საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2003 ძალადაკარგული 09.01.2006
ნომერი
№2-301
სარეგისტრაციო კოდი
340010000.11.113.006229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 15/12/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.11.113.006.229

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-301

2003 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

“აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №536 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახურის თანდართული დებულება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) ”საქტექზედამხედველობის” ინსპექციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 16 მარტის №2-38 ბრძანება;

ბ)”მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 15 ოქტომბრის №2-163 ბრძანება;

გ) “სასოფლო-სამეურნეო მანქანების საგამოცდო სადგურის დებულების შესახებ” სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 20 მარტის №2-148 ბრძანება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ნ. მამალაძეს.

დ. კირვალიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აგროსაინჟინრო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

2. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მიღებული შემოსავლები გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სამსახურის იურიდიული მისამართია: 0123, ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ. №41.

4. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.

5. სამსახურს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს ღერბის გამოსახულებით და ანგარიშსწორების ანგარიში.

6. ავტონომიური რესპუბლიკების აგროსაინჟინრო სამსახურებსა და რაიონებში (ქალაქებში) მთავარ ინჟინრებს აქვთ რეგისტრაციის ბეჭედი და ტექნიკური დათვალიერების შტამპი.

7. სამსახურს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებას უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის დადგენილი.

8. სამსახურის დებულებას და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის მიზანი და ამოცანები

სამსახურის საქმიანობის მიზანი და ამოცანებია:

ა) საქართველოს რეგიონებში აგროსაინჟინრო სერვისის სამსახურების, მათ შორის მანქანა-ტექნოლოგიური სადგურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაში ხელშეწყობა;

ბ) დონორი ქვეყნებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახელმწიფოსათვის გრანტით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტექნიკის მომხმარებლებზე განვადებით ნასყიდობის, იჯარის და სხვა ფორმით მიწოდება, საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაცია;

დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნა ან/და მათ ტექნიკურ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა;

ე) ტრაქტორის მართვის მოწმობის გაცემა;

ვ) საინჟინრო-ტექნიკური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციების მოპოვება და არსებული მდგომარეობის ანალიზი.

    მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებანი

სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოახდინოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესწავლა და ანალიზი;

ბ) აწარმოოს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ერთიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნების და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციების გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

გ) მიიღოს მონაწილეობა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გრანტით მიღებული ტექნიკის თაობაზე წარმოდგენილი პრეტენზიების განმხილველი კომისიის მუშაობაში.

    მუხლი 4. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა

1. სამსახურს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

2. სამსახურს ჰყავს უფროსის ორი მოადგილე, რომლებსაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

3. სამსახურის უფროსი:

ა) პერსონალურად პასუხს აგებს სამსახურის საქმიანობაზე;

 ბ) წარმოადგენს სამსახურს და მინდობილობის გარეშე მოქმედებს მისი სახელით;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს და მოვალეობებს სამსახურის უფროსის მოადგილეებსა და სტუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს შორის;

ე) ნიშნავს და ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან სამსახურის მუშაკებს;

ვ) ახორციელებს კადრების შერჩევისა და განაწილების ღონისძიებებს, ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ზ) იხილავს თანამშრომელთა, სპეციალისტთა განცხადებებს, წინადადებებს და საჩივრებს, უზრუნველყოფს თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეთა მიღებას;

თ) ახორციელებს ღონისძიებას სამსახურის მუშაობის ორგანიზაციისა და მეთოდების გაუმჯობესებისათვის;

ი) აგზავნის თანამშრომლებს სამსახურებრივ მივლინებებში. იხილავს მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს მივლინებების შესახებ და ღებულობს საჭირო ზომებს;

კ) დადგენილი წესით ამტკიცებს სამსახურის მუშაკთა შვებულების გრაფიკს;

ლ) წარმართავს სამსახურისა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, თვალყურს ადევნებს მათი მოვალეობის შესრულებას.

4. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ტექნიკის რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო;

გ) ადმინისტრაციული და იურიდიული სამმართველო;

დ) საგარეო ურთიერთობათა სამმართველო;

ე) მაღალი ტექნოლოგიების ათვისებისა და მანქანათა სისტემის ფორმირების სამმართველო;

ვ) აგროსაინჟინრო სერვისისა და სამეურნეო საქმიანობის სამმართველო;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახური;

 თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახური;

ი) რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მთავარი ინჟინერი.

5. ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

6. ავტონომიური რესპუბლიკის აგროსაინჟინრო სამსახურის უფროსი და რაიონში (ქალაქში) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მთავარი ინჟინერი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოების უფროსების მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახურთან შეთანხმებით.

7. სტრუქტურული ქვედანაყოფები ხელმძღვანელობენ ამ დებულებით, სამსახურის უფროსის ბრძანებებითა და მითითებებით.

8. სტრუქტურული ქვედანაყოფები მათზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და კვალიფიციურად შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.