საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.080.11.106.004.677
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №85
2001 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი №
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. სამედიცინო დეპარტამენტი (შემდგომში–დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში–იუსტიციის მინისტრის) ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
II. დეპარტამენტის ამოცანები
3. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ბ) ამბულატორიული და სტაციონალური (სასწრაფო, გეგმური) დახმარების გაწევის ორგანიზება;
გ) სანიტარ ი ული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარ ი ულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
დ) მსჯავრდებულთა კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი;
ე) მსჯავრდებულთა საკარანტინო განყოფილებაში სავალდებულო სამედიცინო შემოწმების და კომპლექსური სანიტარული დამუშავების კონტროლი;
ვ) სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;
ზ) დოტს-ის პროგრამით მომუშავე საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, მსჯავრდებულთა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის, ფლუროგრაფიის, სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების, მკურნალობის და დაავადებულ პირთა დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზება;
თ) იუსტიციის მინისტრისათვის წინადადების წარდგენა, მძიმე ავადმყოფ მსჯავრდებულთა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, კომისიის ჩამოყალიბების და შემადგენლობის შერჩევის თაობაზე;
ი) იუსტიციის მინისტრისათვის წინადადების წარდგენა ნარკოლოგიური და ფსიქო-ნევროლოგიური კომისიების შექმნის შესახებ;
კ) წერილების, წინადადებების, განცხადებების საჩივრების განხილვა და შესრულების კონტროლი;
ლ) დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
მ) წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით მომარაგების და განაწილების თაობაზე;
ნ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა პოლიკლინიკის კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა, სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ო) მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვა და ანალიზი მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, კლინიკური შეცდომებისა და დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
პ) თანამედროვე მიღწევების და მკურნალობის მეთოდების სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დაწესებულებების პრაქტიკაში დანერგვა;
ჟ) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზება და კონტროლი;
რ) შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამკურნალო დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნის და მკურნალობის ორგანიზაცია და კონტროლი;
ს) სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
ტ) სისტემატიური ზედამხედველობა მსჯავრდებულთა უფლებების, მათი ღირსებისა და პატივის დაცვაზე, ძალადობის და სხვა არაკანონიერი ქმედებების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას;
უ) ამზადებს წი ნ ადადებას იუსტიციის მინისტრისათვის წარსადგენად, განსასჯელთა და პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით კომისიის ჩამოყალიბების და შემადგენლობის შერჩევის შესახებ. კომისიის მიერ ცნობები გაიცემა უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე.
ფ) სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება;
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
4. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება პერსპექტიული სამუშაო გეგმის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში.
III. სამედიცინო დეპარტამენტის ფუნქციები
5. სამედიცინო დეპარტამენტი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა პოლიკლინიკის საქმიანობას, განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, დასმული ამოცანების გადასაჭრელად განსაზღვრავს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს, უზრუნველყოფს სამეცნიერო-საკონსულტაციო მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას;
ბ) ორგანიზებასა და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა პოლიკლინიკაში შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, მონაწილეობას იღებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
გ) სტიქიური უბედურების, შიმშილობის და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურეობის უზრუნველყოფისათვის;
დ) აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ე) ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სანიტარ ი ულ-ჰიგიენური და ეპიდემილოგიური მდგომარეობის შემოწმებას;
ვ) ამყარებს ურთიერთობებს ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, მათი მხრიდან მატერიალური, ტექნიკური და საინფორმაციო დახმარების მიღების მიზნით;
6. ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
IV. დეპარტამენტის სტრუქტურა
7. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურები;
ბ) პოლიკლინიკა;
გ) სანიტარ ი ულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური.
V. დეპარტამენტის უფროსი
8. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს – დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
9. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს სასჯელაღსრულების და სხვა სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) პეროდულად ამოწმებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ დანაყოფებს;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
ე) შუამდგომლობს იუსტიციის მინისტრის წინაშე მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების დანიშვნის, გათავისუფლების მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებაზე;
ვ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს დასკვნებს და აბარებს ანგარიშს, დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე.
VI. დეპარტამენტის მოსამსახურეები
10. დეპარტამენტის მოსამსახურეები დეპარტამენტის უფროსის დავალებების საფუძველზე ახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს;
11. დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მოსამსახურეების სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებით;
12. დეპარტამენტის მოსამსახურეთა რაოდენობას და სტატუსს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საშტატო განრიგის შესაბამისად.
VII. დასკვნითი დებულებები
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.