1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს:
(a) საქართველოს შემთხვევაში, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს საქართველოს, მის ნებისმიერ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც საქართველოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ საქართველოში არსებულ წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.
(b) კატარის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, მისი სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს კატარში და კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია კატარში ან აქვს ეფექტური მართვის ადგილი კატარში. ტერმინი ასევე მოიცავს კატარის სახელმწიფოს, მის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს ან კანონით დადგენილ ორგანოს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
(a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
(b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
( c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
(d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი