1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკა-ქარხანას;
e) სახელოსნოს, და
f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას a-e ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ასეთი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 12.05.2010
მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება
- მუხლი 3. ზოგადი განსაზღვრებები
- მუხლი 4. რეზიდენტი
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 5, №0, 12.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523432/muxli-5/