1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
(a) მართვის ადგილს;
(b) ფილიალს;
(c ) ოფისს;
(d) ფაბრიკას;
(e) სახელოსნოს;
(f) ნაგებობა, რომელიც გამოიყენება საქონლის სარეალიზაციოდ;
(g) ფერმას ან პლანტაციას, და
(h) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” ასევე მოიცავს:
(a)  სამშენებლო მოედანს, სამშენებლო, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტს, ან საზედამხედველო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ამ მოედანთან ან ობიექტთან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამგვარი მოედანი, ობიექტი ან საქმიანობა ხორციელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. სამშენებლო მოედანს ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტს, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში;
(b) საწარმოს მიერ მომსახურების გაწევას, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, რომელსაც ის ახორციელებს დაქირავებული პირების ან მიზნობრივად დაქირავებული სხვა კადრების მეშვეობით, თუ ამ სახის საქმიანობა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (იგივე ან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში) გრძელდება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 12-თვიან პერიოდში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
(a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
(b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ, მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;
(c ) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
(d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
(e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
(f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
6. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს სადაზღვევო საწარმო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ახორციელებს გადაზღვევას, მიიჩნევა რომ გააჩნია მუდმივი დაწესებულება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ის ღებულობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სადაზღვევო პრემიას ან აზღვევს იქ არსებულ რისკს წარმომადგენლის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტი, რომლის მიმართაც გამოიყენება მე-7 პუნქტი.
7. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, როდესაც ამგვარი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად დაკავშირებულია საწარმოს საქმიანობის განხორციელებასთან და მათ შორის ჩამოყალიბებულია ისეთი კომერციული და ფინანსური ურთიერთობები, რომლებიც განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის ურთიერთობებისაგან, ის არ იქნება მიჩნეული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტად ამ პუნქტის მიზნებისათვის.
8. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად