ოქმი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამბიური დიასპორის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418006, 27/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამბიური დიასპორის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ  

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამბიური დიასპორის სამინისტრო შემდგომში – მხარეებად წოდებულნი,

ესწრაფიან რა ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,

სურთ რა, გაეროს წესდების შესაბამისად განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის,

მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად,

თანხმდებიან შემდეგზე:

 

    მუხლი 1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამბიური დიასპორის სამინისტრო მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. 

    მუხლი 2

ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე სამინისტროების ან სხვა დონეზე.

    მუხლი 3

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მხარეები დაადგენენ, რომ არანაკლებ წელიწადში ერთხელ გაიმართოს კონსულტაციები, აგრეთვე ამ კონსულტაციების დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.

    მუხლი 4

კერძოდ, კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ.რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს;

გ.საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარეა.  

    მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ,კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.

    მუხლი 6

მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის სტაჟიორთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის გზით.

    მუხლი 7

მხარეებს შორის ამ ოქმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

    მუხლი 8

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ოქმში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები,რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 9

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ერთ-ერთი მხარე ექვსი თვით ადრე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ოქმის შეწყვეტის განზრახვის თაობაზე.

 

შესრულებულია ქ. ბანჯულოში 2011 წლის 28 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა           გამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა,           

    სამინისტროს სახელით                       საერთაშორისო თანამშრომლობისა  

                                                                      და გამბიური დიასპორის

                                                                       სამინისტროს სახელით