ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.03.2005 ძალადაკარგული 15.11.2007
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 04/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.185

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 

ბრძანება №122

2005 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ზესტაფონის პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის თანდართული წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის

წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზესტაფონის პროფესიული სასწავლებელი როგორც დაწყე­ბითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.

2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე.

3. სასწავლებელი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

4. სასწავლებელს გააჩნია საჯარო სამართლის იური­დიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუ­კიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატ­რი­ბუტიკა.

5. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: ქ. ზესტაფონი, მაღლაკელიძის ქ. №13.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. სასწავლებლის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა პროფესიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის საფუძველზე, საჭირო სპეციალისტთა მომზადება რეგიონის ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობისათვის, ფერმერული და გლეხური მეურნეობის ორგანიზაციისა და მართვის შესახებ ცოდნის გავრცელება;

დ) ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება შესაბამისი პროფესიების სწავლების გზით;

ე) მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა ეკონომიკური კვალიფიკაციების სწავლების გზით;

ვ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშ­ვეობით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის, უმუ­შევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება;

ზ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

თ) წვლილის შეტანა საქართველოს ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.

    მუხლი 3. სასწავლებლის უფლებამოსილებანი

1. სასწავლებელი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. სასწავლებელს საქართველოს კანომდებლობის, სა­ხელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. სასწავლებელს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პრო­ფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტან­დარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგან­მანათლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულე­ბებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე);

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს საწარმო, შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება სასწავლებლის მიზნების განხორციელებას (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღე­ბუ­ლი საფასური);

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასწავლებელს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმე­ბით დაადგინოს სასწავლებლის მართვის სტრუქტურა, საშ­ტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. სასწავლებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. სასწავლებელი უფლებამოსილია გამოვიდეს სა­სამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სასწავლებელი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს (პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე;

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე).

2. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პრო­­ფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათ­ლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა.

3. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას, სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. სასწავლებელში საგანმანათლებლო პროცესი მოი­ცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებასა და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. სასწავლებელში სწავლების ენა ქართულია. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოების რეკომენდაციით სახელმწიფო უქმნის მათ მშობლიურ ენაზე სწავლების პირობებს ეროვ­ნუ­­ლი სასწავლო გეგმების შესაბამისად. ასეთ დაწესებულებაში ქართული ენის სწავლება სავალდებუ­ლოა.

3. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორ­ციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე.

4. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხან­გრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

5. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით.

6. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით.

7. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

8. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარ­მოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში სასწავლებელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

9. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოს­წავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვა­ლის­წი­ნებული განაკვეთის შესაბამისად.

10. სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

    მუხლი 6. სასწავლებლის მართვა

1. სასწავლებლის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყებითი პრო­ფე­სიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სასწავლებელს მარ­თავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის ლიცეუმის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავი­სუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაო­ზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბ­ჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს სასწავლებლის პედა­გოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატეს­ტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწი­ნებული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის გან­ხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას და საფინანსო სახსრებს;

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის საქმია­ნობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარ­მოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება სასწავლებლის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

 1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შე­ად­გენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედა­გოგ­თა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიუ­რი საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზ­ღვრება დაწესებულების წესდებით.

4. ­პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.

6. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” სა­ქარ­­თვ­ელოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არ­ჩევით ორგანოს.

7. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვა­ნელობს დირექტორი.

8. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მო­ნაწილეობს ყველა პედაგოგი.

9. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათლებ­ლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.

10. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მი­ერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზ­ღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლი­ვობას და არდადეგების გრაფიკს.

11. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავლებელში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

12. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში.

13. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

14. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. სასწავლებელში მატერიალური და ფინანსური სახ­სრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, სას­წავლებლის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი, დამსაქმე­ბელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმო­მადგენელი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.

6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფე­სიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთე­ლობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სას­წავ­ლებელ­ში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. სასწავლებელში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავ­ლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურე­ბის სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულე­ბით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან:

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგ­რამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან სა­განმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებ­ლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით, დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმია­ნობას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო არჩეული პროფე­სიით სწავლის გაგრძელების შეუძებლობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რე­გის­ტრირე­ბული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;

ი) 18 წლის ასაკამდე პირს, ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს, საკონკურსო შერჩევის სა­ფუძ­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დი­რექტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედა­გოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულე­ბით დადგენილი პირობების შეუსრულებლო­ბისათვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. ლიცეუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქ­მნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღ­ლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვე­ვაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომ­ლებზე.

8. სასწავლებლის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მო­­ვა­­ლეო­ბას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების ში­ნაარ­სისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნო­ლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტა­ში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონ­მდებ­­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღა­ვათით.

    მუხლი 11. სასწავლებლის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად სასწავლებელს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.

2. სასწავლებელი მის მფლობელობაში არსებული ქონე­ბის მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამო­სილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. სასწავლებლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:    

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკა­ციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შე­მოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. სასწავლებლის სახსრები და შემოსავლები განიკარ­გება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სასწავლებლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სახელ­მწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სასწავლებელი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღ­რიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებუ­ლების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნის­ტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალურ-სამარ­თლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. სასწავლებელი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვ­ნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენ­ტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზესტა­ფო­ნის პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს ზეს­ტაფონის პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაც­ვლეს.