1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ მოიცავს, კერძოდ:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს და

f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ასევე მოიცავს:

(a) სამშენებლო მოედანს ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტს, თუ ის არსებობს 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;

(b) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მომსახურების გაწევას, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, რომელსაც ის ახორციელებს დაქირავებული პირების ან მიზნობრივად დაქირავებული სხვა კადრების მეშვეობით, თუ ამ სახის საქმიანობა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (იგივე ან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში) გრძელდება 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს:

a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;

c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ამ ერთობლიობიდან გამომდინარე, ფიქსირებული ადგილის საქმიანობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით და აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო, ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით, განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულება