1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სასოფლო და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ მიღებული შემოსავლის ბენეფიციალურ მფლობელს წარმოადგენს ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები ან მათი ფინანსური დაწესებულება