1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს;
f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების, კვლევა-ძიების, ექსპლოატაციის ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას, არასახმელეთო ბურღვის ადგილის ჩათვლით.
3. სამშენებლო მოედანი, სამშენებლო, საამწყობო ან სამონტაჟო ობიექტი, ან საზედამხედველო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ამ მოედანთან, ობიექტთან, ბუნებრივი რესურსების კვლევის და ექსპლოატაციის დანადგართან ან გემთან, წარმოადგენს მუდმივ დაწესებულებას მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმიანობა ამგვარ მოედანზე, ობიექტზე ხორციელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. საწარმოს მიერ მომსახურებას, საკონსულტაციო და მენეჯერული მომსახურების ჩათვლით, რომელსაც ის ახორციელებს დაქირავებული პირების ან მიზნობრივად დაქირავებული სხვა კადრების მეშვეობით, ითვლება გაწეული მუდმივი დაწესებულების მიერ, თუ ამ სახის საქმიანობა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხორციელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
5. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქციის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ, მარაგად შენახვის დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
7. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
8. ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად