საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.04.2005 ძალადაკარგული 17.04.2006
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.330.007216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 06/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.216

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №203

2005 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე და 27-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ და საქვეუწყებო ქვედანაყოფებთან მჭიდრო კავშირში, ხოლო საქართველოს სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მეშვეობით.

4. დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანებია:

 ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;

გ) ბიუჯეტის ხარჯების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი;

დ) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავების მიზნით შესაბამისი შეფასებების და წინადადებების მომზადება;

ე) ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დოკუმენტის პროექტის მომზადება;

ვ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება და მხარჯავ დაწესებულებებზე დაყვანა;

ზ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის ზღვრული მაჩვენებლების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრა;

თ) მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადების მიღება და მათი განხილვა;

ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

კ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ლ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

მ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;

ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტთან ერთად საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა. დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის ხარჯების მიხედვით განწერის ფორმირება;

ო) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება და დამტკიცებულ განწერაში ცვლილებების შეტანა;

პ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვისა და წლიური ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;

ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;

რ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ს) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;

ტ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა.

უ) სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივების შესახებ და გადასაცემი ტრანსფერების თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების მომზადება, შემუშავება;

ფ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დამტკიცება;

ქ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ერთიანი ფუნქციონალური, ეკონომიკური და ორგანიზაციული კლასიფიკაციის შემდგომი სრულყოფა და მისი საერთაშორისო საფინანსო სტატისტიკის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;

ღ) „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის განსაზღვრა;

ყ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დადგენა და მისი დაფარვის წესის შესახებ წინადადებების შემუშავება;

შ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის პროექტის შემუშავება;

ჩ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;

ც) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ძ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან მიღებულ წერილებზე, მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხების მომზადება, ზემდგომი ორგანოებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნების მომზადება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია და უფლებამოსილება

დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი სამინისტროებისგან, უწყებებისა და სხვა დაწესებულება-ორგანიზაციებისაგან, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობების ორგანოებიდან წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის შედგენის, ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საქვეუწყებო დაწესებულებებიდან მოითხოვოს და მიიღოს საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სათანადო ინფორმაციები, დასკვნები და წინადადებები;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით ცალკეული საკითხების განხილვისა და შემუშავების მიზნით მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები და მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია, შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებანი;

დ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოამზადოს კანონის პროექტი წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ე) საბიუჯეტო სისტემის ერთიანობის პრინციპებიდან გამომდინარე კოორდინაცია გაუწიოს საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობას და განახორციელოს მეთოდოლოგიური საქმიანობა საბიუჯეტო მოწყობის საკითხთა მოსაგვარებლად;

ვ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად შეადგინოს ხარჯების კვარტალური განწერა და წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად;

ზ) დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე-ბობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

2. საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი:

ა) განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსების უფლებამოსილებებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) შიდა დანაყოფების მიხედვით ანაწილებს მოვალეობებს მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მუშაობაზე;

ვ) საკუთარი მოვალეობის შესრულებისას წარმოადგენს დეპარტამენტს;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, მინისტრის და/ან კურატორ მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტი შედგება ოთხი სამმართველოსაგან:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო;

ბ) საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო;

გ) ტერიტორიული ბიუჯეტების სამმართველო;

დ) სახელმწიფო შიდა ვალის სამმართველო.

    მუხლი 6. სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

გ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;

დ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქარ-თველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;

ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ამ ასიგნებების კვარტალური გაწერის პროექტის მომზადება და მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;

ვ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე დანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;

ზ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება.

    მუხლი 7. საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

გ) ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დოკუმენტის პროექტის მომზადება;

დ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების საფუძველზე საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება, მეთოდურ მითითებებთან ერთად;

ე) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცვლილებების პაკეტის მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

ვ) ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ერთიანი ფუნქციონალური, ეკონომიკური და ორგანიზაციული კლასიფიკაციის შემდგომი სრულყოფა;

ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადების სამუშაოების კოორდინაცია.

    მუხლი 8. ტერიტორიული ბიუჯეტების სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, აღსრულებისა და ანგარიშების შედგენის წესისა და წარდგენის ვადების თაობაზე წინადადებების მომზადება;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;

ე) სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივების შესახებ და გადასაცემი ტრანსფერების თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების მომზადება;

ვ) წინადადებების შემუშავება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ყოველი თვის (ნაზარდი ჯამით) შემოსულობებისა და გადასახდელების ფორმირებისა და საპროგნოზო დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე;

ზ) საბიუჯეტო რეგულირების განხორციელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის სახელმწიფო შემოსულობების გადანაწილების გზით.

    მუხლი 9. სახელმწიფო შიდა ვალის სამმართველო

სამმართველოს ამოცანებია:

ა) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, შეისწავლოს წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობა და შეიმუშაოს წინადადებები მისი დაფარვის წესის შესახებ;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვროს და აღრიცხოს სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობა;

დ) მოამზადოს წინადადებები სახელმწიფო საშინაო ვალის რესტრუქტურიზაციის, დაფარვის წესისა და დაფარვის გრაფიკის შედგენის შესახებ;

ე) შეიმუშაოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების ყოველწლიური გეგმა;

ვ) აწარმოოს სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში.