ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.03.2005 ძალადაკარგული 26.09.2007
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 04/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.194

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №139

2005 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული გა­ნათ­ლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პრო­ფესიული ლიცეუმის წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის

წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის პოლი­­ტექნიკური პროფესიული ლიცეუმი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.

2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, „დაწყებითი პროფესიული განათ­ლების შესახებ” საფუძველზე.

3. ლიცეუმი წარმოადგენს დაწყებითი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილ ყველა საგანმანათლებლო პროგრამას ამაღლებული კვალიფიკაციის მინიჭების უფ­ლებით, ახორციელებს პროფესიული სწავლების ახალი შინაარსის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, აპრო­ბაციასა და გამოცდას.

4. ლიცეუმი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

5. ლიცეუმს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. ლიცეუმის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. №84.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1.ლიცეუმის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პრო­ფესიული განათლების პირობების შექმნა პროფესიუ­ლი განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძველზე;

გ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად რეგიონის მოსახლეობისათვის მთელი ცხოვრების განმავლობაში პროფესიული განათ­ლების პრობების შექმნა, სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გავრცელება, სპეციალისტთა მომზადება ახალ ეკონომიკურ პროფესიებში და ამ გზით მცირე ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

დ) სპეციალისტთა მომზადება კომერციული საქმიანო­ბის, მომსახურების სფეროს, სარესტორნო საქმისა და საკურორტო ინფრასტრუქტურისათვის;

ე) სპეციალისტთა მომზადება ფარმაცევტული წარმოებისა და მსუბუქი მრეწველობისათვის;

ვ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრა­მებით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშ­ვე­ობით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება, წარ­მოებაში დასაქმებულ პირთა პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

ზ) სწავლებაში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და მოსახლეობის კომპიუტერული წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა;

თ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლებების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

ი) სწავლების შინაარსის სრულყოფა დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების აპრობაცია, გამოცდა და დანერგვა;

კ) წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.

    მუხლი 3. ლიცეუმის უფლებამოსილებანი

1. ლიცეუმი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებ­ლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. ლიცეუმს საქართველოს კანომდებლობის, სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარ­ტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. ლიცეუმს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგან­მანათლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;

დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ვ) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს საწარმო, შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება ლიცეუმის მიზნების განხორციელებას (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);

თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამი­სად ლიცეუმს, როგორც საჯარო სამართლის იური­დიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებუ­ლებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზა­ციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთია­ნე­ბები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათ­ლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

ი) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათ­­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთან­ხმებით დაადგინოს ლიცეუმის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. ლიცეუმი საქართველოს კანონმდებლობით დად­გენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. ლიცეუმი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცეუმი ასრულებს ყველა სახის დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით.

2. ლიცეუმი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავ­ლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს (პროფესიული მომზადების პროგრამას სწავლე­ბის ვადით 10 თვემდე;

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე).

3. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგან­მანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათ­ლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფე­სიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფე­სიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა.

4. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. ლიცეუმში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე – ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარ­მოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში სასწავლებელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავ­ლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალის­წინებული განაკვეთის შესაბამისად.

9. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფე­სიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედაგო­გიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

    მუხლი 6. ლიცეუმის მართვა

1. ლიცეუმის მართვა ხორციელდება მოქმედი კა­ნონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამო­სილებათა ფარგლებში, ლიცეუმს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის ლიცეუმის წარმომადგენლო­ბაზე უფლებამოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს ლიცეუმის პედაგო­გიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატეს­ტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინე­ბული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად, განაგებს ლიცეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს.

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია ლიცეუმის საქმია­ნობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება ლიცეუმის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქარ­თველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეად­გენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიუ­რი საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასა­ხელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარ­დეს ფარული კენჭისყრაც.

6. ლიცეუმის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.

7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.

9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს ლიცეუმში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

11. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში.

12. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

13. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. ლიცეუმში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის ლიცეუმის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი, დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.

6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავ­ლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. ლიცეუმში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან:

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანობას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანო­ბას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პროფე­სიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგის­ტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავ­ლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია.

ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან ლიცეუმის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში, აანაზღაურონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ზომები.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის სა­ფუძველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექ­ტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათ­ლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშ­ვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედა­გოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგე­ნილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობი­სათვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. ლიცეუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.

8. ლიცეუმის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვა­ლეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალ­დებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარ­სისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვე­ტაში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.

    მუხლი 11. ლიცეუმის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციე­ლებლად ლიცეუმს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.

2. ლიცეუმი მის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღე­ბუ­ლი შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკა­ციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. ლიცეუმის სახსრები და შემოსავლები განიკარ­გება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლია­ნად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრუ­ლებას. ლიცეუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. ლიცეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს თანხმობას საჭიროებს ლიცეუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ლიცეუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ლიცეუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცეუმის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებ­რივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონ­მდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. ლიცეუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წა­რუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავ­შირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

ლიცეუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა, და­წე­სებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 15. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ლიცეუმის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ბა­­თუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმი წარ­მოადგენს ქ. ბა­თუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის უფლებამონაცვლეს.