართლის მიერ თავისი თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენებას კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მისაღებად. დისციპლინური პასუხისმგებლობის ფარგლების მიხედვით, ამ დებულებით გათვალისწინებული „კორუფციული სამართალდარღვევის“ ცნება შედარებით უფრო ვიწროა და არ გულისხმობს ისეთ კორუფციულ სამართალდარღვევებს, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს (მაგალითად, მექრთამეობა). მასში მოიაზრება შედარებით ნაკლებად მძიმე დარღვევები. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, საჩუქრების, ყურადღების გამომხატველი პატივისცემის, აშკარად შეღავათიანი სესხის, მატერიალური ან სხვა ხასიათის შეღავათის მიღების ისეთი შემთხვევები, როცა, მართალია, არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, მაგრამ მისი ჩადენა იწვევს მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის სიწმინდესა და შეუვალობას, მართლმსაჯულების მიუკერძოებლობასა და სასამართლო მოვალეობების პირუთვნელ შესრულებას; ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მართლმსაჯულების სიწმინდისა და პატიოსნებისადმი.
4.„შრომის დისციპლინის დარღვევა“ გულისხმობს არა მარტო სამსახურში დაგვიანებით მისვლასა თუ მის ნაადრევად დატოვებას, არამედ დაბალ საშემსრულებლო დისციპლინას, საქმეთა ცუდად გაძღოლას, საქმეთა განხილვის დარღვევას, რაც აბრკოლებს არა მარტო მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმეთა სწრაფ განხილვას, არამედ ხელს უშლის სასამართლოს მთელი საქმიანობის ეფექტიან ფუნქციონირებას. შრომის დისციპლინის დარღვევად ჩაითვლება სასამართლო აქტების შედგენისა და გაცემის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების, აგრეთვე მოცემული სასამართლოს შრომის შინაგანაწესის დარღვევა, სასამართლოს სწორი და დაუბრკოლებელი ფუნქციონირების, ასევე მისი ეფექტიანი მართვისა თუ შრომის სწორი ორგანიზაციის საჭიროებით ნაკარნახევი საკანონმდებლო თუ სხვა მოთხოვნების დაუცველობა, მორიგეობის, მოქალაქეთა მიღების ანდა მათი საჩივრებისა და განცხადებების განხილვის ვადების, წესებისა და სტანდარტების დაუცველობა, ყოველდღიური სამოსამართლო მოვალეობების არაჯეროვნად და უპასუხისმგებლოდ შესრულება და სხვ.
5. „საქმეთა განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევა“ გულისხმობს ყველა იმ ვადის დარღვევას რაც სისხლის სამართლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით არის დადგენილი. აღნიშნული ვადა მოიაზრება სასამართლოში საქმის, სარჩელის, განცხადებისა თუ საჩივრის შემოსვლის მომენტის და სამართალწარმოების მთელი პროცესის, მისი დამთავრების დროის ფარგლებში. ეს წესი ერთნაირია ყველა სასამართლოსათვის განხილვის ინსტანციურობის მიუხედავად.
6. დებულების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სერიოზულ და მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება, მაგალითად, მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისას კანონის განზრახ დარღვევა, შრომის დისციპლინის სისტემატური დაუცველობა, ზნეობრივად მიუტევებელი უმსგავსო საქციელი, სასამართლოს ავტორიტეტისა და რეპუტაციის შელახვა და სხვა