ქ. თბილისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2005 ძალადაკარგული 01.10.2007
ნომერი
№135
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 04/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.201

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №135

2005 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველ­ზე, ვბრძანებ:

1. ქ. თბილისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს ქ.თბილისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის თანდართული წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქ. თბილისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის

წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბი­­­ლისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლე­ბელი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათ­ლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” საქართვე­ლოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.

2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე.

3. სასწავლებელი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

4. სასწავლებელს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

5. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: ქ. თბი­ლისი, ქერჩის შეს. №5.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. სასწავლებლის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფე­სიული განათლების პირობების შექმნა პროფესიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის საფუძველზე, საჭირო სპეციალისტთა მომზადება რეგიონის ინფრა­სტრუქტურისა და სოფლის მეურნეობისათვის, ფერმე­რული და გლეხური მეურნეობის ორგანიზაციისა და მართვის შესახებ ცოდნის გავრცელება;

დ) ავტოსატრანსპორტო სფეროსთვის სპეციალისტთა მომზადება შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე შრომის ბაზრის მოთხოვნათა საფუძველზე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამე­ბით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშვეობით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის, უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება;

ვ) მეწარმეობის ინტეგრაცია პროფესიულ განათ­ლებასთან, ამ გზით მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვი­თარებისათვის ხელის შეწყობა;

ზ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათ­ლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

თ) წვლილის შეტანა საქართველოს ისტორიულ-კულ­ტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორ­ძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.

    მუხლი 3. სასწავლებლის უფლებამოსილებანი

1. სასწავლებელი სახელმწიფო კონტროლით და­მოუკი­დებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. სასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობის, სა­­ხელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტან­დარ­ტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. სასწავლებელს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სა­გან­მა­ნათ­ლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესე­ბულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერია­ლური სახსრები;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები,რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება სასწავლებლის მიზნების განხორ­ციელებას. (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასწავლებელს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დაადგინოს სასწავლებლის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. სასწავლებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. სასწავლებელი უფლებამოსილია გამოვიდეს სა­­სამარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სასწავლებელი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს

(პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავლე­ბის ვადით 10 თვემდე;

პროფესიული გადამზადე­ბისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავ­ლების ვადით 10 თვემდე).

2. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემ­თხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზო­გადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათლებლო საშუა­ლო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფესიუ­ლი მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლე­ბა) – მოწმობა.

3. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას, სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. სასწავლებელში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. სასწავლებელში სწავლების ენა ქართულია. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოების რეკომენდაციით სახელმწიფო უქმნის მათ მშობლიურ ენაზე სწავლების პირობებს ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად. ასეთ და­წესებულებაში ქართული ენის სწავლება სავალდებულოა.

3. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებ­ლო სტანდარტების საფუძველზე.

4. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

5. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით.

6. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით.

7. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

8. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარმოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში სასწავლებელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

9. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოს­წავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალის­წინებული განაკვეთის შესაბამისად.

10. სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

    მუხლი 6. სასწავლებლის მართვა

1. სასწავლებლის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიუ­ლი განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ” საქართველოს კანონე­ბის, დაწყე­ბითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწე­სებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სას­წავ­ლებელს მართავს დირექტორი, რომელიც ამას­თანავე არის ლიცეუმის წარმომადგენლობაზე უფლება­მოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათა­ვისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუ­შაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს სასწავლებლის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინე­ბული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას და საფინანსო სახსრებს;

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება სასწავლებლის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შე­ად­გენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედა­გოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასა­ხე­­ლების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.

6. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვა­ნელობს დირექტორი.

7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.

9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზ­ღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხან­გრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავლებელში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

11. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში.

12. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

13. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. სასწავლებელში, მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, სასწავ­ლებლის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმე­ბელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომად­გენელი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.

6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფე­სიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯან­მრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. სასწავლებელში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოს­წავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დი­რექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან:

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანობას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პროფე­სიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;

ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოს­­წავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს, საკონკურსო შერჩევის სა­ფუძ­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დი­რექტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპე­დაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. ლიცეუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.

8. სასწავლებლის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარ­სისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები.

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში.

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.

    მუხლი 11. სასწავლებლის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციე­ლებლად სასწავლებელს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.

2. სასწავლებელი მის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამო­სილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. სასწავლებლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:    

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რი­­ვი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პრო­ფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. სასწავლებლის სახსრები და შემოსავლები განიკარ­გება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სასწავლებლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სახელ­მწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციე­ლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სასწავლებელი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღ­რიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნის­ტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. სასწავლებელი ვალდებულია განათლებისა და მეც­ნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვ­ნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტა­ცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბი­­ლისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს ქ. თბილისის ავტოსატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.