საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2007 ძალადაკარგული 25.11.2009
ნომერი
№343
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.330.010200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 13/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.200

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №343

2007 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულება“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 16 აპრილს.

მინისტრის პირველი   

მოადგილე  კ. ბაინდურაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში შემვალი განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთნებულ საქმეთა წინასწარ გამოძიებას და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

4. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ასიგნებების ფარგლებში.

5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 2.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათში მონაწილე პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საფინასო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;

გ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარი გამოძიების წარმოება;

დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკომომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;

ე) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;

ვ) საბაჟო და საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;

ზ) საფინანსო-საბიჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო;

გ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

დ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;

ე) თბილისის მთავარი სამმართველო;

ვ) ქვემო ქართლის სამმართველო;

ზ) კახეთის სამმართველო;

თ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

ი) შიდა ქართლის სამმართველო;

კ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;

ლ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო;

მ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;

ნ) აჭარის სამმართველო.

2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს დეპარტამენტში საქმისწარმოება – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ბ) განახორციელოს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლი და დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მათი შესრულების შესახებ;

გ) განახორციელოს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავება და დააწესოს კონტროლი შემოსული კორესპონდენციების მოძრაობაზე;

დ) უზრუნველყოს არქივის წარმოება;

ე) უზრუნველყოს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგება და მათი არქივში გადასაცემად მომზადება;

ვ) აწარმოოს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომ-ზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა და შრომის წიგნაკების აღრიცხვა;

ზ) უზრუნველყოს შრომის დისციპლინის დაცვა;

თ) წარადგინოს ნაერთი ანგარიშები შემოსავლების სამსახურში;

ი) კანონმდებლობით დადაგენილი წესით განახორციელოს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება.

3. განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო არის დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანებია:

ა) შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოოს ქვეყნის მასშტაბით რთული, მრავალეპიზოდიანი, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება;

ბ) განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროში დანაშაულის გამოვლენა თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი;

გ) დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება;

დ) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებში ამ მიმართულებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.

4. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო არის დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო ორგანო, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სპეციალური საშუალებების და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.

5. ოპერატიული აღრიცხვის სამმართვლო არის დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანებია:

ა) ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა;

ბ) სამსახურის დანაყოფებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

გ) დეპარტამენტში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი.

6. დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების (თბილისის მთავარი სამმართველო, ქვემო ქართლის სამმართველო; კახეთის სამმართველო; მცხეთა-მთიანეთის სამმართველო; შიდა ქართლის სამმართველო; სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო; სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; აჭარის სამმართველო) ძირითადი ამოცანებია:

ა) სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა;

ბ) დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება;

გ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება;

ე) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;

ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება;

ზ) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.

7. დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებს სამოქმედო ტერიტორიებად განესაზღვროთ:

ა) თბილისის მთავარი სამმართველო – ქ. თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ბ) ქვემო ქართლის სამმართველო – ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

გ) კახეთის სამმართველო – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო – ქ. მცხეთის, დუშეთის, ახალგორის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ე) შიდა ქართლის სამმართველო – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო – ქ. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ზ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო – ქ. ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, აბაშის და სენაკის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგ-ლები;

ი) აჭარის სამმართველო – ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.

8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს ახორციელებს დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე – შესაბამისად დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო.

9. დეპარტამენტის მთავარი სამმართველოები დეპარტამენტის საშტატო განრიგის შესაბამისად შეიძლება დაიყოს რამდენიმე სამმართველოდ (არანაკლებ ორ სამმართველოდ), რომელთა ხელმძღვანელები სარგებლობენ ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებით.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;

ბ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო დანაყოფებს და გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

გ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

დ) ხელმძღვანელობს ოპარატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;

ვ) ახორცილებს დეპარტამენტის ოპერატიული ორგანოების თანამშრომელთა სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ზ) მონაწილეობს დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;

თ) შემოსავლების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა დგინდება საშტატო ნუსხით, ხოლო უფლებამოსილება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).

3. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების (მთავარი სამმართველო, სამმართველო, განყოფილება) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:

ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;

ბ) სწავლობენ და აანალიზებენ ხაზობრივად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) ადგენენ დანაყოფის სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ პოლიციის ხელმძღვანელობას წინადადებებს დანაყოფის მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;

დ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერებისა და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და პოლიციის ხელმძვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;

ე) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;

ვ) ორგანიზაციას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან შესრულებას:

ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებსა და რეკომენდაციებს დანაყოფის პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს;

ი) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებლებს, აკონტროლებენ მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

კ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;

მ) მონაწილეობენ დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ახორციელებენ დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფების (მთავარი სამმართველო, სამმართველო) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:

ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ადგენენ დანაყოფის სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ დანაყოფის მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წინადადებებს დანაყოფის მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;

გ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერების და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;

დ) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;

ე) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.