1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს, და
f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან ინფორმაციის მოგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ რეკლამირების, ინფორმაციის მიწოდების, მეცნიერული კვლევის ან მსგავსი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თუ ამ საქმიანობებს საწარმოსათვის აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი;
f) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში სამონტაჟო ან საამწყობო პროექტის განხორციელებას, თუ ეს საქმიანობა დაკავშირებულია ამ საწარმოს მიერ ნაწარმოები დანადგარების ან მოწყობილობების მიწოდებასთან;
g) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის „ა-f“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებმოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში [მუდმივი დაწესებულების მეშვეობით თუ სხვაგვარად], თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად
შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ · რედაქცია 15.06.2010
მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 3. ზოგადი განსაზღვრებები
- მუხლი 4. რეზიდენტი
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, მუხლი 5, №0, 15.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1475893/muxli-5/