პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგს -- კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით ჩატარდება სკრინინგული გამოკვლევები ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი 40–70 წლის ასაკის ქალებში, ჩატარდება საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25–60 წლის ასაკის ქალებში, პროსტატის კიბოს სკრინინგი 50–70 წლის ასაკის მამაკაცებში, ფარული სისხლდენის სკრინინგი 50–70 წლის ორივე სქესისათვის. გამოკვლევები ჩატარდება სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში;
ბ) ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაწესებულებებში აღრიცხული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტთა მართვის ანალიზს - საქართველოში გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების მართვის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდება ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაწესებულებებში აღრიცხული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტთა მართვის შეფასება;
გ) საქართველოში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა (სგგდ) გავრცელების შესწავლას - ეპიდზედამხედველობის და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება სხვადასხვა პოპულაციურ ჯგუფებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების შესწავლა შესაბამისი, თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და სპეციფიკური სგგდ სინდრომების ყველაზე ხშირი გამომწვევების დადგენა:
გ.ა) სამიზნე ჯგუფებში პაციენტების კონსულტირება, მასალის აღება და გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით;
გ.ბ) სამიზნე ჯგუფებში პაციენტების გამოკვლევა კონფირმაციული მეთოდებით.
დ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების შეფერხების სკრინინგს და სკოლისათვის მზადყოფნის შეფასებას - 0-6 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების ბავშვთა გლობალური განვითარების სკრინინგი ითვალისწინებს ჯანდაცვის პირველადი რგოლიდან გამოგზავნილ 0–6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების შეფასებას; მშობლის კონსულტირებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის, მოვლის, კვების საკითხებზე, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის სკოლისათვის მზადყოფნის შეფასებას;
ე) ახალშობილთა სმენის დარღვევის გამოვლენას ახალშობილთა სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით;
ვ) საქართველოში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით კიბოს რეესტრის მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ზ) ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფას ეპილეფსიის რეესტრის წარმოებისა და გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმპლემენტაციის ხელშეწყობის გზით;
თ) სომატოტროპული ჰორმონის დეფიციტის მქონე პაციენტებისათვის ჰორმონის შესყიდვას;
ი) ჰეპატიტების გავრცელების შესწავლას სელექტიურ რისკ-ჯგუფებში პრევენციის ეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად - ჰეპატიტების გავრცელების შესწავლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება B და С ჰეპატიტების სეროპრევალენტობის კვლევა შემდეგ პოპულაციურ ჯგუფებში: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მქონე პაციენტები; პოსტ-ჰემოტრანსფუზიული პაციენტები და პაციენტები, რომელთაც ჩატარებული აქვთ ენდოსკოპიური პროცედურები;
კ) მაღალი რისკის პოპულაციებში ლატენტური და აქტიური ტუბერკულოზის გავრცელების შესწავლას და მათი რისკ-სტრატიფიკაციის გზით ტუბერკულოზის შემთხვევათა აქტიური გამოვლენის მიზანმიმართული და ხარჯეფექტური ღონისძიებების დაგეგმვას -პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მაღალი რისკის ჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა მანტუს ტესტით, ამავე ჯგუფებში კითხვარების საშუალებით იმ ინდივიდთა გამოვლენა, რომელთაც აქტიური ტუბერკულოზის მაღალი რისკი აქვთ და მათი მიმართვა სპეციალიზებულ დაწესებულებებში; გამოვლენილი შემთხვევების აღრიცხვა.
ლ) საგანმანათლებლო კამპანიას მოსახლეობის განათლებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინფორმირებულობისათვის;
მ) პროგრამის ადმინისტრირება და მონიტორინგი
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ბიუჯეტი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 3. პროგრამის მოცულობა
- მუხლი 5. მომსახურების განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია, ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. მომსახურების განხორციელების მექანიზმი
- მუხლი 8. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-3-13/