საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №318 „თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.170.000.22.026.006.804
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №318
2004 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „იურიდიული დეპარტამენტის” თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 17 იანვრის №3 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება გაეცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს და შემსრულებლებს.
გ. ბარამიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის წინაშე.
მუხლი 4.
დეპარტამენტს აქვს დადგენილი ნიმუშის ბლანკი საქართველოს გერბის გამოსახულებით და შტამპი ტიტულით “შეთანხმებულია”.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5.
დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით:
ა) სამართლებრივად უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას;
ბ) განსაზღვრავს თავდაცვის სფეროს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების აღმშენებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებებს და სრულყოფს ნორმატიულ ბაზას;
გ) ახორციელებს სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, ვიზირებასა და სისტემატიზაციას;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციისათვის;
ე) უწევს იურიდიულ კონსულტაციას სამინისტროს მოსამსახურეებს, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) უზრუნველყოფს სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
თ) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში;
ი) წარმომადგენლობს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
კ) განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ლ) სამინისტროში შემოსული საჩივრების, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე;
მ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ნ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამხედრო ნაწილების (შენაერთების) იურისტების საქმიანობას;
ო) უზრუნველყოფს შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტების, სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების, კონტრაქტებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებას, მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;
პ) მინისტრთან, მოადგილესთან შეთანხმებით ახორციელებს საზღვარგარეთის სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ჟ) მინისტრთან, მოადგილესთან შეთანხმებით აწარმოებს ურთიერთობებს საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებასთან დაკავშირებით;
რ) ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
ს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვს ნებისმიერი სახის (მათ შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ) დოკუმენტაციას;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს რეაგირებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ კანონმდებლობისა და სამინისტროს თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ხასიათის აქტების მოთხოვნათა დარღვევებზე.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი ფუნქციონალური მოვალეობები
მუხლი 6.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 7.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის წინაშე.
მუხლი 8.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეს, სამმართველოს უფროსებსა და დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ლ) იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის აქტებს;
მ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე გასცემს მინდობილობებს სასამართლოში წარმომადგენლობის შესახებ;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 9.
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესაბამისად წარმართავს და აკონტროლებს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა და უფლებამოსილება
მუხლი 10.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველო;
გ) სასამართლო წარმომადგენლობის განყოფილება;
დ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილება.
მუხლი 11.
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროს თანამშრომლების, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრთათვის იურიდიულ კონსულტაციას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს შიდაუწყებრივი ნორმატიული და არანორმატიული აქტების პროექტებს;
გ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული და არანორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
დ) განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს და ამზადებს შესაბამისი პასუხის (წერილის) პროექტებს;
ე) გამოითხოვს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან ინფორმაციას მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა), კონტრაქტებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებას და სამართლებრივ ექსპერტიზას.
2. საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველო:
ა) მინისტრთან, მოადგილესთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას, საერთაშორისო ხელშეკრულებათა შეწყვეტის შესახებ წინადადებების შემუშავებას, თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელი პროცედურების განხორციელებას;
ბ) ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ექსპერტიზას;
გ) აწარმოებს ურთიერთობებს საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებასთან დაკავშირებით;
დ) თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას.
3. კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილება:
ა) შეიმუშავებს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტებს;
ბ) ახორციელებს სხვა უწყებებიდან შემოსული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზას;
დ) უზრუნველყოფს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში მომზადებას;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭიროებისამებრ გამოითხოვს ინფორმაციას კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე;
ზ) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენას.
4. სასამართლო წარმომადგენლობის განყოფილება:
ა) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ბ) განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და ამზადებს შესაბამისი პასუხის (წერილის) პროექტს;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების თაობაზე.
მუხლი 12.
1. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების და განყოფილებების უფროსებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოებისა და განყოფილებების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებსა და მითითებებს.
3. სამმართველოების უფროსები:
ა) წარმართავენ სამმართველოების საქმიანობას;
ბ) ანაწილებენ სამმართველოებში შემოსულ დავალებებს;
გ) ახორციელებენ კონტროლს სამმართველოების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ახორციელებენ დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებებს და მითითებებს;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს სამმართველოების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ვ) ახორციელებენ კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
4. განყოფილების უფროსები:
ა) ანაწილებენ განყოფილებაში შემოსულ დავალებებს;
ბ) ახორციელებენ კონტროლს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ახორციელებენ დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებებსა და მითითებებს;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებენ კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
მუხლი 13.
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 14.
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.