იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.10.2004 ძალადაკარგული 20.06.2005
ნომერი
№441
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.029.006780
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 27/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი010.170.000.22.029.006.780

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №441

2004 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის თანდართული წესი.

2. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოთ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველ მოადგილეს და სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი,

მინისტრის პირველი მოადგილე                              მ. ქოჩიაშვილი

 

 

დანართი

იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესი

1. იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფულად შემწეობას მიიღებს ბანკის მეშვეობით, რომელთანაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.

2. ყოველთვიური ფულადი შემწეობა გაიცემა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ყოველი თვის 10 რიცხვამდე მომსახურე ბანკში წარდგენილი დევნილთა სიის საფუძველზე.

3. ყოველთვიური ფულადი შემწეობის თანხის გაცემისას მიმღები ხელს აწერს უწყისში ფულის მიღებაზე, ხოლო მომსახურე ბანკის თანამშრომელი დევნილის მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, რასაც ადასტურებს ხელმოწერითა და შტამპით.

4. დევნილთა მორიგი რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ, ყოველთვიური ფულადი შემწეობები გაიცემა მხოლოდ ახალი ნიმუშის დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

5. დევნილს ახალი ნიმუშის მოწმობის მიღებიდან ყოველთვიური შემწეობა ეძლევა წლის იმ თვეების შემწეობის ჩათვლით, რომელიც მას არ მიუღია რეგისტრაციის გაუვლელობისა და ახალი ნიმუშის მოწმობის არქონის გამო.

6. შემწეობის მისაღებად ბანკში ცხადდება საოჯახო ანკეტის მქონე ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი და ოჯახის ყველა წევრის დევნილის მოწმობასთან ერთად, ბანკში წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან პასპორტს, ხოლო 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დაბადების მოწმობის დედანს. ბანკის თანამშრომელი ამოწმებს წარმოდგენილი საბუთების მონაცემებს.

7. დევნილის კუთვნილი ყოველთვიური ფულადი შემწეობა შეიძლება გაიცეს სხვა პირზე სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, ამ წესის ნორმების დაცვით.

8. დევნილს უფლება აქვს შესაბამისი თვის (თვეების) კუთვნილი ფულადი შემწეობა მიიღოს სამინისტროს მიერ მომსახურე ბანკში წარდგენილი დევნილთა სიის შემდეგ.

9. დევნილს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კუთვნილი ყოველთვიური ფულადი შემწეობა ჩარიცხოს სადეპოზიტო ანგარიშზე.

10. დაუშვებელია დევნილზე წინასწარ გაიცეს მომდევნო თვის შემწეობის თანხა.

11. აკრძალულია დევნილთა შემწეობის გასაცემად განკუთვნილი თანხები გამოყენებულ იქნეს სხვა დანიშნულებით.

12. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დევნილებს საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მიეწოდებათ ინფორმაცია მომსახურე ბანკში ყოველთვიური ფულადი შემწეობის თანხის გადარიცხვის შესახებ.