1. საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა საჯაროა, გარდა საქართველოს კანონის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყების და მორიგი სხდომის დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მორიგი სხდომის გახსნამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ დებულების 134-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს სხდომაზე გასატან საკითხზე გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს აპარატს მიაწოდონ თავიანთი წინადადებები და გამოყონ მომხსენებელი საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. საკრებულოს აპარატი ახორციელებს შემოსული წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგვაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას.
4. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი პირის ან საკითხის წარმომდგენი სუბიექტის მიერ დანიშნული პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი არა და რატომ. საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი, სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და გამოხატოს კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
5. მოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს და საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს აძლევს უფლებას საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართონ მომხსენებელს (მომხსენებლებს). მომხსენებლის მიერ პასუხის გაცემის შემდეგ თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება, თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე.
6. დებატები იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ მუხლითა და ამ დებულების (რეგლამენტის) 59-ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად. მათი გამოსვლების დამთავრების შემდეგ სიტყვა ეძლევა საკრებულოს წევრებს.
7. დებატებში გამომსვლელთა სიის ამოწურვის შემთხვევაში, ან თუ არავინ ითხოვს სიტყვას, თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს. დებატები შეიძლება შეწყდეს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით, დებატებში მონაწილეობის მსურველ პირთა თანხმობით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი ორატორი მაინც. საკრებულო დებატების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯელობის გარეშე. დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციათა თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება.
8. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა თავმჯდომარე მისცემს მას სიტყვას. საკრებულოს წევრი, რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა, წინასწარ უნდა ჩაეწეროს საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამასთან, უნდა აღნიშნოს გამოდის იგი განსახილველ საკითხზე „მოწინააღმდეგედ“ თუ „მომხრედ“. განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისათვის წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან.
9. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მომხსენებლის თანხმობით საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს.
10. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დრო;
ბ) ფრაქციული ინდექსაცია (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია);
გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“.
11. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის როგორც „მომხრეთა“ ისე „მოწინააღმდეგეთა“, ასევე ფრაქციებისა და ფრაქციისგარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად უნდა გამოიხატოს.
12. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ – თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით. მომხსენებელს თავმჯდომარის თანხმობით ნებისმიერ დროს უფლება აქვს აიღოს სიტყვა განმარტებისათვის.
13. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე, ეს უფლება სხვას დაუთმოს ან რიგი გაუცვალოს სხვა წევრს. დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის, რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა.
14. საკრებულოს წევრი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას.
15. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს.
16. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 2 წუთზე მეტს
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
თავი VIII — საკრებულოს სხდომა
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 49. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
- მუხლი 50. საკრებულოს სხდომის დაწყება
- მუხლი 51. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 52. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 53. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 54. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
- მუხლი 56. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
- მუხლი 57. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
- მუხლი 58. პროცედურული საკითხები
- მუხლი 59. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
- მუხლი 63. სხდომაზე წესრიგის დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 55, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-55/