1. დასახლებისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის განხილვის მიზნით შეიძლება ჩატარდეს დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება.
2. საერთო კრებაში მონაწილეობას იღებენ დასახლებაში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეები.
3. საერთო კრება ტარდება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;
ბ) გამგეობის რწმუნებულის ინიციატივით;
გ) დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველთა 1 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 30 ამომრჩევლის ინიციატივით.
4. დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ინიციატივა ხორციელდება ამ დებულების 119-ე მუხლით დადგენილი წესის ანალოგიურად.
5. საერთო კრების მოწვევის მოთხოვნა მიეწოდება საკრებულოს აპარატს, რომელიც კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც აქვეყნებს ცნობას საერთო კრების მოწვევისა და კრებაზე განსახილველი საკითხის შესახებ.
6. დასახლებაში, რომლის მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 1000 კაცს, საერთო კრება ტარდება დასახლების უბნების მიხედვით ერთსა და იმავე ან სხვადასხვა დღეს.
7. საერთო კრებაზე არ შეიძლება გამოტანილ იქნეს ერთ საკითხზე მეტი, რაც არ გამორიცხავს საერთო კრების მიერ საკუთარი ინიციატივით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვას.
8. საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს გამგეობის რწმუნებული, შესაბამისი საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.
9. საერთო კრების ოქმში შეიტანება საერთო კრების ჩატარების დრო და ადგილი, საერთო კრებაზე მონაწილეთა რაოდენობა, განხილული საკითხი (საკითხები) და მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები).
10. საერთო კრების ოქმი წაკითხულ უნდა იქნეს საერთო კრებაზე. ოქმს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე ადგილობრივი თვითმმართველობის რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არა ნაკლებ ხუთი მონაწილე.
11. საერთო კრების გადაწყვეტილებას აქვეყნებს საკრებულოს აპარატი კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში