ამ შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებათა მიუხედავად:
1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. თუ საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის ექსპლოატაციის განმახორციელებელი პირი.
3. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემების და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებულ შემოსავალი მოიცავს:
a) ჩარტერული საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების გაქირავებით მიღებულ შემოსავალს;
b) საქონლის ან შუალედური პროდუქციის გადაზიდვისათვის გამოყენებული კონტეინერების, მათ შორის, ამ კონტეინერების გადაზიდვისათვის გამოყენებული მისაბმელიანი ან მსგავსი აღჭურვილობის გამოყენებით, გაქირავებით ან მოხმარებით მიღებულ შემოსავალს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართ, შემოსავალს განეკუთვნება:
a) საინვესტიციო ფონდში, ერთობლივ საწარმოში ან საერთაშორისო აღმასრულებელ ორგანოში მონაწილეობით მიღებული შემოსავალი;
b) ბილეთების სხვა საწარმოს სახელით გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი;
c) პრაქტიკული სწავლებიდან მიღებული შემოსავალი;
d) საინჟინრო-სამშენებლო ტექნიკის მესამე პირზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი;
e) საბანკო ანაბრებიდან და ბონდებიდან მიღებული შემოსავალი;
f) აქციებიდან, წილებიდან და სხვა ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი