ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციებისა და თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480160000.02.002.000484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 23/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციებისა და თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

გამომდინარე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მისწრაფებიდან, განავითარონ და განამტკიცონ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები,

ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მთლიან სპექტრზე შეთანხმებების მომზადებასა და რეალიზაციას, თვლიან რა აუცილებლად განახორციელონ ურთიერთმოქმედება საგარეო პოლიტიკის სფეროში, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და სხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები რეგულარულად ატარებენ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და სხვა დონეებზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და საერთაშორისო თემატიკის აქტუალურ საკითხებზე. კონსულტაციების საგანს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს შემდეგი:

სახელმწიფო და სხვა დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნიკის, კულტურის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში;

ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, სეპარტიზმთან, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშულებთან, იარაღისა და ნარკოტიკების არაკანონიერ ბრუნვასთან;

კონფლიქტების დარეგულირება;

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პრობლემატიკა, განსაკუთრებით მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში;

რეგიონალური თანამშრომლობა, მათ შორის, „კავკასიური ოთხეულის“ ფორმატში;

ურთიერთმოქმედება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, და სხვა რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში, რომელთა წევრია ორივე სახელმწიფო; აღნიშნული ორგანიზაციების ჩარჩოებში მიღებული ვალდებულებების რეალიზაციის ჩათვლით;

საერთაშორისო ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობა, მსოფლიო ვაჭრობა და გარემოს დაცვა, ადამიანისა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებათა და თავისუფლებების უზრუნველყოფა და დაცვა;

ორმხრივი ურთიერთობების სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;

საკონსულო პრობლემატიკა;

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და სასაზღვრო საკითხები;

ნებისმიერი სხვა საკითხები, რომლებზეც მხარეები ჩათვლიან აუცილებლად აზრთა გაცვლას.

    მუხლი 2

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ან მათი დავალებით სხვა პირების შეხვედრები ტარდება, როგორც წესი, არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

იგივე რეგულარობით ხორციელდება კონსულტაციები ორივე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების დონეზე.

კონკრეტული საკითხების განსახილველად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია შეიქმნას კომისიები, ექსპერტთა ან სამუშაო ჯგუფები.

    მუხლი 3

მხარეები ქმნიან ხელსაყრელ პირობებს დიპლომატიურ სამსახურთა ურთიერთქმედებების გაღრმავების, სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადებისათვის;

    მუხლი 4

მხარეები აწარმოებენ კონტაქტებს და განახორციელებენ ურთიერთმოქმედებას მესამე ქვეყნებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობების დონეზე.

    მუხლი 5

ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის დღეს და იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდეგი ხუთ-წლიანი პერიოდებით. თუ არცერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს მის განზრახვას ოქმის შეწყვეტის შესახებ მორიგი ვადის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე.

აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლის დღიდან მოქმედებას წყვეტს 1993 წლის 27 დეკემბრის ოქმი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ.

შესრულებულია ქ. მოსკოვში, 2004 წლის 11 თებერვალს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით