საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.09.2004 ძალადაკარგული 22.08.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 20/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №395

2004 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით:

1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უზრუნველყოს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების დანიშვნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი ინფორმირება წარმომადგენლების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ.

2. ამ ბრძანებულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლები გათანაბრდნენ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფროს დიპლომატიურ თანამდებობის პირებთან (მრჩეველი).

3. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება განხორციელდეს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 იანვრის №8 ბრძანებულებით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) უზრუნველყოს:

ა) დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შესაბამისი საბუთების გაფორმება;

ბ) დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისათვის შესაბამისი დამოუკიდებელი სამუშაო ფართობის (დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე) და წარმომადგენლობაში არსებული შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყოფა.

5.    დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის, გრძელვადიანი სამუშაო მივლინების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნასა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი