1. დასახლებისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის განხილვის მიზნით შეიძლება ჩატარდეს დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება.
2. საერთო კრებაში მონაწილეობას იღებენ დასახლებაში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქენი.
3. საერთო კრება ტარდება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;
ბ) გამგეობის რწმუნებულის ინიციატივით;
გ) დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველთა 1%-ის, მაგრამ არანაკლებ 30 პირის ინიციატივით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით ინიციატივა ხორციელდება ამ დებულების 119-ე მუხლით დადგენილი წესის ანალოგიურად.
5. მოთხოვნა მიეწოდება საკრებულოს აპარატს, რომელიც კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც აქვეყნებს ცნობას საერთო კრების მოწვევისა და კრებაზე განსახილველი საკითხის შესახებ.
6. დასახლებაში, რომლის მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 1000 კაცს, საერთო კრება ტარდება დასახლების უბნების მიხედვით ერთსა და იმავე ან სხვადასხვა დღეს.
7. დასახლების საერთო კრებაზე არ შეიძლება გამოტანილ იქნეს ერთ საკითხზე მეტი, რაც არ გამორიცხავს დასახლების საერთო კრების მიერ საკუთარი ინიციატივით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვას.
8. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს გამგეობის რწმუნებული, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.
9. დასახლების საერთო კრების ოქმში შეიტანება დასახლების საერთო კრების ჩატარების დრო და ადგილი, საერთო კრებაზე მონაწილეთა რაოდენობა, განხილული საკითხი (საკითხები), მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები).
10. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხულ უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე ადგილობრივი თვითმმართველობის რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არანაკლებ ხუთი მონაწილე.
11. დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას, ამ დებულების (რეგლამენტის) 130-ე მუხლით დადგენილი წესით, აქვეყნებს საკრებულოს აპარატი კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში