„თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 ნოემბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.05.2003 ძალადაკარგული 06.11.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 29/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №219

2003 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 ნოემბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედი კოსმოსური სააგენტოების მუშაობის პრაქტიკიდან და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 სექტემბრის №615 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №58 (69), მუხლი 933).

1. თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრი გარდაიქმნას საქართველოს კოსმოსურ სააგენტოდ.

2. ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი;

3. ბრძანებულებას დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „3. დამტკიცდეს საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თანდართული დებულება.“.

4. ბრძანებულებას დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კოსმოსური სააგენტოს მიერ წარმოდგენილი გეგმის საფუძველზე მოახდინოს სააგენტოს ნაწილობრივი დაფინანსების ასახვა 2004 წლის ბიუჯეტში”.

ე. შევარდნაძე

საქართველოს კოსმოსური სააგენტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს კოსმოსური სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია მისი დებულებით და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა.

3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში (მათ შორის სავალუტო), ლოგოტიპი, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, აგრეთვე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

4. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს დებულებითა და ამ დებულებით.

5. სააგენტოს საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საბჭო.

6. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტის საფუძველზე.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება თანამგზავრული ტექნოლოგიებისა და თანამგზავრული სატელეკომუნიკაციო-საინფორმაციო სისტემებისათვის;

ბ) სააგენტოს საქმიანობის კოორდინირება მსოფლიოს სხვა ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან;

გ) მონაწილეობა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში;

დ) სახელმწიფოს პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების შემუშავების ხელშემწყობ ღონისძიებათა ფორმირება, კოორდინირება და რეალიზება თანამგზავრული ტექნოლოგიების დარგში და ამ ტექნოლოგიების გამოყენების სფეროებში:

დ.ა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;

დ.ბ. დისტანციური სწავლების, ტელემედიცინის განვითარებისა და ორგანიზების ღონისძიებები;

დ.გ. მეტეოროლოგიის, დედამიწის დათბობის, დედამიწაზე მომხდარი სტიქიური უბედურებების და კატასტროფების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია და სხვ.), ეკოლოგიური პრობლემების, კოსმოსის, გეოფიზიკურ, ასტრონომიულ კვლევებთან დაკავშირებული მონიტორინგი;

დ.დ. თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების, მათ შორის კოსმოსური მაუწყებლობის მიმართულებით მონაცემთა ბაზის შეგროვება, ანალიზი და ამ კუთხით მსოფლიოს ანალოგიურ სააგენტოებთან საერთაშორისო კვლევის პროგრამებში თანამშრომლობა;

ე) დიდი აბრეშუმის გზის პროექტების (ნავთობსადენები და გაზსადენები, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო მაგისტრალები) რეალიზების ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება;

ვ) კოსმოსური ტექნოლოგიების, კოსმოსური კვლევის, კოსმოსური მაუწყებლობის განვითარების, მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მიწისზედა ინფრასტრუქტურის რეალიზების ღონისძიებათა შემუშავება და მათი საერთაშორისო პროექტებთან ადაპტაცია;

ზ) კოსმოსური კვლევის საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის „Silksat-Georgia”-ს პროექტში სამეცნიერო ტექნოლოგიური კონცეფციის რეალიზაცია.

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი, სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და პერსონალურად პასუხისმგებელია მისი საქმიანობისათვის;

ბ) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით;

გ) ამზადებს წინადადებებს სააგენტოს სამუშაოთა დაფინანსების მოცულობისა და თანამიმდევრობის შესახებ; განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს, სააგენტოს მომუშავეთა შრომის ანაზღაურების რაოდენობას;

დ) ხსნის ანგარიშს ბანკში;

ე) სარგებლობს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო სხვა უფლებებით.

    მუხლი 4. სააგენტოს ქონება და სახსრები

1. სააგენტოს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავლები და შემოწირულობანი.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;

ბ) სახელმწიფოს შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 5. სააგენტოს საქმიანობის კონტროლი

სააგენტოს საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო.

    მუხლი 6. სააგენტოს უფლებები

სააგენტოს უფლებებია:

ა) შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები კოსმოსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემებსა და პროექტებზე წინადადებების მომზადებისა და რეალიზაციისათვის; მიიზიდოს ამ საქმიანობისათვის სპეციალისტები, მათ შორის ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) შექმნას სტრუქტურები საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მომსახურების განვითარებისათვის;

გ) დაამყაროს ურთიერთობა თანამგზავრული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

დ) თავისი რესურსების ფარგლებში დააფინანსოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, პროექტები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია თანამგზავრულ, სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციულ სისტემებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან.

    მუხლი 7. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.