იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.090.050.22.029.007.495
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №308
2005 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №441 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე 2005 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი შემწეობის (შემდგომში – შემწეობა) გაცემის პირობებს.
3. იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი (შემდგომში – დევნილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემწეობას მიიღებს მომსახურე ბანკის მეშვეობით.
მუხლი 2. შემწეობის გაცემა
1. შემწეობა გაიცემა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ყოველი თვის ბოლო კვირის განმავლობაში მომსახურე ბანკში წარდგენილი დევნილთა სიის საფუძველზე.
2. შემწეობა გაიცემა დევნილის ახალი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
3. დევნილი ახალი ნიმუშის მოწმობის მიღებიდან შემწეობას მიიღებს ამ წლის იმ თვეების შემწეობის ჩათვლით, რომელიც მას არ მიუღია ახალი ნიმუშის მოწმობის არქონის გამო.
4. დაუშვებელია დევნილზე წინასწარ გაიცეს მომდევნო თვის შემწეობის თანხა.
5. დევნილს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კუთვნილი ყოველთვიური ფულადი შემწეობა ჩარიცხოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
6. დევნილმა შემწეობის მისაღებად უნდა წარადგინოს დევნილის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ საოჯახო ანკეტაში ჩაწერილ დევნილთა შემწეობა შეიძლება მიიღოს ოჯახის რომელიმე სრულწლოვანმა წევრმა, რისთვისაც ის ოჯახის ყველა წევრის დევნილის მოწმობასთან ერთად, ბანკში წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან პასპორტს, ხოლო 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – დაბადების მოწმობის დედანს. ბანკის თანამშრომელი ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და გასცემს შემწეობის თანხას.
7. დევნილის შემწეობა შეიძლება გაიცეს დევნილის კანონიერ წარმომადგენელზე ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე სხვა პირზე, ამ წესის ნორმების დაცვით.
8. შემწეობის თანხის გაცემისას მიმღები ხელს აწერს უწყისში ფულის მიღებაზე, ხოლო მომსახურე ბანკის თანამშრომელი დევნილის მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, რასაც ადასტურებს ხელმოწერითა და შტამპით.
მუხლი 3. შემწეობის შეჩერება ან შეწყვეტა
1. დევნილს შემწეობის მიღება შეუჩერდება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დევნილს შემწეობის მიღება აღუდგება შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის და სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
3. დევნილს შემწეობის მიღება შეუწყდება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
1. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ დევნილებს საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მიეწოდებათ ინფორმაცია მომსახურე ბანკში ყოველთვიური ფულადი შემწეობის თანხის გადარიცხვის შესახებ.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანებით.